ზაქ. 14
14
უფლის დღე
1აჰა, დადგება დღე უფლისაგან და დანაწილდება შენი ნადავლი შენს წიაღში.
2თავს მოვუყრი ყველა ხალხს იერუსალიმის წინააღმდეგ საბრძოლველად. აღებული იქნება ქალაქი, სახლები გაიძარცვება და ქალები გაუპატიურდებიან, ნახევარი ქალაქი ტყვედ წავა, დანარჩენი ხალხი კი არ მოიკვეთება ქალაქიდან.
3გამოვა უფალი და შეებრძოლება ამ ხალხს, როგორც ოდესღაც ომობდა ბრძოლის დღეს.
4შედგება მისი ფეხი ამ დღეს ზეთისხილის მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ რომ არის, აღმოსავლეთით, შუაზე გაიპობა ზეთისხილის მთა – აღმოსავლეთიდან დასავლეთით – და გაჩნდება ძალზე დიდი ხეობა. მთის ერთი ნახევარი ჩრდილოეთისკენ წავა, მეორე ნახევარი – სამხრეთისკენ.
5გაიქცევით ჩემი მთების ხეობაში, რადგან ხეობა მთებს შორის აცალამდე მიაღწევს. გაიქცევით, როგორც მიწისძვრისგან გარბოდით იუდას მეფის, ყუზიას დროს. მაშინ მოვა უფალი, ჩემი ღმერთი, და ყველა წმიდა მასთან ერთად.
6იმ დღეს აღარ იქნება ნათელი, იქნება სიცივე და ყინვა.
7იქნება ერთი დღე, უფლისთვის საცნაური: არც დღე და არც ღამე. მხოლოდ საღამოჟამს იქნება ნათელი.
8იმ დღეს იქნება, რომ იდინებს იერუსალიმიდან სიცოცხლის წყალი. ერთი ნახევარი აღმოსავლეთის ზღვისკენ წავა, მეორე ნახევარი – დასავლეთის ზღვისკენ. ზამთარ-ზაფხულ ასე იქნება.
უფალი იმეფებს მთელს ქვეყანაზე
9იქნება უფალი მეფედ მთელს ქვეყანაზე. იმ დღეს ერთი იქნება უფალი და მისი სახელიც ერთი იქნება.
10ვაკედ იქცევა მთელი ქვეყანა გებაყიდან რიმონამდე, იერუსალიმის სამხრით. იერუსალიმი კი ამაღლდება და დარჩება თავის ადგილზე ბენიამინის კარიბჭიდან პირველი კარიბჭის ადგილამდე, კუთხის კარიბჭემდე, და ხანანელის კოშკიდან მეფის საწნახლებამდე.
11იცხოვრებენ მასში და აღარ იქნება შეჩვენება, და მშვიდად იცხოვრებს იერუსალიმი.
12ეს იქნება სატანჯველი, რომელითაც დატანჯავს უფალი ყველა ხალხს, ვინც კი გაილაშქრებს იერუსალიმზე. ზეზეულად შემოალპებათ ხორცი, დაულპებათ თვალები ფოსოებში და ენა დაულპებათ პირში.
13იმ დღეს იქნება, რომ დიდი არეულობა ჩამოვარდება მათ შორის უფლისაგან. ხელს ჩასჭიდებენ ერთიმეორეს და ერთის ხელი მეორის ხელის წინააღმდეგ აღიმართება.
14იუდაც შეებრძოლება იერუსალიმს. დახვავდება ყველა გარეშემო ხალხის დოვლათი – ოქრო-ვერცხლი და დიდძალი სამოსელი.
15ასეთივე იქნება სატანჯველი ცხენთა და ჯორთა, აქლემთა და სახედართა, ყოველი პირუტყვისა, რომელიც კი მათ ურდოებში იქნება.
16მოხდება ისე, რომ ვინც კი გადარჩება იმ ხალხებიდან, იერუსალიმს რომ ესხმოდნენ თავს, წლიდან წლამდე ივლიან მეფის, ცაბაოთ უფლის, თაყვანსაცემად და კარვობის სადღესასწაულოდ.
17მოხდება ისე, რომ თუ ვინმე ქვეყნის ტომთაგანი არ ავა იერუსალიმს მეფის, ცაბაოთ უფლის, თაყვანისსაცემად, წვიმა არ იქნება მათზე.
18თუ ეგვიპტის ტომი არ ავა და არ შევა იქ, წვიმა არ იქნება მასზე. იქნება სატანჯველი, რითაც დატანჯავს უფალი ხალხებს, რომლებიც არ ადიან კარვობის სადღესასწაულოდ.
19ეს ექნება სასჯელად ეგვიპტეს და სასჯელად ყველა ხალხს, რომელიც არ ივლის კარვობის სადღესასწაულოდ.
20იმ დღეს იქნება წარწერილი ცხენთა ზანზალაკებზე: სიწმიდე უფალს. და ქვაბები უფლის სახლში შეირაცხება, როგორც სასხურებელი თასები სამსხვერპლოს წინაშე.
21ყოველი ქვაბი იერუსალიმში და იუდაში წმიდა იქნება ცაბაოთ უფლისათვის. მოვა ყოველი შემწირველი, აიღებს მათგან და მოხარშავს მათში. აღარ იქნება იმ დღეს ქანაანელი ცაბაოთ უფლის სახლში.
Currently Selected:
ზაქ. 14: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002