1 Timothy 3
3
1სარწმუნოა ეს სიტყვა:
თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმე სურს. 2ეპისკოპოსი უნდა იყოს შეუბღალავი, ერთი ცოლის ქმარი, თავშეკავებული, გონიერი, მოწესრიგებული, სტუმართმოყვარე, მასწავლებელი,#ტიტ 1:6-9. 3არ იყოს ლოთი, მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, მშვიდობიანი, არ იყოს ვერცხლის მოყვარე, 4თავისი სახლის კეთილად განმგებელი, შვილები მორჩილებაში ჰყავდეს სრული ღირსებით. 5რადგან თუ ვინმემ საკუთარი სახლის განმგებლობა არ იცის, როგორ იზრუნებს ღმერთის ეკლესიაზე? 6ნურც ახალმოქცეული იქნება, რათა არ გაკადნიერდეს და ეშმაკის სამსჯავროში არ ჩავარდეს. 7მართებს კარგი მოწმობა ჰქონდეს გარეშეთა შორის, რათა გაკიცხვა არ დაიმსახუროს და ეშმაკის მახეში არ გაებას.
8დიაკვნებიც ასევე პატიოსნები უნდა იყვნენ, არა ორპირნი, ღვინოს ნაკლებად მიძალებულნი, არა ანგარებიანნი, 9რწმენის საიდუმლოების წმიდა სინდისით შემნახველნი. 10ესენიც წინასწარ უნდა გამოიცადონ და მერე, თუ შეუბღალავი აღმოჩნდებიან, იდიაკვნონ. 11მათი ცოლებიც პატიოსნები უნდა იყვნენ, არა მაბეზღარნი, კდემამოსილნი და ყველაფერში სარწმუნონი. 12დიაკვანიც ერთი ცოლის ქმარი იყოს, შვილებისა და საკუთარი სახლის კარგი განმგებელი. 13რადგან კეთილად მომსახურენი იმზადებენ კეთილ პატივს და დიდ სიმხნევეს ქრისტე იესოს რწმენაში.
14ამას გწერ შენ იმედით, რომ მალე მოვალ შენთან, 15მაგრამ თუ დამაგვიანდა, რომ იცოდე, როგორ მოიქცე ღმერთის სახლში, რომელიც არის ცოცხალი ღმერთის ეკლესია, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი. 16უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორციელად, გამართლდა სულში, ეჩვენა ანგელოზებს, ნაქადაგები იქნა ერებს შორის, მიღებულ იქნა სამყაროში რწმენით და ამაღლდა დიდებით.
Currently Selected:
1 Timothy 3: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013