Bible App logo
Search Icon

სიბრძნე სოლომონისა 19

19
1უღვთოთა მიმართ კი ბოლომდე გაგრძელდა უწყალო რისხვა, რადგანაც ღმერთი წინასწარ ჭვრეტდა ყველაფერს, რაც უნდა ჩაედინათ.
2მას შემდეგ, რაც წასვლის ნებას დართავდნენ და სასწრაფოდ გაისტუმრებდნენ მის ხალხს, სინანული შეიპყრობდათ და უკან დაედევნებოდნენ.
3და მართლაც, ვიდრე ჯერ კიდევ მგლოვიარენი თავიანთი მკვდრების საფლავებს დასტიროდნენ, უფრო შლეგური რამ განიზრახეს: იმათ, ვისაც ევედრებოდნენ – წადითო, უკან გამოსდევნებოდნენ, როგორც ლტოლვილებს.
4ამ უკიდურესობისაკენ უბიძგებდა მათ ბედისწერა, რისი ღირსნიც იყვნენ; ამიტომაც დაივიწყეს, რაც თავს გადახდათ, რათა სასჯელით შეევსოთ, რაც მათ ტანჯვა-წამებას აკლდა;
5რათა შენი ხალხი არნახული მგზავრობით გამოგეცადა, მტერი კი უჩვეულო სიკვდილით დაღუპულიყო.
6რადგანაც მთელმა ქმნილებამ, შენი ბრძანებისამებრ ბუნება იცვალა, რათა შენი შვილები უვნებელნი დარჩენილიყვნენ.
7ბანაკს ღრუბელი ფენდა ჩრდილს, ხოლო იქ, სადაც მანამდე წყალი იდგა, ხმელი გამოჩნდა, მეწამული ზღვა – დაუბრკოლებლად სავალ გზად, ბობოქარი ტალღები კი მწვანე ველად იქცა,
8რომლითაც გააღწია მთელმა ხალხმა, შენი ხელით დაცულმა და გამაოგნებელ სასწაულთა მხილველმა;
9ცხენებივით დაბალახობდნენ, კრავებივით დახტოდნენ და გადიდებდნენ თავიანთ მხსნელსა და უფალს.
10რადგან ჯერ კიდევ ახსოვდათ, რომ უცხო მხარეში ყოფნისას, მიწამ ცხოველთა ნაცვლად ჭიაყელები წარმოშვა, ხოლო მდინარემ თევზების ნაცვლად ურიცხვი გომბეშო ამოყარა.
11შემდეგ კი ჩიტების ახალი გვარიც იხილეს, გულისთქმას აყოლილნი ნოყიერ საზრდოს რომ ითხოვდნენ.
12რადგან მათდა სანუგეშებლად მწყრები მოფრინდნენ ზღვიდან,
13ცოდვილებს კი სასჯელი დაატყდათ თავს, რაც წინასწარვე ეუწყათ მეხთატეხით; სამართლიანად იტანჯებოდნენ თავიანთი ბოროტებისთვის, რაკიღა სასტიკ სიძულვილს იჩენდნენ უცხოთა მიმართ.
14თუ სხვები თავშესაფარს არ აძლევდნენ მათ კარზე მომდგარ უცხოელებს, ესენი მონებად აქცევდნენ სტუმრებს, რომლებიც მათი კეთილისმყოფელნი იყვნენ.
15თუმცა, არა მარტო ამათ, არც იმათ ასცდათ სასჯელი, ვინც მტრულად იღებდნენ სტუმრებს.
16ამათ კი, თუმცა სიხარულით მიიღეს, მაგრამ შემდეგ, როცა მოსულნი უფლებრივად გაუთანაბრდნენ მათ, ქანცგამწყვეტი შრომა დააკისრეს და შავ დღეში ჩაყარეს ისინი.
17ამიტომაც წაერთვათ თვალისჩინი, როგორც იმათ, მართლის კართან – განუჭვრეტელი უკუნით გარემოცულნი – შესასვლელს რომ ეძებდნენ.
18რადგან თვით სტიქიონებმაც იცვალეს სახე, როგორც ქნარის სიმთა რხევა ცვლის რიტმის ბუნებას, თუმცა ყოველი ბგერა თავის ჟღერადობას ინარჩუნებს; ამას ადვილად შევნიშნავთ, თუ დავუკვირდებით, რაც მოხდა;
19ვინაიდან ხმელეთის ცხოველები წყლის ცხოველებად იქცნენ, წყალში მცურავთ კი ხმელეთზე გადმოინაცვლეს.
20ცეცხლი წყალშიც ინარჩუნებდა ძალას, წყალმა კი დაკარგა თავისი დამშრეტი ბუნება.
21ალმა, პირიქით, მასში მოარულ ხრწნად ცხოველთა ხორცს ვერა ავნო რა, და ვერც ადვილად დნობადი ყინულის მსგავსი ღვთაებრივი საზრდო დაადნო.
22რადგანაც ყოველნაირად განადიდე, უფალო, შენი ხალხი და აამაღლე, და არ მიატოვე, არამედ მარად და ყველგან მხარში ედექი.

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in