2 Corinthians 8
8
1გაუწყებთ, ძმებო, ღმერთის მადლის შესახებ, რომელიც მიეცა მაკედონიის ეკლესიებს, #რომ 15:26. 2რადგან გასაჭირით მათ დიდ გამოცდას დიდი სიხარული ახლავს და დიდ სიღატაკეს გადააჭარბა მათი სიუხვის სიმდიდრემ. 3ვადასტურებ, რომ თავიანთი ძალის შესაბამისად და უფრო მეტადაც გულუხვნი იყვნენ. 4დიდი დაჟინებით გვთხოვეს უფლება, მადლი და თანაზიარება გაეწიათ წმიდათა მსახურებაში. 5და გასცეს არა მარტო ის, რასაც მოველოდით, არამედ მათ საკუთარი თავი შესწირეს ჯერ უფალს და მერე ჩვენ, ღმერთის ნებით. 6ამიტომ ტიტეს ვთხოვეთ, რომ, როგორც დაიწყო, ასევე დაესრულებინა თქვენთან ეს მადლის საქმეც. 7და როგორც სიუხვე გაქვთ ყველაფერში: რწმენაში და სიტყვაში, ცოდნაში და ყოველგვარ სიბეჯითეში და თქვენში ჩვენს სიყვარულში, ასევე იუხვეთ ამ მადლის მიგებაშიც.
8ამას ბრძანებით კი არ ვამბობ, არამედ იმისთვის, რომ სხვათა სიბეჯითის წინაშე გამოჩნდეს თქვენი სიყვარულის სიწრფელეც. 9რადგან იცით თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი; რომ იგი, მდიდარი, თქვენს გამო გაღატაკდა, რათა თქვენ გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით. 10ჩემს რჩევას ვიძლევი ამაზე, რადგან სასარგებლო იქნება თქვენთვის იმის აღსრულება, რაც შარშან ხალისით წამოიწყეთ, 11და ახლა დაასრულოთ ეს საქმე, რათა, რისი გაკეთებაც გულმოდგინედ გსურდათ, დაამთავროთ კიდეც თქვენი შეძლებისამებრ. 12რადგან, თუ გულმოდგინება არის, ეს მიიღება იმის მიხედვით, ვისაც რა აქვს, და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს. 13არა იმისათვის, რომ სხვებს შვება ჰქონდეთ და თქვენ გაჭირვება, არამედ თანასწორობისათვის. 14ამჟამად თქვენი ნამეტი შეავსებს მათს ნაკლულებას, რათა მათმა ნამეტმაც შეავსოს თქვენი ნაკლულება, რომ თანასწორობა იყოს. 15როგორც წერია: „ვინც ბევრი შეკრიბა, ზედმეტი არ ჰქონდა, ხოლო ვინც ნაკლები – არაფერი არ აკლდა.“ #გამ 16:18.
16ხოლო მადლი ღმერთს, რომელმაც ასეთი სიბეჯითე ჩაუდო თქვენს მიმართ ტიტეს გულში. 17რადგან თუმცა ეს ჩვენი თხოვნა იყო, ის მომეტებული სიბეჯითით და საკუთარი სურვილით წამოვიდა თქვენთან. 18მასთან ერთად გამოვგზავნეთ ძმა, რომელსაც ყველა ეკლესიაში აქებენ სახარების ქადაგებისათვის. 19გარდა ამისა, ის ხელდასხმულია ეკლესიების მიერ ჩვენს თანამგზავრადაც ამ მადლის გადასაცემად, რასაც ჩვენ ვემსახურებით უფლის სადიდებლად და ჩვენი გულმოდგინების შესაბამისად. 20ვფრთხილობთ, არავინ გვისაყვედუროს სიუხვისათვის, ჩვენი მსახურებით რომ იქნა მოპოვებული. 21რადგან ვცდილობთ სიკეთისათვის არა მარტო უფლის წინაშე, არამედ ადამიანთა წინაშეც. #იგვ 3:4. 22გამოვგზავნეთ მათთან ერთად ჩვენი ძმა, რომლის სიბეჯითე მრავალჯერ გამოვცადეთ ბევრ რამეში, ხოლო ახლა კიდევ უფრო ბეჯითია, რადგან დიდი ნდობა აქვს თქვენდამი. 23ტიტე კი, – ის ჩემი მეგობარი და თანამშრომელია თქვენთან. ხოლო ჩვენი ძმები, – ისინი ეკლესიების წარგზავნილნი და ქრისტეს დიდება არიან. 24მაშ, აჩვენეთ მათ ნიშანი თქვენი სიყვარულისა და თქვენით ჩვენი ქადილის სიმართლისა ეკლესიათა წინაშე.
Currently Selected:
2 Corinthians 8: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013