YouVersion Logo
Search Icon

1 Timothy 5

5
1ნუ გაკიცხავ მოხუცებულს, არამედ დაარიგე, როგორც მამა, ყმაწვილკაცები კი – როგორც ძმები, 2ხნიერი ქალები – როგორც დედები, ყმაწვილქალები – როგორც დები, მთელი სიწმიდით.
3პატივი ეცი ქვრივებს, რომლებიც ნამდვილი ქვრივები არიან. 4ხოლო თუ ქვრივს ჰყავს შვილები ან შვილიშვილები, მათ ჯერ თავიანთ ოჯახში უნდა ისწავლონ ღვთისმოსაობა და მშობლებისათვის სამაგიეროს მიგება, რადგან ეს კარგია და მოსაწონია ღმერთის წინაშე. 5ნამდვილი ქვრივი და მარტოხელა ღმერთს ესავს და ვედრებასა და ლოცვაში ატარებს ღამესა და დღეს. 6განცხრომის მაძიებელი კი ცოცხლად მკვდარია. 7ეს ამცნე, რათა შეუბღალავნი იყვნენ. 8ხოლო ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავის სახლეულებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია.
9ქვრივად უნდა შეირაცხოს 60 წელს გადაშორებული, ერთი ქმრის ნაცოლარი, 10ცნობილი კარგი საქმეებით, თუ გამოუზრდია შვილები, თუ უმასპინძლია უცხოთათვის, თუ უბანია ფეხები წმიდათათვის, თუ დახმარებია გაჭირვებულებს, მიჰყოლია ყოველ კეთილ საქმეს. 11ახალგაზრდა ქვრივებს კი მოერიდე, რადგან ხშირად ისინი ვნებებით აღძრულნი შორდებიან ქრისტეს და გათხოვების სურვილი უჩნდებათ. 12მაშინ ისინი სასჯელის თანამდებნი არიან, რადგან უარყვეს თავიანთი პირვანდელი რწმენა. 13ამას გარდა, ეჩვევიან უსაქმურად კარდაკარ სიარულს, და არა მარტო უსაქმურნი არიან, არამედ ჭორიკნებიც და ცნობისმოყვარენიც და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რაც არ მართებთ. 14ამიტომ ჩემი სურვილია, რომ ახალგაზრდა ქვრივები გათხოვდნენ, გააჩინონ ბავშვები, იდიასახლისონ და არ მისცენ მტრებს გაკიცხვის საბაბი. 15რადგან ზოგიერთი მათგანი სატანის კვალს გაჰყვა. 16თუ რომელიმე მორწმუნე ქალს ჰყავს ქვრივი ნათესავები, არჩინოს ისინი და ტვირთად ნუ დააკისრებს ეკლესიას, რათა ეკლესიამ შეძლოს ნამდვილი ქვრივების რჩენა.
17ხუცესნი, რომლებიც კარგი წინამძღოლები არიან, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, უფრო კი ისინი, რომელნიც იღწვიან ქადაგებითა და დამოძღვრით. 18რადგან წერილი ამბობს: „პირს ნუ აუკრავ ხარს ლეწვისას.“ და კიდევ: „მშრომელი ღირსია თავისი საზღაურისა.“#რჯ 25:4; მთ 10:10; ლკ 10:7. 19ხუცესებზე ბრალდებას ნუ მიიღებ, თუ არ გეყოლება ორი ან სამი მოწმე.#რჯ 17:6; 19:15. 20შემცოდენი ამხილე ყველას წინაშე, რათა სხვებმაც იქონიონ შიში. 21ღმერთისა და უფალი ქრისტე იესოს და რჩეულ ანგელოზთა წინაშე გაფიცებ, პირუთვნელად დაიცვა ეს და არაფერი გააკეთო მიკერძოებით. 22არავის დაადო ხელი აჩქარებით და არ გახდე სხვათა ცოდვების მოზიარე. წმიდად შეინახე თავი.
23ამიერიდან ნუღარ სვამ მარტო წყალს, ცოტა ღვინოც შეურიე შენი კუჭისა და შენი ხშირი ავადმყოფობის გამო.
24ზოგიერთი ადამიანის ცოდვები წინასწარვე ცხადია და სამსჯავროსაკენ მიუძღვიან, ზოგიერთს კი უკან მიჰყვებიან. 25ასევე კეთილი საქმეებიც წინასწარ ცხადია და, თუ არა, მაინც ვერ დაიმალება.

Currently Selected:

1 Timothy 5: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in