Bible App logo
Search Icon

სიბრძნე სოლომონისა 11

11
1კეთილად წარმართა სიბრძნემ მათი საქმენი წმიდა წიმასწარმეტყველის ხელით.
2გადალახეს უდაბნოები და უვალ ადგილებში დასცეს კარვები.
3წინ აღუდგნენ მომხვდურთ და უკუაქციეს მტრები.
4მოსწყურდათ და შემოგღაღადეს, და შენც სალი კლდიდან მიეც მათ წყალი და პიტალო ქვიდან დაარწყულე ისინი.
5რადგანაც გასაჭირში მყოფთ ის მიემადლათ, რითაც დასჯილ იქნენ მათი მტრები:
6მარადმედინი მდინარის ნაცვლად, სისხლით რომ იქნა შეღებილი
7მათ დასასჯელად, ვინც ბრძანა გაეჟლიტათ ყრმები, მოულოდნელად უწყალობე, უფალო, უხვი წყალი,
8და ამრიგად უჩვენე მწყურვალთ, თუ როგორ დასაჯე მათი წინააღმდგომნი;
9მაშინ წყურვილით უჩვენე, როგორ დასაჯე მათი წინააღმდგომნი.
10რადგანაც შენიანებს შენ სცდიდი, როგორც მამა, შესაგონებლად. მათი მტრები კი დასაჯე, როგორც მრისხანე მეფემ.
11იქ მყოფნიცა და არმყოფნიც ერთნაირად იტანჯებოდნენ,
12რადგანაც ორმაგ მწუხარებას მოეცვა ისინი, და გოდებდნენ იმის გახსენებაზე, რაც თავს გადახდათ.
13როცა გაიგეს მათ, რომ მათი დასჯით შეწყალებულ იქნენ მართალნი, შეიცნეს უფალი,
14ვინც უწინ, როგორც განკიცხული, დაგმეს და უარყვეს, და ვისაც შემდგომ მოვლენათა გამო გაოგნებულნი უმზერდნენ, რადგანაც მათი წყურვილი არ ჰგავდა მართალთა წყურვილს.
15ხოლო იმის გამო, რომ მათი უსამართლობითა და მათივე უგუნური ზრახვებით ცთუნებულნი ემსახურებოდნენ უტყვ ქვეწარმავლებსა და უკეთურ ურჩხულებს, უგონო პირუტყვთა სიმრავლე მოუვლინე მათ სასჯელად,
16რათა შეეგნოთ, რომ ვინც რითი სცოდავს, იმითვე იქნება დასჯილი.
17განა შეუძლებელი იქნებოდა შენი ყოვლისმძლე ხელისათვის, რომელმაც უსახო მასალისაგან შექმნა სამყარო, დათვთა თუ მძვინვარე ლომთა სიმრავლე მიესია მათთვის;
18ან ახლადშექმნილ რისხვით სავსე უცნობთა მხეცთა, ან ცეცხლოვანი ფშვენით მფშვინვარეთ, ან ცეცხლსა და სიმყრალის კვამლს რომ აფრქვევენ ნესტოებიდან, თვალებიდან კი ნაპერწკლებს ყრიან,
19რომელთაც არა მარტო თავიანთი სიშმაგით შეეძლოთ მუსრი გაევლოთ მათთვის, არამედ, თავიანთი თავზარდამცემი იერით, ერთი შეხედვითაც აღეგავათ მიწის პირისაგან.
20თუმცა მათ გარეშეც, ერთი შებერვით შეიძლებოდა დაგემხო მართლმსაჯულებით დევნილნი და შენი მძლეთამძლე სულით მიმოფანტულნი, მაგრამ შენ ყოველივე ზომით, რიცხვითა და წონით განაწესე.
21რადგანაც შენი დიადი ძალა ყოველთვის შენს ხელთაა და ვინ დაუდგება წინ შენს ძლევამოსილ მარჯვენას?
22შენს წინაშე მთელი სამყარო სხვა არა არის რა, თუ არა სასწორის პინათა რხევა, ან ცვარ-ნამი, ზეციდან რომ ეფრქვევა მიწას.
23ყველა გეწყალვის, რადგანაც ყოვლისშემძლე ხარ, და თვალს არიდებ კაცთა ცოდვებს, იმისთვის, რომ მოინანიონ.
24ყოველი არსი გიყვარს და არც რა გძულს, რაც შეგიქმნია; რომ გძულებოდა, ხომ არც შექმნიდი!
25ან კი რა იარსებებდა, შენ რომ არ გენებებინა? ანდა რა გააძლებინებდა, შენ რომ არ გეხმო?
26ყველაფერს ინდობ, რადგანაც ყველაფერი შენია, სულისმოყვარე მეუფეო.

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in