მალ. 1
1
ღმერთის სიყვარული ისრაელისადმი და მათი უმადურობა
1განაჩენი. სიტყვა უფლისა ისრაელისადმი მალაქიას პირით:
2„მე შეგიყვარეთ თქვენ“, – ამბობს უფალი. თქვენ კი ამბობთ: „რისთვის შეგვიყვარე“? „განა ესავი იაკობის ძმა არ არის?“ – ამბობს უფალი, – „მაგრამ მე იაკობი შევიყვარე,
3ესავი კი შევიძულე და გავაუკაცრიელე მისი მთები და უდაბნოს ტურებს მივეცი მისი სამკვიდრო.“
4თუმცა ამბობს ედომი: „დარბეული ვართ, მაგრამ კვლავ ავაშენებთ ნაოხარს“. ცაბაოთ უფალი ასე ამბობს: „ისინი ააშენებენ და მე დავანგრევ. დაარქმევენ მათ ბოროტების მხარეს და ისეთ ხალხს, რომელსაც სამუდამოდ შემოსწყრა უფალი.“
5იხილავენ ამას თქვენი თვალები და იტყვით: „იდიდა უფალმა ისრაელის საზღვრებს გარეთ.“
6„‘შვილი პატივს სცემს მამას და ყმა – თავის ბატონს. თუ მამა ვარ, სად არის ჩემი პატივისცემა? თუ მათი ბატონი ვარ, სად არის ჩემდამი შიში?’ თქვენ გეუბნებათ ცაბაოთ უფალი, მღვდლებო, ჩემი სახელის შეურაცხმყოფელნო, თქვენ კი ამბობთ: ‘რითი შეურაცხვყავით შენი სახელი?’
7მოგაქვთ წაბილწული პური ჩემს სამსხვერპლოზე და ამბობთ: რითი წაგბილწეთო? იმით, რომ ამბობთ: უფლის ტაბლა რა პატივის ღირსიაო.
8ბრმას რომ მწირავთ მსხვერპლად, ცუდი არ არის? კოჭლი და სნეული რომ მოგყავთ, ცუდი არ არის? აბა, მიართვი იგი შენს ხელისუფალს, თუ მოგიწონოს ან თუ კეთილად შემოგხედოს? – ამბობს ცაბაოთ უფალი. –
9ახლა კი შეევედრეთ ღმერთს, ვინძლო შეგიწყალოთ. როგორ შემოგხედოთ კეთილად, როცა ეს გამოდის თქვენი ხელიდან? – ამბობს ცაბაოთ უფალი. –
10რომელმა თქვენგანმა დახშა კარი, რომ ფუჭად არ ანთებდეთ ცეცხლს ჩემს სამსხვერპლოზე! არ მეთნევით, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – და არ მეამება თქვენი ხელით მორთმეული ძღვენი.
11რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში მზის აღმოსავალიდან დასავალამდე. ყოველ ადგილს დაუკმევენ საკმეველს ჩემს სახელს და წმიდა ძღვენს შემომწირავენ, რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში, – ამბობს ცაბაოთ უფალი. –
12თქვენ კი შელახეთ იგი თქვენი ნათქვამით: უფლის ტაბლა წაბილწულიაო და ნაყოფი მისი შესაზიზღიაო საჭმელად.
13ამბობთ: აჰა, რა დამქანცველიაო. და გძულთ იგი, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – და მოგყავთ ნატაცები, კოჭლი და სნეული. ძღვენიც ასეთივე მოგაქვთ – როგორ მეამოს მისი მიღება თქვენი ხელიდან? – ამბობს უფალი. –
14წყეულიმც იყოს ის თვალთმაქცი, ვისაც მამალი პირუტყვი ჰყავს ფარაში, მაგრამ დასახიჩრებულს აღუთქვამს მსხვერპლად უფალს! რადგან დიდი მეფე ვარ მე, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – და საშინელია ჩემი სახელი ხალხებში.“
Currently Selected:
მალ. 1: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002