2 Corinthians 5
5
1რადგან ვიცით, რომ როცა ეს ჩვენი მიწიერი სახლი, ეს კარავი დაინგრევა, ღმერთისაგან გვაქვს შენობა, ხელთუქმნელი საუკუნო სახლი ცათა შინა. 2ამიტომაც ველტვით და ვნატრობთ ჩვენი ზეციური საცხოვრებლით შემოსვას, 3რათა შევიმოსოთ და შიშვლები არ აღმოვჩნდეთ. 4და ამ კარავში წუხილის ტვირთქვეშ ვოხრავთ, რადგან გახდა კი არა გვსურს, არამედ შემოსვა, რათა მოკვდავი შთაინთქას სიცოცხლის მიერ. 5სწორედ ამისათვის შეგვქმნა ჩვენ ღმერთმა და მოგვცა სულის საწინდარი.
6ამიტომ ყოველთვის მხნედა ვართ, თუმცა ვიცით, რომ სანამ დამკვიდრებულნი ვართ სხეულში, განშორებულნი ვართ უფლისაგან. 7რადგან რწმენით დავდივართ და არა ხილვით. 8მხნედა ვართ და გვირჩევნია სხეულს განვშორდეთ და უფალთან დავსახლდეთ. 9ამიტომ ვცდილობთ კიდეც, სხეულში დასახლებულნი თუ სხეულს გარეთ მყოფნი, მისთვის სასურველნი ვიყოთ. 10რადგან ჩვენ ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სამსჯავროს ტახტის წინაშე, რათა თითოეულმა მიიღოს იმის მიხედვით, რასაც აკეთებდა სხეულში ყოფნისას – კეთილს თუ ცუდს. #რომ 14:10.
11და რაკი უფლის შიში ვიცით, ადამიანებს ვარწმუნებთ, ღმერთისათვის კი გაცხადებულნი ვართ. და ვიმედოვნებ, რომ თქვენი სინდისისთვისაც გაცხადებული ვიქნებით. 12ხელახლა კი არ წარმოგიდგენთ ჩვენს თავს, არამედ საბაბს გაძლევთ იქადდეთ ჩვენით, რომ სათქმელი გქონდეთ მათთვის, ვინც მოსაჩვენებლად იქადის და არა გულით. 13რადგან თუ გონს გადასულნი ვართ – ეს ღმერთისათვისაა, ხოლო თუ გონიერები – თქვენთვის. 14ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი, როცა ასე ვმსჯელობთ, რომ თუ ერთი მოკვდა ყველასთვის, მაშ, ყველა მოკვდა. 15ის ყველასათვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისათვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა.
16ამრიგად, ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად. თუ ხორციელად ვიცნობდით კიდეც ქრისტეს, ახლა აღარ ვიცნობთ ასე. 17ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ის ახალი ქმნილებაა. ძველი გადავიდა აჰა, ყოველივე ახალია. 18ყოველივე ღმერთისაგან არის, რომელმაც შეგვირიგა იესო ქრისტეს მეშვეობით და მოგვცა შერიგების მსახურება, 19რადგან ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყნიერება და არ ჩაუთვალა ადამიანებს მათი დანაშაულებანი და გვიბოძა შერიგების სიტყვა. 20ამგვარად, ჩვენ ქრისტეს მაცნეები ვართ, და თავად ღმერთი შეგაგონებთ ჩვენი მეშვეობით. ქრისტეს სახელით გევედრებით: შეურიგდით ღმერთს. 21რადგან ის, ვინც ცოდვა არ იცოდა, მან ცოდვად აქცია ჩვენს გამო, რათა ჩვენ გავხდეთ ღმერთის სამართალი მასში.
Currently Selected:
2 Corinthians 5: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013