2 Corinthians 7
7
1როცა ასეთი აღთქმანი გვაქვს, ჩემო საყვარელნო, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი ბიწისაგან და ღმერთის მოშიშებით სრულვყოთ ჩვენი სიწმიდე.
2გვიბოძეთ ადგილი თქვენში! არავის მოვქცევივართ უსამართლოდ, არავისთვის გვივნია, არავისგან გვიძებნია გამორჩენა. 3მსჯავრის დასადებად არ ვამბობ. რადგან წინასწარვე ვთქვი, რომ ჩვენს გულებში ხართ, რათა თქვენთან ერთად მოვკვდეთ და თქვენთან ერთად ვიცოცხლოთ. 4დიდია ჩემი ნდობა თქვენდამი, ბევრს ვიქადი თქვენით. აღვსილი ვარ ნუგეშით, დიდია ჩემი სიხარული, მიუხედავად მთელი ჩვენი გასაჭირისა.
5როცა მაკედონიაში მივედით, ჩვენს სხეულს არ ჰქონდა მოსვენება, არამედ შევიწროებულნი ვიყავით ყველაფერში: გარეთ – ბრძოლები, შიგნით – შიში. #2კო 2:13. 6მაგრამ ღმერთმა, რომელიც მორჩილთა ნუგეშისმცემელია, ნუგეში გვცა ტიტეს მოსვლით. 7არა მარტო მისი მოსვლით, არამედ აგრეთვე ნუგეშით, რომელიც ჰპოვა თქვენთან. მან გვიამბო თქვენს მონდომებაზე, თქვენს ტირილზე, თქვენს თავგამოდებაზე ჩემს მიმართ და ამრიგად, უფრო მეტად გავიხარე. 8ამიტომ, თუ კიდეც დაგამწუხრეთ წერილით, არ ვნანობ, თუმცა კიდეც ვინანე, რადგან ვხედავდი, რომ ამ წერილმა დაგამწუხრათ, თუნდაც დროებით. 9ახლა კი ვხარობ არა იმიტომ, რომ დამწუხრდით, არამედ იმიტომ, რომ დამწუხრდით სინანულისათვის, რადგან დამწუხრდით ღმერთისათვის. ასე რომ, არაფერი დაგზიანებიათ ჩვენგან. 10რადგან წუხილი ღმერთისათვის წარმოშობს სინანულს ხსნისათვის და არ გახდება სანანებელი, ხოლო ამა ქვეყნის წუხილი სიკვდილს წარმოშობს. 11რადგან აჰა, ღმერთისათვის რომ შეწუხდით, რამდენი რამ წარმოიშვა თქვენში: როგორი მონდომება, როგორი სინანული, როგორი გულისწყრომა, როგორი შიში, როგორი სურვილი სიმართლის დამყარებისა, როგორი მოშურნეობა, როგორი საზღაური და ყველაფერში აჩვენეთ, რომ სუფთანი ხართ ამ საქმეში. 12ამიტომ, თუ კიდეც მოგწერეთ თქვენ, არც აუგის ჩამდენისათვის და არც აუგის განმცდელისათვის, არამედ, რათა გამოჩნდეს თქვენი გულმოდგინება ჩვენდამი ღმერთის წინაშე. 13ამიტომ ვართ ნუგეშცემულნი. ხოლო ამ ჩვენ ნუგეშზე უფრო მეტად გავიხარეთ ტიტეს სიხარულით, რომ ყველა თქვენგანმა დაამშვიდა მისი სული. 14თუკი რამე დავიქადე თქვენზე მის წინაშე, არ შევრცხვენილვარ. მაგრამ, როგორც ჭეშმარიტია ყველაფერი, რასაც გელაპარაკებოდით, ასევე ჭეშმარიტი გამოდგა ჩვენი ქადილი ტიტეს წინაშე. 15ძალიან დიდია მისი სიყვარული თქვენს მიმართ, იხსენებს რა ყველა თქვენგანის მორჩილებას და იმას, როგორი მოშიშებით და ძრწოლით მიიღეთ იგი. 16ამრიგად, მოხარული ვარ, რომ შემიძლია ყველაფერში დაგემყაროთ თქვენ.
Currently Selected:
2 Corinthians 7: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013