YouVersion Logo
Search Icon

Acts 17

17
1გაიარეს ამფიპოლისი და აპოლონია და მივიდნენ თესალონიკეში, სადაც ებრაელთა სინაგოგა იყო. 2ჩვეულებისამებრ, პავლე შევიდა მათთან და სამი შაბათი ელაპარაკებოდა მათ წერილებიდან. 3უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ ქრისტე უნდა დატანჯულიყო და მკვდრეთით აღმდგარიყო, და რომ „ეს ქრისტე არის იესო, რომელსაც მე გახარებთ თქვენ.“ 4ზოგიერთმა მათგანმა ირწმუნა და შეუერთდა პავლესა და სილას, როგორც მრავალმა ღვთის მოშიშმა ბერძენმა, ასევე ბევრმა დიდგვაროვანმა ქალმა. 5გამწარდნენ ებრაელები და შურით აღივსნენ, ვიღაც უკეთური კაცები მოიყვანეს ბაზრის მოედნიდან, შეყარეს ბრბო და აღაშფოთეს ქალაქი. მიადგნენ იასონის სახლს და ცდილობდნენ მათ გამოყვანას ხალხის წინაშე. 6ისინი რომ ვერ იპოვეს, იასონი და ზოგიერთი ძმა წაათრიეს ქალაქის მთავრებთან და ყვიროდნენ: „ქვეყნის ამრევებმა აქაც მოაღწიეს! 7იასონმა შეიფარა ისინი. ესენი კეისრის ბრძანებებს ეურჩებიან და სხვას აცხადებენ მეფედ – იესოს.“ 8ასე აღაშფოთეს ხალხი და ქალაქის მთავრები, რომელთაც ესმოდათ ეს. 9მიიღეს სათავდებო იასონისგან და სხვათაგან და გაუშვეს ისინი.
10ძმებმა იმ ღამითვე დაუყოვნებლივ გაისტუმრეს პავლე და სილა ბერიაში, სადაც ისინი ჩასვლისთანავე შევიდნენ ებრაელთა სინაგოგაში. 11ესენი უფრო კეთილშობილები იყვნენ თესალონიკელებზე. მათ მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე არჩევდნენ წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო. 12ბევრმა მათგანმა ირწმუნა, მათ შორის არამცირედმა წარჩინებულმა ბერძენმა ქალმა და კაცმა. 13როდესაც შეიტყვეს თესალონიკელმა ებრაელებმა, რომ ბერიაშიც იქადაგებოდა პავლეს მიერ ღმერთის სიტყვა, იქაც მივიდნენ, ააღელვეს და აღაშფოთეს ხალხი. 14მაშინ ძმებმა მყისვე გაგზავნეს პავლე, რათა ზღვამდე მისულიყო, სილა და ტიმოთე კი იქვე დარჩნენ. 15გამცილებლებმა პავლე ათენამდე მიიყვანეს და, როდესაც დავალება მიიღეს სილას და ტიმოთეს მიმართ, რომ რაც შეიძლება მალე შეერთებოდნენ მას, გაბრუნდნენ.
16ვიდრე პავლე მათ ათენში ელოდა, მისი სული აღაშფოთა კერპებით სავსე ქალაქის ხილვამ. 17ესაუბრებოდა სინაგოგებში ებრაელებს და მორწმუნეებს და იმათ, ვინც ყოველდღე მოედანზე იმყოფებოდნენ. 18ზოგიერთი ეპიკურელი და სტოელი ფილოსოფოსი შეეკამათა მას. ერთნი ამბობდნენ: „რისი თქმა სურს ამ მოლაყბეს?“ სხვანი: „ეტყობა, უცხო ღმერთებზე ქადაგებს“ – რაკი იესოს და აღდგომას ახარებდა მათ. 19ხელი მოჰკიდეს, არეოპაგში მიიყვანეს და უთხრეს: „შეგვიძლია გავიგოთ, რა არის ეს ახალი მოძღვრება, შენ რომ ქადაგებ? 20რადგან რაღაც უცნაურს ასმენ ჩვენს ყურებს. ამიტომ გვინდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს?“ 21ყველა ათენელს და იქ ჩამოსულ უცხოელს დროის გატარება ყველაზე მეტად ერჩივნათ რაიმე ახლის შესახებ საუბარაში ან მოსმენაში.
22დადგა პავლე არეოპაგის შუაში და თქვა: „ათენელნო კაცნო, გატყობთ, რომ ძალზე ღვთისმოშიშნი ხართ ყოველმხრივ, 23რადგან, როდესაც გავიარე და დავათვალიერე თქვენი სათაყვანო ადგილები, ვნახე სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: ‘უცნობ ღმერთს.’ მეც მას გიქადაგებთ, რომელსაც არ იცნობთ და ეთაყვანებით. 24ღმერთი, შემოქმედი სამყაროსი და ყოველივესი, რაც მასშია, ვინც არის უფალი ცისა და მიწისა, ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს, #3მფ 8:27; ესა 42:5; საქ 7:48. 25არც ადამიანთა ხელიდან სამსახურს საჭიროებს, ის თავად ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. 26ერთიდან შექმნა ადამიანთა მთელი მოდგმა, რათა მთელი დედამიწის ზურგზე დამკვიდრებულიყო. წინასწარ დააწესა მათ დასამკვიდრებლად დრონი და საზღვრები, 27რათა ეძიონ ღმერთი, ვინძლო შეიგრძნონ იგი და იპოვონ, და შორს როდია თითოეული ჩვენგანისაგან. 28რადგან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ, როგორც ზოგიერთი თქვენი პოეტი ამბობდა: რადგან ჩვენ მისი მოდგმა ვართო. 29და რაკი ღმერთის მოდგმა ვართ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ჰგავს ოქროს ან ვერცხლს, ანდა ქვას, ანდა ხატს, ადამიანის ხელოვნებით და წარმოსახვით შექმნილს. 30მაგრამ ღმერთმა დაუშვა უმეცრების ხანა და ახლა აუწყებს ადამიანებს, ყველას ყველგან, რომ მოინანიონ. 31რადგან მან დაადგინა დღე, როდესაც სიმართლით განიკითხავს ქვეყნიერებას წინასწარ განწესებული კაცის მეშვეობით. და ყველას მისცა მოწმობა, როდესაც იგი მკვდრეთით აღადგინა.“
32მკვდართა აღდგომაზე რომ მოისმინეს, ერთნი დასცინოდნენ, სხვები კი ამბობდნენ: „ამის თაობაზე კვლავაც მოგისმენთ.“ 33ასე გამოვიდა პავლე მათგან. 34ზოგიერთნი მიემხრნენ მას და ირწმუნეს – მათ შორის დიონისე არეოპაგელმა და ქალმა, სახელად დამარისმა, და მათთან ერთად სხვებმაც.

Currently Selected:

Acts 17: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in