1 Esdras (Greek) 3
3
1დარიოს მეფემ დიდი წვეულება გაუმართა ყველა თავის ქვეშევრდომს და მთელ თავის სახლეულს, მიდიისა და სპარსეთის ყველა მთავარს, 2ყველა სატრაპს, მხედართმთავარს და ინდოეთიდან ეთიოპიამდე 127 ყმადნაფიცი ქვეყნის განმგებელს. 3სმა-ჭამით რომ იჯერეს გული, კმაყოფილნი დაიშალნენ, დარიოს მეფე კი თავის საწოლ ოთახში შევიდა, გამოიძინა და ბოლოს, გაიღვიძა. 4ამასობაში მეფის სამმა ჭაბუკმა – პირადმა მცველმა – ერთმანეთს უთხრა: 5„მოდით, სამივემ თითო სიტყვა ვთქვათ იმის თაობაზე, თუ რა არის ყველაზე უფრო ძლიერი; ვინც დანარჩენ ორზე უფრო ბრძნულ სიტყვას იტყვის, დაე, დარიოს მეფემ სწორედ ის აავსოს წყალობით; 6ძოწეულით შეიმოსოს და ოქროს სასმისით სვას, ოქროზე ეძინოს და ეტლით დაბრძანდებოდეს, რომელშიაც ოქროს აღვირიანი ცხენები იქნებიან შებმულნი, თავს ბისონის საბურავი უმკობდეს და ყელს – მანიაკი; 7დარიოსის გვერდით იჯდეს თავისი სიბრძნის წყალობით, და დარიოსის ნათესავად იწოდებოდეს.“
8სამივემ ხელად დაწერა თავისი სიტყვა, დაბეჭდა და სასთუმალთან დაუდო დარიოს მეფეს. 9როცა მეფე გაიღვიძებს, წერილებს მიართმევენ და ვის სიტყვასაც უფრო ბრძნულად მიიჩნევენ მეფე და სამი სპარსელი დიდებული, გამარჯვებაც მას დარჩება, როგორც წერია. 10ერთმა დაწერა: მძლეთა-მძლეა ღვინო. 11მეორემ დაწერა: მძლეთა-მძლეა მეფე. 12მესამემ დაწერა: მძლეთა-მძლენი არიან ქალები, მაგრამ ყველაფერს სძლევს ჭეშმარიტება.
13როდესაც გაიღვიძა მეფემ, მიართვეს დაწერილი და წაიკითხა. 14დაიბარა სპარსეთისა და მიდიის ყველა დიდებული, სატრაპები და მხედართმთავარნი, მხარეთა განმგებელნი და მრჩეველნი; დაჯდა სამსჯავროში და წაუკითხეს მათ დაწერილი. 15ბრძანა, უხმეთ ამ ჭაბუკებს, რათა განგვიმარტონ თავიანთი სიტყვებიო. უხმეს და ისინიც ეახლნენ. 16და უთხრა მათ: „აგვიხსენით ეგ თქვენი სიტყვები.“ 17დაიწყო პირველმა, ღვინის მძლეთა-მძლეობას რომ ამტკიცებდა, და ასე თქვა: 18„როგორ არა სძლევს, კაცნო, ღვინო ყველაფერს? აკი გონებას უბნელებს ყველას, ვინც მას ეწაფება. 19ერთმანეთს უსწორებს ჭკუით მეფეს და ობოლს, მონას თუ თავისუფალს, ღატაკს და მდიდარს. 20ყველა გონებას ალხენს და ამხიარულებს, ასე რომ, აღარც მწუხარება ახსოვს ვინმეს და აღარც მოვალეობა. 21ყველა გულს მდიდრად აქცევს, ასე რომ, აღარც მეფე ახსოვს ვინმეს და აღარც სატრაპი, ყველას თავის საკუთარ ტალანტზე ალაპარაკებს. 22გამტყვრალთ აღარც ძმობა ახსოვთ, აღარც მეგობრობა და არცთუ იშვიათად იშიშვლებენ მახვილს. 23გამოფხიზლდებიან და აღარ ახსოვთ, რა ჩაიდინეს. 24მაშ, კაცნო, როგორ არა ვთქვათ ღვინო მძლეთა-მძლედ, რაკიღა ხალხს აიძულებს ასე მოიქცნენ?“ ესა თქვა და დადუმდა.
Currently Selected:
1 Esdras (Greek) 3: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013