Acts 26
26
1აგრიპამ უთხრა პავლეს: „ნება გეძლევა ილაპარაკო საკუთარ თავზე.“ მაშინ პავლემ ხელი გაიწოდა, დაიწყო თავის დაცვა და თქვა:
2„ბედნიერად ვთვლი ჩემს თავს, მეფე აგრიპა, რომ დღეს შემიძლია შენს წინაშე ვიმართლო თავი ყველაფერში, რაშიც მე ბრალდებული ვარ ებრაელთა მიერ. 3მეტადრე კი იმიტომ, რომ შენ ებრაელთა ყველა ჩვეულებისა და სადავო საკითხების მცოდნე ხარ. ამიტომ გთხოვ, სულგრძელად მომისმინო.
4ყველა ებრაელმა იცის ჩემი ცხოვრება სიჭაბუკიდან, რომელიც იმთავითვე ჩემს ერში გავატარე, იერუსალიმში. 5ისინი კარგა ხანია მიცნობენ, თუკი დამოწმება სურთ, რომ მე, როგორც ფარისეველი, ჩვენი სარწმუნოების უზუსტესი მოძღვრების მიხედვით ვცხოვრობდი. #საქ 23:6; ფლპ 3:5. 6და ახლა ვდგავარ განსასჯელად აღთქმის იმედის გამო, რომელიც ღმერთისგან მიეცა ჩვენს მამებს, 7რომლის მიღწევაც ეიმედება ჩვენს თორმეტ ტომს, დღედაღამ თავგამოდებით რომ ემსახურება ღმერთს. სწორედ ამ იმედისათვის მდებენ ბრალს ებრაელები, მეფევ! 8რატომ უნდა ითვლებოდეს დაუჯერებელად თქვენ შორის, რომ ღმერთი მკვდრებს აღადგენს? 9თავად მეც ვფიქრობდი, რომ ყველა ღონე უნდა მეხმარა იესო ნაზარეველის სახელის წინააღმდეგ, #საქ 8:3; 22:4,5. 10და ასეც ვაკეთებდი იერუსალიმში: ბევრი წმიდა ჩავყარე საპყრობილეებში მღვდელმთავართა ხელმწიფებით აღჭურვილმა, და მათ დახოცვაზე თანხმობას ვიძლეოდი; 11ყველა სინაგოგაში მრავალგზის ვსჯიდი მათ და ვაიძულებდი, დაეგმოთ რწმენა და მათ მიმართ მეტისმეტად გამძვინვარებული, უცხო ქალაქებშიც კი ვდევნიდი.
12ამისთვის მივეშურებოდი დამასკოში მღვდელმთავართა ხელმწიფებითა და დავალებით. 13შუადღისას გზაზე ვიხილე, მეფევ, ნათელი ციდან, მზის უბრწყინვალესი ნათელი, რომელმაც მოგვიცვა მე და ჩემი თანამგზავრები. 14ყველანი მიწაზე დავემხეთ და მომესმა ხმა, რომელიც ებრაულ ენაზე მეუბნებოდა: ‘სავლე, სავლე, რად მდევნი მე? გაგიძნელდება წვეტიანი კეტის დაწიხვლა.’ 15მე ვთქვი: ‘ვინ ხარ შენ, უფალო?’ უფალმა თქვა: ‘მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი. 16მაგრამ წამოდექი და დადექ ფეხზე, რადგან იმისათვის გამოგეცხადე, რომ დაგადგინო მსახურად და იმის მოწმედ, რაც იხილე და რასაც გამოგიცხადებ, 17რათა ამოგარჩიო ამ ხალხისგან და წარმართთაგან, რომლებთანაც მიგავლენ 18მათი თვალების ასახელად და მოსაქცევად ბნელიდან ნათლისაკენ და სატანის ხელმწიფებიდან ღმერთისაკენ, რათა ჩემდამი რწმენით მიიღონ ცოდვების მიტევება და წილი განწმედილებთან ერთად.’
19ამიტომ, მეფე აგრიპა, არ ვეურჩე ციურ ჩვენებას, 20არამედ პირველად დამასკოს მკვიდრთ და მერე იერუსალიმელებს და მთელ იუდას ქვეყანას და აგრეთვე წარმართებს ვუქადაგებდი, რათა მოენანიებინათ და ღმერთისაკენ მოქცეულიყვნენ და სინანულის ღირსი საქმეები გაეკეთებინათ. #საქ 9:20,28,29. 21ამისათვის შემიპყრეს ებრაელებმა ტაძარში და მოკვლა დამიპირეს. 22მაგრამ, ღმერთის შეწევნით, მე დღემდე ვდგავარ და ვუმოწმებ მცირესა და დიდს, რომ არაფერი მითქვამს იმაზე მეტი, რასაც წინასწარმეტყველნი და მოსე ამბობდნენ, თუ რა მოხდება: 23რომ ქრისტე ევნება და მკვდართაგან პირველი აღდგება, რათა ნათელი აუწყოს ამ ხალხსა და წარმართებს.“ #1კო 15:20; ესა 42:6; 49:6.
24ასე რომ იცავდა თავს, ფესტოსმა ხმამაღლა თქვა: „შეშლილხარ, პავლე! დიდმა განსწავლულობამ შეგშალა შენ!“ 25პავლემ კი უპასუხა: „მე არა ვარ შეშლილი, უაღმატებულესო ფესტოს, არამედ ჭეშმარიტ და კეთილგონიერ სიტყვებს წარმოვთქვამ, 26რადგან ეს ამბავი იცის მეფემ, რომლის წინაშეც თამამად ვლაპარაკობ. მე არ მჯერა, რომ მისთვის აქედან რაიმე იყოს დაფარული, რადგან ეს ხომ სადღაც გადაკარგულში არ მომხდარა. 27წინასწარმეტყველთა თუ გწამს, მეფე აგრიპა? ვიცი, რომ გწამს.“ 28აგრიპამ უთხრა პავლეს: „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ.“ 29პავლემ კი უთხრა: „ღმერთს ვევედრები, რომ ადრე თუ გვიან, არა მარტო შენ, არამედ ყველა, ვინც დღეს მე მისმენს, ისეთი გახდეს, როგორიც მე ვარ, გარდა ამ ბორკილებისა.“
30ეს რომ თქვა, მეფე და განმგებელი, ბერნიკე და მათთან მსხდომნი წამოდგნენ, 31განზე გავიდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რომ ეს კაცი არაფერს აკეთებს ისეთს, სიკვდილს ან ბორკილებს რომ იმსახურებდესო. 32ხოლო აგრიპამ ფესტოსს უთხრა: „შეიძლებოდა ამ კაცის გათავისუფლება, კეისრისთვის რომ არ მიემართა.“
Currently Selected:
Acts 26: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013