1 Corinthians 14
14
1ესწრაფეთ სიყვარულს და ეშურეთ სულიერ ნიჭებს, ყველაზე მეტად კი წინასწარმეტყველებას. 2რადგან, ენით მოლაპარაკე ადამიანებს კი არ ელაპარაკება, არამედ ღმერთს, რადგან არავის ესმის მისი. სულით ლაპარაკობს ის საიდუმლოებებს. 3ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ის ადამიანებს ელაპარაკება აღსაშენებლად, სანუგეშებლად და გასამხნევებლად. 4ენით მოლაპარაკე თავის თავს აშენებს, ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ეკლესიას აშენებს. 5მსურს, რომ თქვენ ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით. კიდევ უფრო მეტად მსურს, რომ წინასწარმეტყველებდეთ, რადგან, ის, ვინც წინასწარმეტყველებს, ენებით მოლაპარაკეზე მეტია, თუ განმარტავს კიდეც, რათა ეკლესია აღშენდეს.
6რადგან, ძმებო, რა სარგებლობას მოგიტანთ, თუ მოვალ თქვენთან და ვილაპარაკებ ენებით, და არ გაუწყებთ ან გამოცხადებით, ან ცოდნით, ან წინასწარმეტყველებით, ან მოძღვრებით? 7ასევეა უსულო საგნებიც, რომლებიც ხმას გამოსცემენ – სალამური ან ქნარი, თუ ისინი ხმებში განსხვავებებს არ იძლევიან, როგორ შეიცნობა, რას უკრავენ სალამურზე ან ქნარზე? 8თუ საყვირი გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საბრძოლველად? 9ასევე თქვენც, – თუ ენით გაურკვეველ სიტყვას წარმოთქვამთ, როგორ გაიგება ნათქვამი? ჰაერში ილაპარაკებთ. 10რამდენი განსხვავებული სიტყვაა ქვეყნიერებაზე და მათგან არც ერთი არ არის უმნიშვნელო. 11ამიტომ, თუ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცი, უცხო ვიქნები მოლაპარაკისათვის, ხოლო მოლაპარაკე – უცხო იქნება ჩემთვის. 12ასევე თქვენც, რაკი იღწვით სულიერი ნიჭებისათვის, ეცადეთ გამდიდრდეთ ეკლესიის აღსაშენებლად.
13ამიტომ ილოცოს ენით მოლაპარაკემ იმისათვის, რომ განმარტებაც შეძლოს. 14რადგან, როცა ენით ვლოცულობ, ჩემი სული ლოცულობს, ჩემი გონება კი უნაყოფოა. 15მაშ, რა ვქნათ? – ვილოცებ სულით და ვილოცებ გონებითაც; ვიგალობებ სულით და ვიგალობებ გონებითაც. 16რადგან, თუ სულით ადიდებ, როგორ იტყვის ამინს შენს მადლობაზე უმეცართაგანი ვინმე, თუ არ ესმის, რას ამბობ შენ? 17თუმცა შენ კეთილად სწირავ მადლს, მაგრამ სხვა არ შენდება. 18ვმადლობ ჩემს ღმერთს, რომ ყველა თქვენგანზე მეტს ვლაპარაკობ ენებით. 19მაგრამ მირჩევნია ეკლესიაში ხუთი სიტყვა ვთქვა ჩემი გონებით, რათა სხვებსაც ვასწავლო, ვიდრე 10 ათასი სიტყვა – ენებით.
20ძმებო! ნუ იქნებით ბავშვები გონებით. მხოლოდ ბოროტებისათვის იყავით ბავშვები, გონებისთვის კი – სრულწლოვანნი! 21რჯულში წერია: „სხვა ენებით და სხვათა ბაგეებით დაველაპარაკები ამ ხალხს, და მაინც არ მომისმენენ მე, ამბობს უფალი.“ #ესა 28:11,12. 22ამიტომ ენითმეტყველება მორწმუნეთათვის კი არ არის ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის. ხოლო წინასწარმეტყველება კი ურწმუნოთათვის კი არ არის, არამედ მორწმუნეთათვის. 23და აი, თუ მთელი ეკლესია ერთად შეიკრიბება და ყველანი ილაპარაკებენ ენებით და შემოვლენ უმეცარნი ან ურწმუნონი, განა არ იტყვიან, შეშლილები ხომ არა ხართო? 24მაგრამ, თუ ყველანი წინასწარმეტყველებენ და შემოვა ვინმე ურწმუნო ან უმეცარი, და მას ყველა ამხელს და ყველა განსჯის, 25ამრიგად გამომჟღავნდება მისი გულის დაფარული. ის დაემხობა ძირს, თაყვანს სცემს ღმერთს და აღიარებს, რომ ჭეშმარიტად თქვენს შორის არის ღმერთი.
26მაშ, რაღა, ძმებო? როცა თქვენ იკრიბებით და თითოეულს აქვს ფსალმუნი, აქვს სწავლა, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება – ყოველივე ეს ხდებოდეს აღსაშენებლად. 27თუ ვინმე ლაპარაკობს ენებით, ილაპარაკოს ორმა, ან, დიდი-დიდი, სამმა, ერთიმეორის მიყოლებით, და ერთმა განმარტოს. 28ხოლო თუ არ არის განმმარტებელი, მაშინ გაჩუმდეს ეკლესიაში და ელაპარაკოს თავის თავს და ღმერთს. 29წინასწარმეტყველებმა კი ილაპარაკონ ორმა ან სამმა, ხოლო სხვებმა განსაჯონ. 30თუ სხვას ექნება იქ მჯდომთაგან გამოცხადება, პირველი გაჩუმდეს. 31ყველას თანამიმდევრობით შეგიძლიათ წინასწარმეტყველება, რათა ყველამ ისწავლოს და ყველამ ინუგეშოს. 32რადგან წინასწარმეტყველთა სულები ემორჩილებიან წინასწარმეტყველთ. 33რადგან ღმერთი არეულობისა ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობისა.
34ისე, როგორც ეს წმიდათა ყველა ეკლესიაშია, ქალებმა იყუჩონ ეკლესიებში, რადგან უფლება არა აქვთ ილაპარაკონ, არამედ მორჩილად უნდა იყვნენ, როგორც ამას რჯულიც ამბობს. 35ხოლო თუ რამის შესწავლა სურთ, ჰკითხონ თავიანთ ქმრებს სახლში. რადგან შეუფერებელია ქალისათვის ეკლესიაში ლაპარაკი. 36განა თქვენგან გამოვიდა ღმერთის სიტყვა? ან მარტო თქვენამდე მოაღწია?
37თუ ვინმეს თავი წინასწარმეტყველი ჰგონია, ანდა სულიერების მქონე, შეიგნოს ის, რასაც მე თქვენ გწერთ, რადგან ეს უფლის მცნებაა. 38ხოლო ვინც ამას არ აღიარებს, თვით არ იქნება აღიარებული. 39მაშ, ასე, ძმებო, ეშურეთ, რომ იწინასწარმეტყველოთ, მაგრამ ნუ აკრძალავთ ენებით ლაპარაკს. 40იზრუნეთ, რომ ყველაფერი საკადრისად და წესიერად ხდებოდეს.
Currently Selected:
1 Corinthians 14: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013