2 Corinthians 12
12
1მაშ, მაინც უნდა დავიქადო, თუმცა ამაოა ქადილი. მაშ მივალ უფლის ხილვებთან და გამოცხადებებთან. 2ვიცი კაცი ქრისტეში, რომელიც 14 წლის წინათ, არ ვიცი, სხეულში, არ ვიცი, სხეულს გარეთ, ღმერთმა იცის, ატაცებულ იქნა მესამე ცამდე. 3ვიცი ასეთი კაცი, სხეულში იყო, თუ სხეულის გარეშე, არ ვიცი, ღმერთმა იცის, 4რომ ის ატაცებულ იქნა სამოთხეში და ისმენდა გამოუთქმელ სიტყვებს, რომელთა შესახებ ლაპარაკი შეუძლებელია ადამიანისათვის. 5ასეთი კაცით დავიქადნი, ჩემი თავით კი არ დავიქადნი, მხოლოდ ჩემი უძლურებებით. 6ხოლო თუ მოვისურვებ დავიქადნო, უგუნური არ ვიქნები, რადგან ჭეშმარიტებას ვიტყვი. მაგრამ თავს ვიკავებ, რათა არავინ ჩამთვალოს იმაზე მეტად, რასაც ჩემში ხედავს ან ჩემგან ისმენს. 7ხოლო რათა არ გავმედიდურდე მეტისმეტი გამოცხადებებით, ეკალი მომეცა სხეულში, სატანის ანგელოზი, რომ დამქეჯნოს, რათა არ გავმედიდურდე. 8სამჯერ შევევედრე უფალს, რომ განეშორებინა იგი. 9და მითხრა: „საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, რადგან უძლურებაში სრულიქმნება ჩემი ძალა.“ ამიტომ უფრო ხალისით დავიქადნი ჩემი უძლურებებით, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში. 10ამიტომ კმაყოფილი ვარ უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებაში, დევნაში და შევიწროებაში ქრისტეს გულისათვის. რადგან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი.
11უგუნური შევიქენი, თქვენ მაიძულეთ ეს. თქვენ გმართებდათ ჩემი ქება, რადგან არაფრით ჩამოვუვარდები აღმატებულ მოციქულებს, თუმცა არარა ვარ. 12მოციქულის ნიშნები ამოქმედდა თქვენ შორის ყოველგვარი მოთმინებით, ნიშნებით, სასწაულებით და ძალებით. 13რა გაკლიათ დანარჩენ ეკლესიებთან შედარებით, გარდა იმისა, რომ მე არ დაგაწექით მძიმე ტვირთად? მაპატიეთ ეს უსამართლობა.
14აჰა, მე მზად ვარ მესამედ მოვიდე თქვენთან და არ დაგაწვებით მძიმე ტვირთად, რადგან მე თქვენ გეძებთ და არა თქვენსას. რადგან შვილები კი არ უნდა აგროვებდნენ სიმდიდრეს მშობლებისათვის, არამედ მშობლები – შვილებისათვის. 15ხოლო მე ხალისით გავცემ თავს და გავწირავ ყველაფერს თქვენთვის. თუ მე ასეთი სიყვარული მაქვს თქვენდამი, თქვენ ასე მცირედ უნდა გიყვარდეთ? 16ამრიგად, მე არ დამიმძიმებიხართ თქვენ. მაგრამ, როგორც მატყუარამ, მზაკვრობით ხომ არ დაგიჭირეთ? 17ან ხომ არ ვეძიებდი ანგარებას ვინმეს მეშვეობით, რომელიც თქვენთან გამოვგზავნე? 18მე ვთხოვე ტიტეს და მასთან ერთად გამოვგზავნე ძმა. გამოგიყენათ თქვენ ტიტემ? განა ჩვენ ორივე ერთი სულით არ დავდიოდით? ერთ გზას არ ვადექით?
19თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ თავი უნდა ვიმართლოთ თქვენთან? ღმერთის წინაშე, ქრისტეში ვლაპარაკობთ ჩვენ და ყოველივე ეს, საყვარელნო, თქვენს აღსაშენებლადაა. 20რადგან ვშიშობ, რომ, როცა მოვალ, ისეთები არ გპოვოთ თქვენ, როგორიც მე მსურს, და თქვენც არ მპოვოთ ისეთი, როგორიც გსურთ. რომ არ ვპოვო თქვენში შუღლი, შური, მძვინვარება, დავიდარაბა, ცილისწამება, ენატანიობა, გულზვაობა და შფოთი. 21რათა, როცა კვლავ მოვალ, არ დამამდაბლოს ჩემმა ღმერთმა თქვენთან და არ მომიხდეს გლოვა მრავალთა გამო, რომელთაც ადრე შესცოდეს და არ მოინანიეს ის უწმიდურება, სიძვა და გარყვნილება, რომელსაც ჩადიოდნენ.
Currently Selected:
2 Corinthians 12: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013