YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 108

108
1გუნდის ლოტბარს. დავითის ფსალმუნი. ღმერთო ჩემი დიდებისა, ნუ დადუმდები.
2რადგან პირი ბოროტისა და პირი მზაკვრისა მელაპარაკებიან ცბიერი ენით.
3სიძულვილის სიტყვებით გარს შემომერტყნენ და უმიზეზოდ მეომებიან.
4ჩემი სიყვარულის წილ დამემტერნენ, მე კი ვლოცულობ.
5მომაგეს ბოროტი კეთილის წილ და სიძულვილი – ჩემი სიყვარულის წილ.
6დაადგინე ბოროტი მასზე, და ბრალმდებელი დადგეს მის მარჯვნივ.
7განკითხვისას გამოვიდეს მტყუანი, და მისი ლოცვა ცოდვად შეირაცხოს.
8იყოს დღეები მისი მცირე, და მისი ქონება სხვამ მოიხვეჭოს.
9დარჩნენ მისი შვილები ობლად და მისი ცოლი – ქვრივად.
10იხეტიალონ მისმა შვილებმა და იმათხოვრონ, და ითხოვდნენ პურს თავიანთი ნანგრევებიდან.
11მოვალემ მიითვისოს, რაც გააჩნია, და წარუტაცონ უცხოებმა ნაჯაფი მისი.
12ნუ ეყოლება მოწყალე, და ნუ შეიწყალებენ მის ობლებს.
13გახდეს მისი შთამომავლი მოსასვრელი, შემდგომ თაობაში წაიშალოს მათი სახელი.
14გაუხსენდეს ბრალი მისი მამებისა უფლის წინაშე, და ცოდვა მისი დედისა ნუ წაიშლება.
15იყვნენ ღმერთის თვალწინ მუდამ, და მოსპობს ქვეყნიერებიდან მათ სახსენებელს,
16იმისათვის, რომ არ გახსენებია წყალობის ქმნა, და დევნიდა ღარიბ-ღატაკსა და გულდაჩაგრულს მოსაკლავად.
17და შეიყვარა წყევლა – მასვე მიუვა; არ ისურვა კურთხევა – განშორდება მას.
18და შეიმოსება წყევლით, როგორც სამოსლით, და შევა წყევლა, როგორც წყალი, მის შიგანში, და როგორც ზეთი – მის ძვლებში.
19იყოს მისთვის, ვითარცა სამოსელი, რომელსაც იცვამს, და ვითარცა სარტყელი, მუდამ რომ გარს ირტყამს.
20ასეთია მისაგებელი უფლისა ჩემს მაბეზღართა და ჩემს სულზე ავის მთქმელთა მიმართ,
21ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, რადგან კარგია წყალობა შენი; გადამარჩინე,
22რადგან ღარიბ-ღატაკი ვარ მე და გული ჩემი შეძრწუნდა გვამსა ჩემსა.
23ვითარცა ჩრდილი, გადახრის ჟამს, დავილიე
ვეხეთქებოდი აქეთ-იქით კალიასავით.
24მუხლნი ჩემნი დაუძლურდნენ მარხვისაგან, ზეზეურად ჩამოვხმი;
25და შევიქენ მათი სალანძღავი; თავს აქნევდნენ ჩემი შემხედვარენი.
26შემეწიე, უფალო, ღმერთო ჩემო! მიხსენი შენი წყალობით.
27დაე, გაიგონ, რომ შენი ხელია ეს, რომ შენ მოიმოქმედე ეს, უფალო.
28ისინი დამწყევლიან და შენ მაკურთხებ; აღმიდგებიან და შერცხვებიან, და მორჩილი შენი გაიხარებს.
29შეიმოსონ ჩემი მაბეზღარნი გაწბილებით და ქურქივით წამოისხან თავიანთი სირცხვილი.
30ხმამაღლა შევაქებ უფალს ჩემი პირით, და მრავალთა შორის ვადიდებ მას,
31რადგან გვერდით დაუდგება ღატაკს, რათა იხსნას მისი სულის განმსჯელთაგან.

Currently Selected:

ფსალმ. 108: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in