Bible App logo
Search Icon

სიბრძნე სოლომონისა 10

10
1პირველშობილი მამა სამყაროსი, მარტოდ შექმნილი, მან დაიფარა და იხსნა იგი დაცემისაგან.
2მანვე მისცა ყველაფერზე მბრძანებლობის ძალა.
3მაგრამ წარწყმდა მისგან წყრომით გამდგარი უსამართლო, როცა რისხვამორეულმა ძმა მოკლა.
4მის გამო წარღვნით წალეკილი მიწა კვლავ სიბრძნემ იხსნა, ხის ნაპობით რომ გადაარჩინა მართალი.
5ბოროტებით ერთსულოვნად შეკრულ ხალხთა შორის მანვე ამოიცნო მართალი, უბიწოდ დაიცვა იგი ღვთის წინაშე და მისცა ძალა, უფრო მეტი სიმტკიცე გამოეჩინა, ვიდრე სიბრალული შვილის მიმართ.
6უღვთოთა წარწყმედისას სწორედ მან იხსნა მართალი, რომელიც გადაურჩა ცეცხლს, ხუთ ქალაქზე გარდმოვლენილს,
7რომელთა უკეთურების მოწმედ აკვამლებული უდაბნოღა დარჩა, ნაყოფის უდროოდ გამომღები მცენარეები და ურწმუნო სულის სახსოვრად აღმართული მარილის სვეტი.
8სიბრძნის უგულებელმყოფელებმა მარტო იმით როდი ავნეს თავს, რომ ვერ შეიცნეს სიკეთე, არამედ თავიანთი სიშლეგის ხსოვნაც დაუტოვეს ცოცხალთ, რადგანაც ვერ შეძლეს დაეფარათ ის, რაც შესცოდეს.
9სიბრძნემ კი უბედურებისგან იხსნა თავისი მსახურნი.
10სწორი გზით უწინამძღვრა მართალს, ძმის რისხვას რომ გაურბოდა, ღვთის სასუფეველი უჩვენა და სიწმიდეთა ცოდნა მიჰმადლა, გასაჭირში შეეწია და ღვაწლის ნაყოფი უმრავლა.
11როცა სიხარბით ჩაგრავდნენ, მხარში ამოუდგა და გაამდიდრა.
12მტრებისგან დაიფარა, ავისმზრახველთაგან დაიხსნა და სასტიკ ბრძოლაში გაამარჯვებინა, რათა სცოდნოდა, რომ ღვთის მოსაობით შეიძლება ყველაფერს სძლიო.
13ხელი არ ააღო გაყიდულ მართალს, არამედ ცოდვისაგან დაიხსნა იგი.
14მასთან ერთად ჩავიდა ხაროში და შებორკილი როდი დატოვა, შემდეგ კი მოუპოვა კვერთხი მეფობისა და მბრძანებლობა მის მტარვალებზე, გაამტყუნა მისი ბრალმდებელნი, თვითონ მას კი საუკუნო დიდება მიანიჭა.
15წმიდა ერი და უბიწო მოდგმა იხსნა მისი მჩაგვრელი ხალხისაგან.
16შევიდა უფლის მსახურის სულში და ნიშნებითა და სასწაულებით წინ აღუდგა სასტიკ მეფეებს.
17მათი ღვაწლის საზღაური მიაგო ღვთისმოსავთ, საკვირველი გზით ატარა ისინი, საფარველად ექცათ დღისით, ღამით კი – ვარსკვლავთა ნათებად.
18მეწამული ზღვა გაატარა და დიდ წყლებს შორის გასვლა შეაძლებინა.
19მათი მტრები კი წარღვნა და უფსკრულის სიღრმიდან ამოანთხია.
20ამიტომაც იყო, რომ მართლებმა საჭურველი აჰყარეს უღვთოთ, შენს წმიდა სახელს უგალობეს, უფალო, და ერთხმად აქეს შენი მსახვრალი ხელი.
21რადგანაც სიბრძნემ ბაგენი გაუხსნა მუნჯებს და გასაგები გახადა ჩვილთა ტიტინი.

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in