YouVersion Logo
Search Icon

Acts 18

18
1ამის შემდეგ პავლემ დატოვა ათენი და წავიდა კორინთოში, 2და ნახა ერთი ებრაელი, სახელად აკვილა, წარმოშობით პონტოელი, და პრისკა, მისი ცოლი, იტალიიდან ახალდაბრუნებულნი, რადგან კლავდიუსმა ბრძანა ყველა ებრაელი რომიდან გაეძევებინათ, და მივიდა მათთან. 3და რაკი ერთი ხელობისანი იყვნენ, დარჩა პავლე მათთან და შრომობდა, რადგან მათი ხელობაც მეკარვეობა იყო. 4ყოველ შაბათს საუბრობდა სინაგოგაში და არწმუნებდა ებრაელებსა და ბერძნებს.
5ხოლო როდესაც სილა და ტიმოთე მაკედონიიდან მოვიდნენ, მთლიანად მიეცა პავლე ქადაგებას, რათა დაემოწმებინა ებრაელთათვის, რომ იესო არის ქრისტე. 6როდესაც შეეწინააღმდეგნენ და გმობა დაუწყეს, მოსასხამი დაიბერტყა და უთხრა მათ: „თქვენს თავზე იყოს თქვენი სისხლი! მე უბრალო ვარ. ამიერიდან წარმართებთან მივდივარ.“ 7დატოვა იქაურობა და შევიდა ერთი ღვთისმოსავის, სახელად ტიტუს იუსტოსის სახლში სინაგოგის გვერდით. 8კრისპოსმა კი, სინაგოგის მთავარმა, მთელ თავის სახლთან ერთად ირწმუნა უფალი. და კორინთელთაგან მრავალმა, როდესაც მოისმინეს, ირწმუნეს და მოინათლნენ. 9უთხრა უფალმა ღამით ჩვენებაში პავლეს: „ნუ შეგეშინდება, არამედ ილაპარაკე, და ნუ დადუმდები, 10რადგან მე ვარ შენთან და ვერავინ შეძლებს, რომ გავნოს რაიმე, რადგან ბევრი ხალხი მყავს ამ ქალაქში.“ 11და დარჩა იქ ერთ წელიწადსა და ექვს თვეს და ასწავლიდა მათ შორის ღმერთის სიტყვას.
12ხოლო როდესაც აქაიის პროკონსული გალიონი იყო, ებრაელები ერთსულოვნად დაესხნენ თავს პავლეს და მიიყვანეს სამსჯავროში 13და თქვეს: „ეს კაცი არწმუნებს ხალხს, რომ რჯულის საწინააღმდეგოდ სცენ თაყვანი ღმერთს.“ 14როდესაც პავლემ პირის გაღება დააპირა, გალიონმა უთხრა ებრაელებს: „სიტყვა რომ თქმულიყო რაიმე დანაშაულზე ან ბოროტმოქმედებაზე, მართლაც უნდა მომესმინა თქვენთვის, ებრაელებო, 15მაგრამ როდესაც სარჩელი ეხება თქვენს მოძღვრებას, სახელებსა და რჯულს, თქვენ თვითონ მიხედეთ, მე არ მსურს, ვიყო ამის მსაჯული.“ 16და გაყარა ისინი სამსჯავროდან. 17მაშინ შეიპყრეს სინაგოგის მთავარი სოსთენე და სცემეს სამსჯავროს წინ. მაგრამ გალიონს ეს ამბები არ ადარდებდა.
18პავლემ, კარგა ხანი რომ დაჰყო კორინთოში, გამოეთხოვა ძმებს და გასცურა სირიისაკენ პრისკასთან და აკვილასთან ერთად. კენქრეაში მან თავი გაიპარსა, რადგან აღთქმა ჰქონდა მიცემული. #რცხ 6:18. 19ეფესოს რომ მიაღწია, ისინი იქ დატოვა, თვითონ სინაგოგაში შევიდა და ელაპარაკა ებრაელებს. 20ხოლო როდესაც მათ სთხოვეს, მეტ ხანს დარჩენილიყო, არ დათანხმდა, 21არამედ გამოეთხოვა მათ და თქვა: „თქვენთან ისევ დავბრუნდები, თუ ღმერთმა ინება.“ და გასცურა ეფესოდან.
22და ჩავიდა კესარიაში, ავიდა ნაპირზე, მოიკითხა ეკლესია და მერე ანტიოქიაში ჩავიდა. 23და ერთხანს დარჩა იქ და წავიდა, რიგრიგობით მოიარა გალატელთა ქვეყანა და ფრიგია, და განამტკიცებდა მოწაფეებს.
24ერთი ებრაელი, სახელად აპოლოსი, წარმოშობით ალექსანდრიელი, ენამჭევრი კაცი, მივიდა ეფესოს. ის ძლიერი იყო წერილებში 25და განსწავლული იყო უფლის გზებში, მხურვალე სულით ლაპარაკობდა და ზუსტად ასწავლიდა იესოს შესახებ, ოღონდ მხოლოდ იოანეს ნათლისცემა იცოდა. 26მან გაცხადებულად დაიწყო ლაპარაკი სინაგოგაში. მოუსმინეს აკვილამ და პრისკამ, თან წაიყვანეს და უფრო ზუსტად განუმარტეს უფლის გზა. 27ხოლო როდესაც განიზრახა აქაიაში წასვლა, ძმებმა გაამხნევეს იგი და მისწერეს მოწაფეებს, ემასპინძლათ მისთვის. ისიც მივიდა და დიდად ეხმარებოდა მორწმუნეებს – მადლის მეშვეობით, 28რადგან იგი თავგამოდებით ამხილებდა ებრაელებს და საჯაროდ ადასტურებდა წერილებიდან, რომ ქრისტე არის იესო.

Currently Selected:

Acts 18: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in