2 Corinthians 11
11
1ნეტავ ოდნავ მაინც შემწყნარებელნი იყოთ ჩემი უგუნურების მიმართ! თუმცა მიწყნარებთ კიდეც. 2რადგან თქვენს მიმართ საღვთო შურითა ვარ სავსე. რადგან დაგნიშნეთ თქვენ ერთ კაცზე, რათა წმიდა ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე. 3მაგრამ ვშიშობ, რომ როგორც გველმა თავისი მზაკვრობით აცდუნა ევა, ასევე არ გაირყვნეს თქვენი აზროვნება და არ გარდახდეთ ქრისტესმიერ სიწრფელესა და სიწმიდეს. #დაბ 3:1-5,13. 4რადგან, როცა მოდის ვინმე და გიქადაგებთ სხვა იესოს, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია, ან იღებთ სხვა სულს, რომელიც არ მიგიღიათ, ან სხვა სახარებას, რომელიც არ მიგიღიათ, – ხალისით იწყნარებთ ამას. 5რადგან ვფიქრობ, არაფერში ჩამოვუვარდები აღმატებულ მოციქულებს. 6თუნდაც სიტყვით უმეცარი ვიყო, მაგრამ არა ცოდნით, რაც მთლიანად გაცხადებულია თქვენთვის.
7ანდა, ნუთუ ცოდვა ჩავიდინე თავის დამდაბლებით, რათა თქვენ ამაღლებულიყავით, რადგან უსასყიდლოდ გახარებდით ღმერთის სახარებას? 8სხვა ეკლესიებს ვართმევდი, ვიღებდი მათგან გასამრჯელოს, რათა თქვენ მოგმსახურებოდით. ხოლო როცა თქვენთან ვიყავი და მაკლდა კიდეც, არავინ შემიწუხებია. 9რადგან ნაკლულებას მივსებდნენ მაკედონიიდან მოსული ძმები და ყველაფერში ვცდილობდი ტვირთად არ დაგწოლოდით თქვენ, და კვლავაც ვეცდები. #ფლპ 4:15-18. 10ქრისტეს ჭეშმარიტებით, რომელიც ჩემშია, გეუბნებით, რომ ეს სიქადული არ წამერთმევა აქაიის მხარეებში. 11რატომ? იმიტომ, რომ არ მიყვარხართ? ღმერთმა ხომ უწყის!
12მაგრამ რასაც ვაკეთებ, იმასვე გავაკეთებ, რათა საბაბი არ მივცე საბაბის მძებნელებს, რომლებიც ცდილობენ ჩვენისთანანი აღმოჩნდნენ იმაში, რითაც იქადიან. 13რადგან ესენი არიან ცრუმოციქულები, მზაკვარი მუშაკები, რომლებსაც ქრისტეს მოციქულებად მოაქვთ თავი. 14და არ არის ეს საკვირველი, რადგან თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. 15ამიტომ დიდი რამ არ არის, თუ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურებად გარდაისახებიან. მაგრამ მათი ბოლო მათი საქმეებისამებრ იქნება.
16კვლავაც ვიტყვი: ნურავინ ჩამთვლის უგუნურად. და თუ არა, როგორც უგუნური ისე მაინც მიმიღეთ, რათა მცირეოდენით მეც დავიქადო. 17რასაც ვამბობ, უფალში კი არ ვამბობ, არამედ თითქოს უგუნურებით ვიქადი თავდაჯერებულად. 18რაკი ბევრი იქადის ხორციელად, ამიტომ მეც დავიქადებ. 19რადგან თქვენ, გონიერნი, ხალისით იწყნარებთ უგუნურებს, 20ითმენთ, თუ ვინმე გიმონებთ, თუ ვინმე გამოგიყენებთ, თუ ვინმე დაგიმოჩილებთ, თუ ვინმე გაყოყოჩდება, თუ ვინმე სახეში გცემთ. 21ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ ასეთი საქციელისთვის ძალა არ გვყოფნის. მაგრამ, თუ ვინმე რითიმე დაიქადებს, უგუნურებით ვიტყვი: მეც გავკადნიერდები. 22ისინი ებრაელები არიან? მეც ვარ! ისრაელის ძენი არიან? მეც ვარ! აბრაამის ნაშიერნი არიან? მეც ვარ! 23ქრისტეს მსახურნი არიან? უგუნურივით ვამბობ: მე უფრო მეტად. უფრო მეტად ვარ შრომაში, ბევრად უფრო მეტად ტანჯვაში, უფრო მეტად ვიყავი საპყრობილეში და მრავალგზის სიკვდილის პირას. #საქ 16:23. 24ხუთჯერ მივიღე ებრაელთაგან ორმოცზე ერთით ნაკლები დარტყმა. #რჯ 25:3. 25სამჯერ კვერთხით მცემეს, ერთხელ ჩამქოლეს და სამჯერ გემის დაღუპვა განვიცადე, ღამე და დღე შუა ზღვაში დავყავი, #საქ 14:19; 16:22. 26მრავალჯერ მოგზაურობებში, განსაცდელში მდინარეებზე, განსაცდელში ყაჩაღებისაგან, განსაცდელში თანატომელთაგან, განსაცდელში წარმართთაგან, განსაცდელში ქალაქად, განსაცდელში უდაბნოდ, განსაცდელში ზღვაზე, განსაცდელში ცრუძმათა შორის, #საქ 9:23; 14:5. 27შრომასა და გაჭირვებაში, გამუდმებულ სიფხიზლეში, შიმშილსა და წყურვილში, გამუდმებულ მარხვაში, ყინვასა და სიშიშვლეში. 28გარდა ამისა, ყოველდღიური ზრუნვა ყველა ეკლესიაზე. 29ვინმე დაუძლურდება და მეც არ ვუძლურდები მასთან ერთად? ვინმე დაბრკოლდება და მეც არ ავენთები მასთან ერთად?
30თუ საჭიროა ქადილი, ჩემი უძლურებით დავიქადებ. 31ღმერთმა, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამამ, კურთხეულმა უკუნითი უკუნისამდე, უწყის, რომ არ ვცრუობ. 32დამასკოში მეფე არეტას ოლქის განმგებელი დარაჯობდა დამასკელთა ქალაქს, რათა შევეპყარი. #საქ 9:23-25. 33სარკმლიდან გადმომიშვეს გოდრით გალავანზე და ხელიდან დავუსხლტი მას.
Currently Selected:
2 Corinthians 11: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013