Acts 19
19
1კორინთოში აპოლოსის ყოფნისას პავლემ მოიარა მთიანი მხარეები, ჩავიდა ეფესოში და ნახა ზოგიერთი მოწაფეთაგანი. 2ჰკითხა მათ: „მიიღეთ სულიწმიდა, როდესაც ირწმუნეთ?“ მათ უპასუხეს: „არც კი გაგვიგონია, თუ არსებობს სულიწმიდა.“ 3უთხრა: „აბა, რითი მოინათლეთ?“ მათ თქვეს: „იოანეს ნათლისცემით.“ 4თქვა პავლემ: „იოანე ნათლავდა სინანულის ნათლისცემით და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდგომ მომავალი, ანუ იესო ქრისტე.“#მთ 3:11; მრკ 1:4,7,8; ლკ 3:4,16; იო 1:26,27. 5ეს რომ მოისმინეს, მოინათლნენ უფალი იესოს სახელით. 6როდესაც პავლემ დაადო მათ ხელები, გადმოვიდა მათზე სულიწმიდა და იწყეს ენებით ლაპარაკი, და აწინასწარმეტყველდნენ. 7სულ თორმეტიოდე კაცი იყო.
8პავლე შედიოდა სინაგოგაში და სამ თვეს გაცხადებულად საუბრობდა და დარწმუნებით მსჯელობდა ღმერთის სასუფევლის შესახებ. 9ხოლო, რაკი ზოგიერთები გაჯიუტდნენ და არ ირწმუნეს, და გმობდნენ უფლის გზას ხალხის წინაშე, განუდგა მათ, გამოაცალკევა მოწაფეები და ყოველდღე ასწავლიდა და მსჯელობდა ვინმე ტირანუსის სკოლაში. 10ამან გასტანა ორ წელიწადს, ისე რომ ასიის ყველა მცხოვრები ისმენდა უფლის სიტყვას – როგორც ებრაელები, ისე ბერძნები.
11ხოლო ღმერთი უჩვეულო სასწაულებს ახდენდა პავლეს ხელით. 12ისე რომ, ავადმყოფებს მისი სხეულიდან აღებულ ხელსახოცებსა თუ წელსაკრავებს ადებდნენ და სტოვებდა მათ სნეულებები, და ბოროტი სულები გამოდიოდნენ მათგან. 13შეეცადა ზოგიერთი ებრაელი მოხეტიალე შემლოცველი უფალი იესოს სახელის ხსენებას ბოროტი სულით შეპყრობილზე, ამბობდნენ: „გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო.“ 14ამას აკეთებდა ერთი ებრაელი მღვდელმთავრის, სკევას, შვიდი ვაჟი. 15მიუგო ბოროტმა სულმა და უთხრა მათ: „იესოსაც ვიცნობ და პავლეც ვიცი. თქვენ ვიღა ხართ?“ 16და დაეძგერა მათ ის კაცი, რომელშიც ავი სული იყო, სძლია და ისე სცემა, რომ შიშვლები და დასახიჩრებულები გამოცვივდნენ იმ სახლიდან. 17ეს ცნობილი გახდა ყველა ებრაელისა და ბერძენისათვის, რომლებიც ეფესოში ცხოვრობდნენ. თავზარი დაეცა ყველას და განდიდდა უფალი იესოს სახელი. 18ბევრი, ვინც ირწმუნა, მოდიოდა და აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს. 19ბევრმა მათგანმა, ვინც ჯადოქრობას ეწეოდა, მოაგროვა წიგნები და დაწვა ყველას თვალწინ. აღრიცხეს მათი ფასი და 50 ათასი ვერცხლისა აღმოჩნდა. 20ასე იზრდებოდა და მტკიცდებოდა სიტყვა უფლის ძალით.
21როდესაც ეს ყველაფერი აღსრულდა, პავლემ სულით გადაწყვიტა მაკედონიისა და აქაიის გავლით იერუსალიმში წასვლა და თქვა: „იქ ყოფნის შემდეგ რომის მონახულება მმართებს.“ 22გაგზავნა მაკედონიაში ორი თავისი დამხმარე: ტიმოთე და ერასტოსი, თვითონ კი ერთხანს ასიაში დარჩა.
23იმ ხანებში დიდი არეულობა მოხდა უფლის გზის გამო. 24იყო ერთი ვერცხლის მჭედელი, სახელად დემეტრე, რომელიც არტემისის ვერცხლის ტაძრებს აკეთებდა და არამცირედ საქმეს აძლევდა ხელოსნებს. 25შეკრიბა ისინი და მათი ხელობის ხალხი და უთხრა: „ხალხნო, თქვენ იცით, რომ ამ ხელობას ემყარება ჩვენი კეთილდღეობა. 26ხომ ხედავთ და გესმით, რომ არა მარტო ეფესოში, არამედ თითქმის მთელ ასიაში ამ პავლემ ამდენი ხალხი დაარწმუნა და შეაცდინა. ასე ამბობს: ადამიანთა ხელით შექმნილნი არ არიანო ღმერთები. 27ეს კი იმას გვიქადის, რომ არა მარტო ჩვენი საქმიანობა გახდება სამარცხვინო, არამედ დიდი ქალღმერთის, არტემისის, ტაძარიც არაფრად ჩაითვლება და დაემხობა მისი სიდიადე, რომელსაც თაყვანსა სცემს მთელი ასია და მსოფლიო.“
28ეს რომ მოისმინეს, რისხვით აღივსნენ და მორთეს ყვირილი: „დიდია ეფესელთა არტემისი!“ 29მთელი ქალაქი მღელვარებამ მოიცვა. ერთიანად მიაწყდნენ თეატრონს, შეიპყრეს გაიოსი და არისტარქე მაკედონიელნი – პავლეს თანამგზავრები. 30პავლეს სურდა ხალხში გასულიყო, მაგრამ მოწაფეებმა არ გაუშვეს. 31ასევე ასიის ზოგიერთმა მთავარმა, რომლებიც მისი მეგობრები იყვნენ, კაცი გაუგზავნეს და სთხოვეს, არ გამოჩენილიყო თეატრონში. 32ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი – სხვას, რადგან კრებული აშფოთებული იყო და უმრავლესობამ არ იცოდა, რისთვის შეიყარნენ. 33და როდესაც ებრაელებმა წინ წამოსწიეს ალექსანდრე, ზოგიერთი ხალხიდან არიგებდა მას, რა ეთქვა. ალექსანდრემ ხელით ანიშნა, რომ უნდოდა თავი ემართლებინა ხალხის წინაშე. 34მაგრამ როდესაც შეიტყვეს, რომ ისიც ებრაელი იყო, ყველას ერთი ხმა აღმოხდა და თითქმის ორ საათს გაჰყვიროდნენ: „დიდია ეფესელთა არტემისი!“ 35ბოლოს ქალაქის მწერალმა დააწყნარა ხალხი და თქვა: „ეფესელნო კაცნო, ვინ არ იცის, რომ ეფესელთა ქალაქი დიდი არტემისისა და ცითმოვლენილი ქანდაკის მცველია? 36და რაკი ეს უცილობელია, თქვენ მშვიდად უნდა იყოთ და წინდაუხედავად არ მოიქცეთ. 37მოგიყვანიათ ეს კაცები, რომლებიც არც ტაძრის მძარცველები არიან და არც ჩვენი ქალღმერთის მგმობელები. 38თუ დემეტრეს და მასთან ერთად სხვა ხელოსნებს აქვთ ვინმეზე საჩივარი, აგერ, იმართება სამსჯავროს შეკრებები და არიან პროკონსულები, და უჩივლონ ერთმანეთს. 39ხოლო თუ სხვა რამეს ეძებთ, ესეც კანონიერ საკრებულოში გადაწყდება. 40საფრთხე გვემუქრება, რომ დღევანდელი შფოთისთვის ბრალს დაგვდებენ, რაკი არ არსებობს მიზეზი, ამ არეულობის გამართლება რომ შეგვეძლოს.“ ეს თქვა და კრებული დაითხოვა.
Currently Selected:
Acts 19: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013