1 Esdras (Greek) 5
5
1შემდგომ ამისა წასასვლელად აირჩიეს მამა-პაპეულ სახლთა წინამძღოლნი თავიანთი ტომების მიხედვით, მათი ცოლები, მათი ძენი და ასულნი, მათი მონები და მხევლები და მათი საქონელი. 2დარიოსმა ათასი ცხენოსანი აახლა მათ, რათა მშვიდობიანად მიეცილებინათ იერუსალიმამდე, მუსიკით, დაფდაფებით და ბუკ-ნაღარით. 3ილხენდა მათი ყოველი მოძმე, და დარიოსმა ნება დართო მათ ერთად წასულიყვნენ.
4აი, იმათი სახელები, თავ-თავიანთი ტომების მიხედვით რომ წავიდნენ, უხუცესობის წესით: 5მღვდლები, აარონის ძის – ფინხასის ძენი; იესო, სერაიას ძის – იოსედეკის ძე; იოაკიმი, შეალთიელის ძის – ზერუბაბელის ძე, დავითის სახლიდან, ფარესის საგვარეულოდან, იუდას ტომიდან, 6ბრძნული სიტყვა რომ წარმოსთქვა სპარსთა მეფის, დარიოსის, წინაშე მისი მეფობის მეორე წელს, ნისანის თვის პირველში. 7ესენი არიან გადასახლების ტყვეობიდან გამოსული იუდაელნი, რომელნიც ბაბილონის მეფემ, ნაბუქოდონოსორმა, გადაასახლა ბაბილონში, 8და იერუსალიმსა და სხვა ადგილებში დაბრუნდნენ, თვითეული თავის ქალაქში, თავიანთ წინამძღოლებთან – ზერუბაბელსა და იესოსთან, ნეემიასა და ზერაიასთან, რესაიასთან და ენენიოსთან, მარდოქაისა და ბეელსაროსთან, ასფარასოსსა და რეელიასთან, რეხუმსა და ბაანასთან ერთად მოსულნი. 9ხალხისა და მისი წინამძღოლების რიცხვი: ფაროშის ძენი – 2172. 10შაფათის ძენი – 471; არახის ძენი – 756. 11ფახათ-მოაბის ძენი, იესოსა და იოაბის ძეებთან ერთად, – 2812. 12ოლამის ძენი – 1254; ზათუს ძენი – 945; ხორბეს ძენი – 705; ბანის ძენი – 648. 13ბებაის ძენი – 623; აზგადის ძენი – 1322. 14ადონიკამის ძენი – 667; ბიგვაის ძენი – 2066; ადინის ძენი – 454. 15ეზეკიას ძის, ატერის ძენი – 92; კილანისა და აზეტას ძენი – 67; აზურუს ძენი – 432. 16ანნიას ძენი – 101; არომის ძენი, ბასაის ძენი – 323; არიფოსის ძენი – 112. 17ბაიტერუსის ძენი – 3005; ბეთლომონის ძენი – 123. 18ნეტოფასაგან – 55; ანათოთისაგან – 158; ბეთასმოთისგან – 42. 19კირიათარიმისგან – 25; ქეფირასა და ბეეროთისგან – 743. 20ქადიასაისნი და ამიდიოისნი – 422; კირამასა და გებასგან – 621. 21მაკალონისაგან – 122; ბეთოლიოსაგან – 52; ნიფიშის ძენი – 156. 22კალამოლალოსი და ონოს ძენი – 725; იერეხოს ძენი – 345. 23სენაას ძენი – 3330. 24მღვდლები: იესოს ძის იედაიას ძენი ანასიბის ძეებთან ერთად – 972; იმერის ძენი – 1052. 25ფაშხურის ძენი – 1247; ხარმის ძენი – 1017. 26ლევიანები: იესოს, კადმიელის, ბანას და სუდიას ძენი – 74. 27მგალობელნი: ასაფის ძენი – 128. 28მეკარენი: შალუმის ძენი, ატერის ძენი, ტალმონის ძენი, აკუბის ძენი, ხატიტას ძენი, შობაის ძენი, სულ – 139. 29ტაძრის მსახურნი: ციხას ძენი, ხაშუფას ძენი, ტაბაოთის ძენი, კეროსის ძენი, სუას ძენი, ფადონის ძენი, ლებანას ძენი, აგაბას ძენი, 30აკუდის ძენი, ყუთაის ძენი, კეტაბის ძენი, აგაბას ძენი, სუბაის ძენი, ანანის ძენი, კათუას ძენი, გედურის ძენი, 31დაირუსის ძენი, დაისანის ძენი, ნოებას ძენი, ქეზიბის ძენი, გაზერას ძენი, უზას ძენი, ფინოეს ძენი, ასრას ძენი, ბასთაის ძენი, ასნას ძენი, მაანის ძენი, ნეფისიმის ძენი, ხაკუფას ძენი, აქიბას ძენი, ასურის ძენი, ფარაკიმის ძენი, ბასალოთის ძენი, 32მეხიდას ძენი, ქუთას ძენი, ხარეას ძენი, ბარკოსის ძენი, სერარის ძენი, თემას ძენი, ნეციახის ძენი, ხატიფას ძენი, 33სოლომონის მსახურთა ძენი: ასაფიოთის ძენი, ფერუდას ძენი, იეელის ძენი, ლოზონის ძენი, ისდაელის ძენი, შეფატიას ძენი, 34აგიას ძენი, ფოქერეთ-ჰაცებაიმის ძენი, საროთიეს ძენი, მასიას ძენი, გასის ძენი, ადუსის ძენი, სუბასის ძენი, აფერას ძენი, ბაროდისის ძენი, შაფათის ძენი, ამონის ძენი. 35სულ ტაძრის მსახურნი და სოლომონის მსახურთა ძენი – 372. 36ესენი არიან თელ-მელახიდან და თელ-ხარშადან გამოსულნი; მათი წინამძღვარნი – ქერუბი, ადანი და იმერი. 37ზოგმა ვერ შეძლო თავისი მამულის და ტომის ჩვენება და ვერ დაამტკიცა, რომ ისრაელის მოდგმისაა; ესენი არიან: ტობიას ძის – დელაიას ძენი, ნეკოდას ძენი – 652. 38მღვდელთაგანნი, მღვდელმსახურებას რომ ასრულებდნენ, მაგრამ სიაში კი არ აღმოჩნდნენ: ჰობაიას ძენი, აკოსის ძენი, იადუს ძენი, რომელმაც ცოლად შეირთო აგია, ბარზილაის ერთ-ერთი ასული, და მისი სახელით იწოდა. 39რაკი ძიებისას საგვარტომო სიაში არ აღმოჩნდნენ, განშორებულ იქნენ მღვდლობისგან. 40უთხრეს მათ ნეემიამ და ათარიასმა, არ ზიარებოდნენ სიწმიდეთ, ვიდრე არ აღდგებოდა ურიმ-თუმიმით შემოსილი მღვდელმთავარი. 41სულ იყვნენ ისრაელის ძენი, თორმეტწლიანებიდან მოყოლებული, მონათა და მხევალთა გარდა, 42360; მონები და მხევლები – 7337; მგალობელნი და მეფსალმუნენი – 245. 42აქლემი – 435, ცხენი – 7036, ჯორი – 245, საუღლე საქონელი – 5525.
43ღვთის ტაძარს რომ მიადგნენ იერუსალიმში, გვარის ზოგიერთმა თავკაცმა აღთქმა დადო, რომ შეძლებისდაგვარად აღადგენდა უფლის სახლს იმავ ადგილას; 44ტაძრის საგანძურში მშენებლობისათვის დადებდა ათას ოქროს მნას, 5 ათას მნას ვერცხლისას და სამღვდელო სამოსელს. 45მღვდლები, ლევიანები და ხალხის ნაწილი იერუსალიმსა და მის შემოგარენში დასახლდნენ, მგალობლები, მეკარენი და მთელი ისრაელი კი – თავიანთ სოფლებში.
46მეშვიდე თვის დამდეგს, როცა ისრაელის ძენი უკვე თავ-თავიანთ სამკვიდრებლებში იყვნენ, ერთად მოიყარეს თავი გაშლილ ადგილას, აღმოსავლეთის პირველ კარიბჭესთან. 47ადგა იესო, იოსედეკის ძე, მისი მღვდელმსახური ძმები, ზერუბაბელი, შეალთიელის ძე და მისი ძმები, და განუმზადეს სამსხვერპლო ისრაელის ღმერთს, 48რათა მასზე შეეწირათ სრულადდასაწველი, როგორც წერია მოსეს, ღვთისკაცის წიგნში. 49და შეიკრიბნენ მათთან იმ ქვეყნის სხვა ტომთაგანნიც და აღმართეს სამსხვერპლო თავის ადგილას, რადგანაც მტრობდნენ მათ, და მძლავრობდა მათზე იმ ქვეყნის ყველა ტომი; ხოლო მათ თავის დროზე მოჰქონდათ მსხვერპლი და დილა-საღამოს სრულადდასაწველს სწირავდნენ უფალს. 50კარვობის დღესასწაულს იხდიდნენ, როგორც აწესებს რჯული, და განაწესისამებრ სწირავდნენ მსხვერპლს, 51რასაც თან ერთვოდა შაბათთა, ახალმთვარობათა და ყველა წმიდა დღესასწაულის განუწყვეტელი ძღვენი და მსხვერპლი. 52და ყველას, ვინც მეშვიდე თვის ახალმთვარობისას აღთქმა დაუდო ღმერთს, მოჰქონდა მსხვერპლი ღვთისათვის, თუმცა ტაძარი ჯერ კიდევ არ აგებულიყო. 53ვერცხლსა და სასმელ-საჭმელს აძლევდნენ ქვისმთლელებსა და ხუროებს, ურმებს – ტვიროსელებსა და სიდონელებს, რათა კედარის ხე-ტყე გამოეზიდათ ლიბანიდან და ტივებით შემოეტანათ იაფოს ნავსადგურში, როგორც უბრძანა მათ კვიროსმა, სპარსეთის მეფემ.
54იერუსალიმში ღვთის ტაძართან მოსვლიდან მეორე წელს და მეორე თვეს ზერუბაბელმა, შეალთიელის ძემ, იესომ, იოსედეკის ძემ და მათმა ძმებმა, მღვდლებმა, ლევიანებმა, და ტყვეობიდან ყველა გამოსულმა 55საძირკველი ჩაუყარეს ღვთის ტაძარს იუდასა და იერუსალიმში მოსვლის მეორე წელს და მეორე თვეს, ახალმთვარობისას. 56და მიუყენეს ლევიანები, ოცწლიანებიდან მოყოლებული უფლის საქმეს; დადგა იესო თავის ვაჟებსა და ძმებთან ერთად, ძმა კადმიელი, და ძენი იესო ჰემადაბუნის და ილიადუნის ძის – იოდას ძენი, ვაჟიშვილებით და ძმებითურთ, ყველა ლევიანი, ერთსულოვნად აღძრული უფლის სახლის ასაშენებლად. 57და ააშენეს მშენებლებმა უფლის ტაძარი; დადგნენ შემოსილი მღვდლები საკრავებით და საყვირებით, ხოლო ასაფის ძენი – დაფდაფებით, უგალობდნენ და ისრაელის მეფის – დავითის წესისამებრ ადიდებდნენ ღმერთს. 58მადიდებელნი საგალობელთა გუგუნით უხმობდნენ უფალს, რომ მისი მადლი და დიდება უკუნისამდეა მთელ ისრაელზე. 59საყვირებს ახმიანებდა მთელი ხალხი და ღაღადისით ადიდებდა უფალს ღვთის სახლის აღდგენისათვის. 60ხოლო უხუცესნი და გვართა თავკაცნი ლევიანთაგან თუ მღვდელთაგან, რომელთაც ენახათ უწინდელი სახლი, ხმამაღალი მოთქმა-გოდებით მოვიდნენ მშენებლობის მოსახილავად; 61მრავალნი კი – საყვირებითა და მხიარული ყიჟინით; 62მაგრამ ხალხს არც კი ესმოდა საყვირთა ხმა ამ გნიასში, თუმცაღა ბევრი ხმამაღლა აგუგუნებდა საყვირებს, ასე რომ, მათი გუგუნი შორს ისმოდა; 63გაიგონეს იუდასა და ბენიამინის ტომების მტრებმა და მოვიდნენ იმის გასაგებად, თუ რას მოასწავებდა საყვირთა ხმა. 64შეიტყეს, რომ ტყვეობიდან დაბრუნებულნი ტაძარს უშენებენ ღმერთს, ისრაელის ღმერთს. 65ზერუბაბელს, იესოსა და გვართა წინამძღოლებს მიადგნენ და უთხრეს, ჩვენც თქვენთან ერთად ვაშენებთო; 66რადგან ჩვენც თქვენსავით ვუსმენთ თქვენს უფალს და მსხვერპლს ვწირავთ მას ასურთა მეფის ესარხადონის დროიდან, რომელმაც აქ გადმოგვასახლაო. 67უთხრეს მათ ზერუბაბელმა, იესომ და ისრაელის გვართა წინამძღოლებმა: „თქვენთად ერთად ვერ ავუშენებთ ტაძარს ჩვენს ღმერთს და უფალს. 68ჩვენ თვითონ უნდა ავუგოთ იგი ისრაელის უფალს, როგორც გვიბრძანა კვიროსმა, სპარსელთა მეფემ.“ 69ხოლო იმ ქვეყნის ხალხები ავიწროებდნენ იუდაში მყოფთ და აბრკოლებდნენ მშენებლობას. 70ვერაგობით აშფოთებდნენ ხალხს და ხელს უშლიდნენ მშენებლობის დასრულებას მთელი იმ ხნის განმავლობაში, ვიდრე კვიროსი ცოცხალი იყო. 71ასე რომ – მშენებლობა ორ წელიწადს გაჭიანურდა დარიოსის გამეფებამდე.
Currently Selected:
1 Esdras (Greek) 5: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013