1 Esdras (Greek) 4
4
1მაშინ დაიწყო მეორემ, მეფის მძლეთა-მძლეობას რომ ამტკიცებდა: 2„ო, კაცნო, განა მძლეთა-მძლენი არ არიან მიწისა და ზღვის მპყრობელნი, ისევე, როგორც ყოველივე იმისა, რაც არის მათში? 3მეფე კი ყველაზე უმეტესია და უზენაესი, მეფე ბატონობს და მბრძანებლობს მათზე, რასაც უნდა იმას უბრძანებს და ყველანი ემორჩილებიან მას. 4ერთმანეთს დაერიეთო, რომ ბრძანოს, დაუყოვნებლივ ასრულებენ მის ბრძანებას; მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად რომ წარგზავნოს ხალხი, წავლენ და მიწასთან გაასწორებენ მთებს, გალავნებს და ციხე-კოშკებს. 5მუსრავენ და იმუსრებიან, მეფის სიტყვას კი არ გადავლენ; თუ გაიმარჯვეს, მეფესთან მიაქვთ ნადავლიც და სხვა დანარჩენიც. 6ხოლო ვინც საომრად და საბრძოლველად არ მიდის, მიწას ამუშავებს; თესლს რომ ჩაჰყრიან, მომკილს კვლავ მეფეს მიართმევენ, და ერთმანეთს აიძულებენ ღალა აძლიონ მას. 7მხოლოდ მეფეს შეუძლია ბრძანოს მოკალითო და კლავენ; ბრძანოს განუტევეთო და განუტევებენ; 8ბრძანებს სცემეთო, სცემენ, ბრძანებს ააოხრეთო, ააოხრებენ, ბრძანებს ააშენეთო, ააშენებენ; 9თუ ბრძანა მოჭერითო, მოჭრიან, ხოლო თუ დარგვა ბრძანა, დარგავენ. 10მეფეს ემორჩილება მთელი მისი ხალხიცა და ჯარიც. 11ეგეც არ იყოს, მხარ-თეძოზე წამოწოლილი მეფე ნებივრობს, ჭამს, სვამს და სძინავს, ხალხი კი გარს შემოსჯარვია და დარაჯად უდგას; ვერავინ მიატოვებს, რომ თავის საქმეს მიხედოს, და ვერც მის ნებას გადავა. 12ო, კაცნო, მაშ, განა ყველაზე ძლიერი არ არის მეფე, რაკი ყველა უსიტყვოდ ემორჩილება მას?“ ესა თქვა მეორემ და დადუმდა.
13ხოლო მესამემ, ქალებისა და ჭეშმარიტების მძლეთა-მძლეობას რომ ამტკიცებდა, – ეს ზერუბაბელი იყო – ასე დაიწყო: 14„ო, კაცნო, ხომ დიდია მეფე და მძლეთა-მძლეა ღვინო?! მაგრამ ვინ მძლავრობს, ან ვინ მბრძანებლობს მათზე, თუ არა ქალი? 15სწორედ ქალი შობს მეფესაც და ზღვისა თუ ხმელეთის ყველა მბრძანებელსაც. 16ქალები შობენ და ძუძუს აწოვებენ ვაზის მრგველთაც, საიდანაც წურავენ ღვინოს. 17ისინი ქსოვენ კაცთა სამოსს და ბრწყინვალებით ამკობენ მათ; არ ძალუძს კაცს უქალოდ ყოფნა. 18ოქრო-ვერცხლი და ნაირნაირი სამკაულიც რომ შეაგროვოს და მერე თვალი მოჰკრას ლამაზსა და მომხიბლავ ქალს, 19მიატოვებს ყველაფერს და მისკენ მიდრკება; პირდაღებული შეჰყურებს და ის ურჩევნია ოქრო-ვერცხლსაც და ყოველგვარ განძეულობასაც. 20მშობელ მამასაც მიატოვებს, თავის სამშობლო მხარესაც და ცოლს მიეწებება. 21სული ელევა ცოლზე, აღარც დედ-მამა ახსოვს და აღარც თავისი ქვეყანა. 22მაშ, იცოდეთ, რომ ქალები მბრძანებლობენ თქვენზე. განა მთელ თქვენს ნაშრომ-ნაჭირნახულევს ცოლებთან არ მიარბენინებთ და მათ არ მიართმევთ? 23აიღებს კაცი მახვილს და შარა გზაზე გამოდის საძარცვავად და საპარავად; სამეკობროდ დაცურავს ზღვასა და მდინარეებზე. 24ლომსაც გადაეყრება ხოლმე და წყვდიადში დაბორიალობს; რასაც კი ხელთ იგდებს, მოიპარავს და მოიტაცებს, მაშინვე გულისსწორს მიურბენინებს. 25კაცს ცოლი ურჩევნია დედ-მამას. 26ვინ მოსთვლის რამდენს დაუკარგავს გონება ქალის გამო და მისი გადამკიდე მონად ქცეულა. 27რამდენს წაუგია თავი, შემცდარა და ცოდვაში ჩაუდგამს ფეხი ქალის გამოისობით. 28ნუთუ ახლაც არ გჯერათ ჩემი? ხომ დიდია მეფე თავისი ძალმოსილებით? ხომ ყველას აშინებს მასთან მიახლოება? 29მაგრამ მე მინახავს ის და აპამე, სახელგანთქმული ბარტაკეს ასული, მეფის ხარჭა, მხარმარჯვნივ რომ უჯდა, 30გვირგვინს მოხდიდა მეფეს და თავზე იდგამდა, მარცხენა ხელით კი წკიპურტსა სცემდა ღაწვზე. 31მეფე კი მაინც პირდაღებული შეჰყურებდა: თუ ქალი გაუღიმებდა, მასაც სახე ებადრებოდა, ხოლო თუ წარბს შეიკრავდა, მეფე ეფერებოდა და თავს ევლებოდა, რომ მისი გული მოეგო. 32ო, კაცნო, განა მძლეთა-მძლე არ არის ყოველივე ამის მოქმედი ქალი?“ 33მაშინ მეფემ და დიდებულებმა ერთმანეთს გადახედეს. 34მან კი ჭეშმარიტებაზე დაიწყო ლაპარაკი: „ო, კაცნო, განა მძლეთა-მძლე არ არის ქალი? დიდია მიწა და მაღალია ცა, ხოლო მზე – სწრაფად მსრბოლი, რადგანაც ერთ დღეში გარს შემოუვლის ზეცას და კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდება. 35განა დიდი არ არის ამის მოქმედი? მაგრამ ჭეშმარიტება ყველაზე უდიდესია და უძლიერესი. 36ჭეშმარიტებას უხმობს მთელი ქვეყანა და ზეცა აკურთხებს მას, ყველაფერი ძრწის და ცახცახებს მის წინაშე და არავითარი უსამართლობა არ არის მასში. 37უსამართლოა ღვინო, უსამართლოა მეფე, უსამართლოა ქალი, უსამართლოა ყველა ძეხორციელი და ყოველი საქმე მათი; უცხოა მათთვის სიმართლე და ყველანი წარწყმდებიან თავიანთი უსამართლობით. 38ჭეშმარიტება კი წარუვალია და მძლავრობს სამარადისოდ, ცოცხალი და ძლევამოსილი უკუნითი უკუნისამდე. 39მისთვის უცხოა მიდგომა თუ მიკერძოება, არამედ ყველაფერს სიმართლით იქმს, ყოველივე უსამართლოსა და უკეთურს გარიდებული; ყველასთვის მოსაწონია მისი საქმენი და მის სამართალში არა არის რა უსამართლო. 40ის თვითონაა ძალა და მეუფება, ხელმწიფება და სიდიადე ყოველი საუკუნისა, კურთხეულია ჭეშმარიტების ღმერთი.“ 41ამის მეტი არა უთქვამს რა. მაშინ მთელმა ხალხმა დაიბუბუნა: „დიადი და მძლეთა-მძლეა ჭეშმარიტება!“ 42მეფემ კი უთხრა: „ითხოვე, რაც გსურს; დაწერილზე მეტიც რომ იყოს, მოგეცემა, ვინაიდან ყველაზე ბრძენი აღმოჩნდი; ამიტომაც ჩემს გვერდით იჯდები და ჩემს ნათესავად იწოდები.“ 43ხოლო მან უთხრა მეფეს: „გაიხსენე აღთქმა, რომელიც დადე იმ დღეს, როდესაც ტახტზე დაჯექი, რომ ააშენებდი იერუსალიმს 44და დააბრუნებდი იერუსალიმიდან წამოღებულ მთელ ჭურჭელს, რომელიც გადაარჩია კვიროსმა, როდესაც ფიცი დადო, რომ ააოხრებდა ბაბილონს და ყველაფერს უკან დააბრუნებდა. 45აკი შენც დაიფიცე, რომ აღადგენდი ტაძარს, რომელიც ცეცხლს მისცეს ედომელებმა, როდესაც იუდა დარბეულ იქნა ქალდეველთაგან. 46ახლა სწორედ ამასა გთხოვ და გევედრები, მეფე-ბატონო – ესაა შენი სიდიადე – დიახ, გევედრები, აღასრულო აღთქმა, რომლის აღსრულებაც შენივე ბაგით აღუთქვი ცათა მეუფეს.“
47მაშინ წამოდგა მეფე დარიოსი, აკოცა და წერილები მიუწერა ყველა მმართველისა და მხარეთა გამგებლის, ყველა მხედართმთავრისა და სატრაპისთვის გადასაცემად, რათა გაეშვათ ისიც და ყველა, ვინც მასთან ერთად მიდიოდა იერუსალიმის აღსადგენად. 48კოილე-სირიისა და ფინიკიის ყველა განმგებელს და ლიბანში მყოფთ კი მისწერა, რომ ლიბანიდან მოეზიდათ კედარის ხე-ტყე და იმ მასალით აეშენებინათ ქალაქი. 49სწერდა გაეთავისუფლებინათ ყველა იუდაელი, ვინც მისი სამეფოდან იუდაში აპირებდა წასვლას, რათა არცერთი ხელისუფალი, მხარეთა განმგებელი თუ სატრაპი არ მისდგომოდა მათ კარს, 50არამედ მთელი მხარე, რომელსაც ფლობდნენ, გაეთავისუფლებინათ ხარკისაგან, ხოლო იდუმეელებს დაეტოვებინათ იუდაელთა სოფლები, სადაც ისინი პარპაშობდნენ. 51გარდა ამისა, ტაძრის აღსადგენად ყოველწლიურად მიეცათ 20 ტალანტი, ვიდრე არ დასრულდებოდა აღდგენა. 52ხოლო სამსხვერპლოზე მისატანი ყოველდღიური სრულადდასაწველისათვის დაწესებული ჩვიდმეტის გარდა ყოველწლიურად მიეცათ სხვა ათი ტალანტი. 53ამასთანავე, გაეთავისუფლებინათ ყველა, ვინც ბაბილონიდან მიდიოდა ქალაქის ასაშენებლად, თვითონაც, მათი შვილებიც და ყველა მიმავალი მღვდელიც. 54სწერდა აგრეთვე სახსრებისა და სამღვდელო სამოსისათვის, რომლითაც უნდა აღესრულებინათ მღვდელმსახურება. 55ბრძანებდა ლევიანებისთვისაც მიეცათ სახსარი მანამდე, სანამ არ აღდგებოდა ტაძარი და დასრულდებოდა იერუსალიმის მშენებლობა. 56ქალაქის ყველა მცველისთვისაც ეძლიათ კუთვნილი ჯამაგირი და სანოვაგე. 57დააბრუნა ყველა ჭურჭელი, კვიროსმა რომ გაიტანა ბაბილონიდან; და ყოველივე ის, რისი გაკეთებაც ბრძანა კვიროსმა, მისი ბრძანებითაც უნდა აღესრულებინათ და იერუსალიმს წარეგზავნათ.
58და როცა გამოვიდა ჭაბუკი, პირით იერუსალიმისაკენ მდგარმა ზეცად აღაპყრო თვალი, მადლი შესწირა ცათა მეუფეს და თქვა: 59„შენია ძლევა, შენია სიბრძნე, შენია დიდება, ხოლო მე მონა ვარ შენი. 60კურთხეული ხარ, რომელმაც მომეცი სიბრძნე; მადლობას გწირავ, ჩვენი მამა-პაპის უფალო.“ 61წაიღო წერილები, ბაბილონს ჩავიდა და ყველა თავის მოძმეს ახარა. 62და ადიდეს თავიანთი მამა-პაპის ღმერთი, რომ დაიხსნა ისინი და წასვლის ნება მისცათ, 63რათა აღედგინათ იერუსალიმი და ტაძარი, რომელსაც უფლის სახელი ეწოდა. და ზეიმობდნენ საკრავებით და სიხარულით მთელი შვიდი დღე.
Currently Selected:
1 Esdras (Greek) 4: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013