YouVersion Logo
Search Icon

Acts 27

27
1როდესაც გადაწყდა ჩვენი გადაცურვა იტალიაში, პავლე და ზოგიერთი სხვა პატიმარი გადასცეს სებასტიელთა რაზმის ასისთავს, სახელად იულიუსს. 2ავედით ადრამიტიუმის ხომალდზე, რომელსაც ასიის სანაპიროებთან უნდა გაევლო, და გავემგზავრეთ. ჩვენთან ერთად იყო არისტარქე მაკედონიელი თესალონიკედან. 3მეორე დღეს ჩავედით სიდონს. იულიუსმა კაცთმოყვარეობა გამოიჩინა პავლეს მიმართ და ნება დართო, წასულიყო თავის მეგობრებთან, რათა მათგან შემწეობა მიეღო. 4იქიდან გავემგზავრეთ და კვიპროსისკენ გავცურეთ პირქარის გამო. 5განვვლეთ ზღვა კილიკიისა და პამფილიის გასწვრივ და მივედით ლიკიის მირაში. 6იქ მონახა ასისთავმა ალექსანდრიის ხომალდი, რომელიც იტალიისაკენ მიცურავდა და იმ ხომალდზე გადაგვსხა. 7მრავალ დღეს ნელა მივცურავდით და ძლივს გავუსწორდით კნიდოსს და არახელსაყრელი ქარის გამო შევეფარეთ კრეტეს, სალმონეს მხრიდან. 8წვალებით რომ ჩავუარეთ მას, მივადექით ერთ ადგილს, რომელსაც კეთილი ნავსაყუდელი ეწოდება, რომლის ახლოს არის ქალაქი ლასია.
9რაკი კარგა ხანი გავიდა და ნაოსნობა სახიფათო ხდებოდა, ხოლო განწმენდის დღე#27:9 სიტყვასიტყვით: მარხვის დღე. ეს დღე იყო მოძრავი და ხვდებოდა სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში. უკვე გასული იყო, პავლემ ურჩია მათ 10და უთხრა: „ხალხნო, მე ვხედავ, რომ ეს ნაოსნობა საზიანო და დიდად საზარალო იქნება არა მარტო ტვირთისა და ხომალდისათვის, არამედ ჩვენი სიცოცხლისათვისაც.“ 11მაგრამ ასისთავი მესაჭესა და ხომალდის უფროსს უფრო ენდობოდა, ვიდრე პავლეს სიტყვებს. 12რადგან ნავსადგური გამოუსადეგარი იყო გამოსაზამთრებლად, უმრავლესობა რჩევას იძლეოდა გამგზავრებულიყვნენ იქიდან, რომ როგორმე ჩასულიყვნენ გამოსაზამთრებლად ში, კრეტეს ნავსადგურში, რომელიც სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთისკენაა მიქცეული.
13როდესაც ზომიერმა სამხრეთის ქარმა დაუბერა, იფიქრეს, რომ მიზანს მიაღწიეს (ხელსაყრელი დრო დაუდგათ), ამოსწიეს ღუზა და გაცურეს კრეტეს გასწვრივ. 14მაგრამ სულ მალე ამოვარდა ჩრდილო-აღმოსავლეთისად წოდებული ქარბორბალა 15და გაიტაცა ხომალდი, რომელიც ვეღარ გაუმკლავდა ქარს და ჩვენ, ტალღებს მინებებულნი, მივექანებოდით. 16ჩავუქროლეთ რომელიღაც პატარა კუნძულს, რომელსაც ერქვა კაუდა, და ძლივძლივობით მოვახერხეთ ნავის დაკავება. 17რომ ამოათრიეს, ხომალდს ბაგირები შემოარტყეს ირგვლივ. შეშინებულებმა, სირტისის ქვიშიან სანაპიროზე არ აღმოვჩნდეთო, აფრა დაუშვეს და ასე გაქროლდნენ. 18რაკი ქარიშხალი კვლავ ბობოქრობდა, მეორე დღეს დაიწყეს ტვირთის გადაყრა. 19მესამე დღეს კი საკუთარი ხელით გადაყარეს ხომალდიდან აღჭურვილობა. 20მრავალი დღის განმავლობაში არც მზე ჩანდა, არც ვარსკვლავები და ქარიშხალი ოდნავადაც არ დამცხრალა. ბოლოს, გადარჩენის ყოველგვარი იმედი გადაგვეწურა.
21დიდი ხნის უჭმელობის შემდეგ პავლე დადგა მათ შორის და თქვა: „ხალხნო, ჩემთვის რომ დაგეჯერებინათ და კრეტედან არ წამოვსულიყავით, ავიცდენდით ამ ზიანსა და ზარალს. 22ახლა კი მოგიწოდებთ, გამხნევდეთ. არც ერთი სული არ დაიღუპება თქვენგან, მხოლოდ – ხომალდი, 23რადგან წუხელ გამომეცხადა ანგელოზი ღმერთისა, რომელსაც მე ვეკუთვნი და ვემსახურები, 24და მითხრა: ‘ნუ გეშინია, პავლე! შენ კეისრის წინაშე უნდა წარსდგე და აჰა, ღმერთმა მოგმადლა ყველა, ვინც შენთან ერთად მოცურავს ხომალდით.’ 25ამიტომ გამხნევდით, ხალხნო, რადგან მე მწამს ღმერთისა, რომ ისე მოხდება, როგორც მეუწყა. 26რომელიმე კუნძულზე უნდა გავირიყოთ.“
27მეთოთხმეტე ღამე რომ დადგა, რაც ადრიატიკის ზღვაში დავცურავდით, შუაღამისას მეზღვაურები მიხვდნენ, რომ ხმელეთს უახლოვდებოდნენ. 28გაზომეს სიღრმე და აღმოჩნდა 20 მხარი. მცირედ გაცურეს და კიდევ გაზომეს, და 15 მხარი აღმოჩნდა. 29შეეშინდათ, კლდოვან ადგილებზე არ გავრიყულიყავით, კიჩოებიდან ოთხი ღუზა ჩაუშვეს და გათენებას დაელოდნენ. 30ხოლო როდესაც მეზღვაურებმა ხომალდიდან გაქცევა დააპირეს და ნავი ზღვაში ჩაუშვეს იმ საბაბით, თითქოს ხომალდის ცხვირიდან ღუზების ჩაშვება უნდოდათ, 31უთხრა პავლემ ასისთავსა და ჯარისკაცებს: „თუ ისინი ხომალდზე არ დარჩებიან, თქვენ ვერ გადარჩებით.“ 32მაშინ ჯარისკაცებმა გადაჭრეს ნავის ბაგირები და ნავი ზღვას წააღებინეს.
33სანამ გათენდებოდა, პავლე მოუწოდებდა ყველას, საკვები მიეღოთ. უთხრა: „დღეს მეთოთხმეტე დღეა, რაც უჭმელი ხართ და არაფერი მიგიღიათ. 34ამიტომ მოგიწოდებთ, მიიღოთ საკვები. ეს თქვენს გადასარჩენად არის საჭირო, რადგან არც ერთი თქვენგანის თავიდან ერთი ღერი თმაც არ ჩამოვარდება.“ 35ეს თქვა და აიღო პური, ყველას წინაშე მადლი შესწირა ღმერთს, გატეხა და დაიწყო ჭამა. 36ყველანი გამხნევდნენ და მათაც მიიღეს საკვები. 37ხომალდზე სულ 276 სული ვიყავით. 38რომ დაპურდნენ, ხორბალი ზღვაში გადაყარეს, ხომალდის შესამსუბუქებლად.
39როდესაც გათენდა, ხმელეთი ვერ იცნეს, მხოლოდ ერთი ფერდობიანი ყურე შენიშნეს. გადაწყვიტეს, თუკი შეძლებდნენ, ხომალდი იქ მიეყენებინათ. 40მოხსნეს ღუზები და ჩაუშვეს ზღვაში. იმავე დროს, მოუშვეს საჭის თოკები. აღმართეს მცირე აფრა ქარის საწინააღმდეგოდ და ნაპირისაკენ აიღეს გეზი. 41მიადგნენ მეჩეჩს და მასზე შეაჩერეს ხომალდი. ცხვირი უძრავად ჩაერჭო, კიჩო კი ძლიერი ტალღებისაგან ილეწებოდა. 42ჯარისკაცებმა გადაწყვიტეს, დაეხოცათ პატიმრები, რომ რომელიმეს არ გაეცურა და არ გაქცეულიყო. 43მაგრამ ასისთავს პავლეს გადარჩენა უნდოდა და ამიტომ არ დართო ამის ნება. ბრძანა, ვინც ცურვა იცოდა, პირველნი გადაშვებულიყვნენ და გასულიყვნენ ხმელეთზე, 44დანარჩენებიც – ზოგი ფიცრით და ზოგი ხომალდის ნამსხვრევებით. და ამგვარად ყველამ თავს უშველა ხმელეთზე.

Currently Selected:

Acts 27: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in