ფსალმ. 9
9
1გუნდის ლოტბარს, ძის სიკვდილზე. ფსალმუნი დავითისა.
2გადიდებ, უფალო, მთელი გულით, ვილაპარაკებ შენს სასწაულებს.
3ვიმხიარულებ და ვილხენ შენით, ვუმღერებ შენს სახელს, უზენაესო.
4ოდეს მოიქცევიან ჩემი მტრები უკან, მარცხს განიცდიან და დაიღუპებიან შენს წინაშე.
5რადგან შენ გაარჩიე ჩემი დავა და სამართალი; დაბრძანდი ტახტზე, სიმართლის მსაჯულო.
6განრისხდი ერებზე, მოსპე ბოროტი, მათი სახელი ამოშალე უკუნითი უკუნისამდე.
7მტერი გაქრა, გაპარტახდა სამუდამოდ და შენ დაანგრიე ქალაქები, მათთან ერთად მოისპო მათი ხსენება.
8ხოლო უფალი იარსებებს უკუნისამდე. მან მოამზადა სამართლისთვის თავისი ტახტი.
9და ის სიმართლით განსჯის მსოფლიოს, გაასამართლებს ხალხებს სისწორით.
10უფალი იქნება ჩაგრულის შემწე და დასაყრდენი გაჭირვების ჟამს.
11შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი, ვინაიდან არ მიატოვებ, უფალო, შენს მაძიებლებს.
12უგალობეთ უფალს, სიონის მკვიდრს, აუწყეთ მისი საქმენი ერებს.
13რადგან იძიებს მათ სისხლს, გაიხსენებს მათ, არ დაივიწყებს ტვირთმძიმეთა გოდებას.
14შემიწყალე, უფალო, იხილე ჩემი შეჭირვება ჩემი მტრებისაგან, აღმამაღლე სიკვდილის კარიბჭიდან,
15რათა განვაცხადო ყოველი შენი ქება, კარიბჭეში სიონის ასულისა, ვილხინო შენმიერი შველით.
16ჩაცვივდნენ ერები თავიანთ ამოთხრილ ორმოში, მათს განმზადებულ ბადეში გაება მათი ფეხი.
17ცნობილია უფალი, სამართლის მოქმედი; ბოროტი გაება თავისი ხელებით დაგებულ მახეში.
18დაუბრუნდებიან ბოროტნი ჯოჯოხეთს, ყველა ერი, ვინც დაივიწყა ღმერთი.
19სამუდამოდ არ იქნება დავიწყებული ღატაკი, სამარადისოდ – დაკარგული უპოვართა იმედი.
20აღსდექ, უფალო, ნუ იმძლავრებს კაცი; დაე, გასამართლდნენ ერები შენს წინაშე.
21უფალო, შიშის ზარი დაეცი მათ; დაე შეიტყონ ერებმა, რომ კაცუნები არიან ისინი.
22რატომ დგახარ, უფალო, შორს? თვალს მარიდებ გაჭივების ჟამს?
23ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს; შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს.
24რადგან ტრაბახობს ბოროტი თავისი სულის ავხორცობით, ხოლო ანგარების მოყვარული უარყოფს უფალს.
25ბოროტი თავისი ქედმაღლობით უგულებელყოფს, მისი აზრით არ არსებობს ღმერთი.
26გამარჯვებულია მისი გზა ყოველჟამს; მიუწვდომელია შენი სამართალი მისდამი; თავის მტრებს სულის შებერვით ამარცხებს.
27თავის გულში ამბობს: „არ წავბორძიკდები, თაობიდან თაობამდე არ შემხვდება სიავე“.
28მისი პირი სავსეა წყევლით, თაღლითობით და სიცრუით; მისი ენა – სიმრუდე და უკუღმართობაა.
29ჩასაფრდება ეზოს უკან, სამალავიდან მოკლავს უდანაშაულოს, მისი თვალები საწყლებს უთვალთვალებენ.
30დაუდარაჯდება საფარში, ჩაუსაფრდება საწყალს მოსატაცებლად; მოიტაცებს, ოდეს მოიმწყვდევს თავის ბადეში.
31მოიზნიქება, გაწვება და საწყლებს თავის ბრჭყალებში მოაქცევს.
32თავის გულში ამბობს: „დაივიწყა ღმერთმა, სახე დამალა, რომ არ იხილოს არასოდეს.“
33აღსდექ, უფალო! ღმერთო, აღმართე ხელი, ნუ დაივიწყებ ჩაგრულებს.
34რად უგულებელყო ბოროტმა ღმერთი და გულში თქვა: „შენ არ მოჰკითხავ“?
35უმზერ შენ, ვინაიდან ხედავ წყენასა და შევიწროებას, რათა სამაგიერო გადაუხადო შენი ხელით, შენ განდობს თავის თავს ჩაგრული, შენ იყავ ობლის შემწე.
36გადაამსხვრიე ბოროტისა და უკეთურის მკლავი, რომ ეძიონ მისი ბოროტება და ვერ იპოვონ.
37უფალი არის ხელმწიფე უკუნითი უკუნისამდე, განქარდებიან წარმართნი მისი ქვეყნიდან.
38უფალო, მოისმინე მორჩილთა ნატვრა; შეამზადე მათი გული, მიაპყარ ყური;
39გაუსამართლე ობოლს და ჩაგრულს, რომ აღარ დევნონ კაცთაგანი ამ ქვეყანაზე.
Currently Selected:
ფსალმ. 9: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002