Bible App logo
Search Icon

სიბრძნე სოლომონისა 18

18
1შენს წმიდათათვის კი ნათობდა უდიადესი ნათელი; ხოლო მტრებს ესმოდათ მათი ხმა, მაგრამ ხედვით კი ვერ ხედავდნენ, და ნეტარად მიაჩნდათ ისინი, რადგანაც არ იტანჯებოდნენ.
2მადლობას უხდიდნენ მათ იმის გამო, რომ არ ცდილობდნენ შური ეძიათ იმ ბოროტებისთვის, რაც მტარვალთაგან დაეთმინათ, და შენდობას სთხოვდნენ მათ.
3ამიტომაც მიეცი მათ ცეცხლოვანი სვეტი გზის მაჩვენებლად და უხიფათო მგზავრობისათვის – უვნებელი მზე.
4მტრები კი იმსახურებდნენ იმას, რომ არ ღირსებოდათ ნათელი და წყვდიადის ტყვეებად დარჩენილიყვნენ, რადგანაც დატყვევებული ჰყავდათ შენი შვილები, რომელთა მეშვეობითაც სჯულის უხრწნელი ნათელი უნდა მისცემოდა სამყაროს.
5როცა მათ განიზრახეს ამოეჟლიტათ წმიდათა ყრმები, თუმცა ერთი მიგდებული ჩვილი მაინც გადარჩა, სანაცვლოდ ურიცხვი შვილი წაართვი მათ და ბობოქარ წყალში მოაშთვე ყველანი ერთად.
6ეს ღამე წინასწარ ეუწყათ ჩვენს წინაპრებს, რათა მტკიცედ სცოდნოდათ აღთქმა, რაც ირწმუნეს, და მხნედ ყოფილიყვნენ.
7და შენი ხალხი ელოდა, როგორც მართალთა ხსნას, ისე მტრების დაღუპვასაც.
8და მართლაც, რითაც მტრები დასაჯე, იმითვე განგვადიდე ჩვენმა მხმობელმა.
9კეთილთა წმიდა შვილები ფარულად სწირავდნენ მსხვერპლს და ერთსულოვნად დაადგინეს საღვთო სჯულად, რომ წმიდათა წილხვედრი თანაბრად ყოფილიყო სიკეთეც და განსაცდელიც, და უკვე გალობდნენ მამათა საგალობლებს.
10საპირისპირო მხრიდან კი ისმოდა მტრების გნიასი და საწყალობელი მოთქმა-გოდება, რითაც გლოვობდნენ დაღუპულ შვილებს.
11ერთნაირად დაისაჯა ყმაც და ბატონიც; მდაბიოც ისევე ეწამა, როგორც მეფე.
12უკლებლივ ყველას წინ ესვენა ურიცხვი მკვდარი და მკვდართა დასამარხად ცოცხლები აღარ კმაროდნენ, რადგანაც ერთ წამში მოისრა მათი რჩეული მოდგმა.
13და ყველამ, ვისაც ჯადოქრობის გამო არა სწამდა რა, პირმშოთა დაღუპვისას ღვთის შვილად აღიარა ჩვენი ხალხი.
14ვინაიდან, როცა ყველაფერი მყუდროებამ მოიცვა და თავისი დინებით მალე განახევრდა ღამე,
15დასაღუპად განწირული ქვეყნის შუაგულზე ცათა სამეუფო ტახტთაგან მრისხანე მეომარივით გადმოვიდა შენი ყოვლისმძლე სიტყვა და თან მოჰქონდა ბასრი მახვილი – შენი ურყევი ბრძანება,
16დადგა და სიკვდილით აღავსო ყოველი; ზეცას სწვდებოდა ქვეყნად მოარული.
17მაშინ უეცრად შეაძრწუნა ისინი სიზმარეულმა ხილვებმა და თავზარი დაეცა ყველას.
18ვინ სად ეცემოდა ცოცხალ-მკვდარი, ვინ სად, და აღიარებდა თავისი დაღუპვის მიზეზს.
19ვინაიდან თავზარდამცემმა სიზმრებმა ყველაფერი წინასწარ აუწყეს მათ, რათა სიკვდილის წინ მაინც სცოდნოდათ, თუ რისთვის იტანჯებოდნენ ასე სასტიკად.
20თუმცა სასიკვდილო განსაცდელმა მართლაც უწია და მრავალი მათგანი დაიღუპა უდაბნოში, მაგრამ ეს რისხვა დიდხანს არ გაგრძელებულა.
21რადგანაც ისწრაფა უბიწო კაცმა მათდა შეწევნად და ხელთ იპყრა საჭურველი თავისი მსახურებისა – ლოცვა და საკმეველი წყალობის გამოსათხოვად; წინ აღუდგა რისხვას და ზღვარი დაუდო უბედურებას, რითაც ცხადყო, რომ შენი მსახური იყო.
22მან სძლია მტერი, მაგრამ არა სხეულის თუ საჭურვლის ძალით, არამედ მარტოოდენ სიტყვით შემუსრა იგი, როცა გაიხსენა წინაპართათვის მიცემული ფიცი და აღთქმანი.
23როცა უკვე აღიმართა გვამების გროვა, შუაში ჩადგა, შემუსრა მომხდურთა რისხვა და ცოცხლებისკენ სავალი გზა გადაუღობა.
24მისი მოსასხამი მთელ სამყაროს განასახიერებდა, ოთხრიგად ჩაყოლებულ ძვირფას ქვებზე წინაპართა დიდება იყო აღბეჭდილი, ხოლო მის დიადემაზე – შენი სიდიადე.
25სწორედ ამის წინაშე უკუიქცა შემმუსვრელი და მასვე შეუკრთა, რადგან რისხვის ეს ერთი განსაცდელიც საკმაო იყო.

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in