1 Corinthians 15
15
1მინდა გაგახსენოთ თქვენ, ძმებო, სახარება, რომელიც გახარეთ, რომელიც მიიღეთ კიდეც და რომელზედაც დგახართ. 2რომლითაც გადარჩებით კიდეც, თუ დაიცავთ სიტყვას, რომელიც მე გახარეთ. ასე რომ არ იყოს, მაშინ ამაოდ გირწმუნიათ.
3რადგან თავიდანვე გადმოგეცით ის, რაც მე თავად მივიღე, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის, როგორც წერილებშია, #ესა 53:5-12. 4რომ დაიმარხა და აღდგა მესამე დღეს, როგორც წერილებშია, #ფს 15:8-10; მთ 12:40; საქ 2:24-32. 5და რომ გამოეცხადა კეფას და შემდეგ თორმეტს. #ლკ 24:34,36; მთ 28:16,17; მრკ 16:14; იო 20:19. 6შემდეგ გამოეცხადა ხუთასზე მეტ ძმას ერთდროულად, რომელთაგან უმრავლესნი აქამდე ცოცხალნი არიან, ზოგმა კი განისვენა. 7შემდეგ გამოეცხადა იაკობს და მერე ყველა მოციქულს. 8ხოლო ყველაზე ბოლოს, როგორც უდღეურს, გამომეცხადა მეც. #საქ 9:3-6. 9რადგან უმცირესი ვარ მოციქულთა შორის და მოციქულად წოდების ღირსიც არა ვარ, რადგან ვდევნიდი ღმერთის ეკლესიას.#საქ 8:3. 10მაგრამ ღმერთის მადლით ვარ, რაც ვარ. და მისი მადლი არ იყო ჩემს მიმართ ფუჭი, არამედ ყველა მათგანზე მეტი ვიშრომე – არა მე, არამედ ღმერთის მადლმა, რომელიც ჩემთანაა. 11და აჰა, მე ვარ თუ ისინი, ასე ვქადაგებთ და თქვენც ასე ირწმუნეთ.
12ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ ის აღდგა მკვდრეთით, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, რომ არ არსებობს მკვდრეთით აღდგომა? 13მკვდრეთით აღდგომა თუ არ არის, მაშინ ქრისტეც არ აღმდგარა. 14ხოლო ქრისტე თუ არ აღდგა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭია და ფუჭია თქვენი რწმენაც. 15მაშინ ჩვენ ღმერთის ცრუმოწმენი ვიქნებოდით, რადგან ვამოწმებთ ღმერთზე, რომ მან აღადგინა ქრისტე, რომელიც, გამოდის, არ აღუდგენია, თუ მართლაც არ აღდგებიან მკვდრები. 16რადგან, თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. 17ხოლო თუ ქრისტე არ აღდგა, თქვენი რწმენა ფუჭია და კვლავ თქვენს ცოდვებში ხართ. 18მაშინ ისინიც დაღუპულან, რომელთაც ქრისტეში განისვენეს. 19და თუ ჩვენ მხოლოდ ამ ცხოვრებაში გვაქვს ქრისტეს იმედი, ყველა ადამიანზე საცოდავნი ვყოფილვართ.
20მაგრამ ქრისტე აღდგა მკვდრეთით, განსვენებულთაგან პირველი. 21რადგან, როგორც ერთი კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე ერთი კაცის მიერ არის მკვდრეთით აღდგომა. 22რადგან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე ქრისტეში გაცოცხლდება ყველა, 23თითოეული თავისი წესით: პირველად – ქრისტე, ხოლო შემდეგ ქრისტესნი მისი მოსვლისას. 24მერე კი იქნება დასასრული, როდესაც მეფობას გადასცემს უფალსა და მამას, მას შემდეგ, რაც გააუქმებს ყოველ მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალას. 25რადგან მან უნდა იმეფოს, ვიდრე თავის ფეხქვეშ მოაქცევს ყველა თავის მტერს. #ფს 109:1. 26ხოლო უკანასკნელი მტერი, რომელიც განქარდება, სიკვდილია. 27რადგან „ყოველივე დაუმორჩილა მას ფეხქვეშ.“ ხოლო როცა ნათქვამია, რომ ყოველივე მას დაემორჩილა, ცხადია, გარდა იმისი, ვინც დაუმორჩილა მას ყოველივე. #ფს 8:7. 28და როდესაც ყოველივე დაემორჩილება მას, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყოველივე მას დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში.
29ასე რომ არ იყოს, რას აკეთებენ მკვდრებისთვის მონათლულნი? თუ მკვდრები საერთოდ არ აღდგებიან, რატომ ხდება მონათვლა მკვდრებისათვის?
30და ჩვენც ყოველჟამს რატომ ვართ საფრთხეში? 31ვფიცავ თქვენდამი ჩემს სიქადულს, ძმებო, რომელიც ჩვენს უფალ ქრისტე იესოში მაქვს, რომ ყოველდღე ვკვდები. 32თუ ადამიანურად ვებრძოდი ავ მხეცებს ეფესოში, რა სარგებელი მაქვს, თუ მკვდრები არ აღდგებიან? ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით! #ესა 22:13. 33ნუ მოტყუვდებით: „ცუდი წრე ხრწნის კეთილ ჩვევებს.“ 34გამოფხიზლდით ჭეშმარიტად და ნუ სცოდავთ. რადგან თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ, რომ ზოგიერთები არ იცნობენ ღმერთს.
35მაგრამ იტყვის ვინმე: „როგორ აღდგებიან მკვდრები და რომელ სხეულში მოვლენ?“ 36უგუნურო! რასაც დათესავ, არ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა. 37და როცა თესავ, იმ სხეულს კი არ თესავ, რომელიც აღმოცენდება, არამედ შიშველ მარცვალს, ხორბლისას თუ რომელიმე სხვისას. 38ხოლო ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორც ნებავს, თითოეულ თესლს თავის სხეულს. 39ყოველი სხეული ერთგვარი სხეული როდია, არამედ ადამიანის სხეული სხვანაირია, ცხოველის სხეული სხვანაირი, ფრინველის სხეული სხვანაირი, თევზისა სხვანაირი. 40არის ციური სხეულები და არის მიწიერი სხეულები, და ციურის დიდება სხვაა და მიწიერისა – სხვა. 41სხვანაირია მზის დიდება, სხვანაირია მთვარის დიდება და სხვანაირია ვარსკვლავთა დიდება, რადგან ვარსკვლავიც განირჩევა ვარსკვლავისაგან დიდებით.
42ასევე მკვდრეთით აღდგომაც: ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელებით. 43ითესება დამცირებაში და აღდგება დიდებით. ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებით. 44ითესება მიწიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული. არის მიწიერი სხეული და არის სულიერი სხეული. 45ასეც წერია: „პირველი კაცი, ადამი იქცა ცოცხალ არსებად,“ ხოლო უკანასკნელი ადამი – მაცოცხლებელ სულად. #დაბ 2:7. 46მაგრამ პირველად სულიერი კი არ შეიქმნა, არამედ ჯერ მიწიერი და შემდეგ სულიერი. 47პირველი კაცი მიწისგანაა და მტვრისაგან, მეორე კაცი – ცისგან. 48როგორც მიწიერი, ისევე მიწიერნი, და როგორც ზეციერი, ისევე ზეციერნი. 49და როგორც ვატარებდით მიწიერის ხატებას, ასევე ვატარებთ მომავალში ზეციერის ხატებასაც.
50ამას კი გეტყვით, ძმებო, რომ ხორცსა და სისხლს არ ძალუძს ღმერთის სასუფევლის დამკვიდრება, და ხრწნადი ვერ დაიმკვიდრებს უხრწნელებას. 51აი, საიდუმლოს გეუბნებით მე: ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით,#1თს 4:15-17. 52ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელ საყვირზე. რადგან დასძახებს საყვირი და მკვდრები აღდგებიან უხრწნელად, ხოლო ჩვენ შევიცვლებით. 53რადგან ეს ხრწნადი უხრწნელებით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი უკვდავებით უნდა შეიმოსოს. 54ხოლო როცა ეს ხრწნადი უხრწნელებით შეიმოსება და ეს მოკვდავი – უკვდავებით, მაშინ ახდება დაწერილი სიტყვა: „სიკვდილი შთაინთქა ძლევით.“#ესა 25:8. 55„სად არის, სიკვდილო, შენი ნესტარი? სად არის, ჯოჯოხეთო, შენი ძლევა?“ #ოს 13:14. 56სიკვდილის ნესტარია ცოდვა, ხოლო ცოდვის ძალა რჯულია. 57მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს ჩვენ ძლევას ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით.
58ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო, იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ ამრავლეთ უფლის საქმენი, რადგან იცით, რომ ფუჭი არაა თქვენი შრომა უფლის წინაშე.
Currently Selected:
1 Corinthians 15: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013