YouVersion Logo
Search Icon

რიცხ. 3

3
ლევიანების საგვარეულოები
1ეს არის აარონისა და მოსეს საგვარეულოები იმ დღისთვის, როდესაც უფალი ელაპარაკა მოსეს სინაის მთაზე.
2და ესენია აარონის ძეთა სახელები: პირმშო ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი.
3ესაა აარონის ძეთა სახელები, ცხებული მღვდლებისა, რომელნიც მან სამღვდელოდ აკურთხა.
4და დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ უფლის წინაშე, როცა მათ მიიტანეს უცხო ცეცხლი უფლის წინაშე სინაის უდაბნოში, და შვილები არ ჰყავდათ მათ; და მღვდლობას ეწეოდნენ ელეაზარი და ითამარი აარონის, თავიანთი მამის, გვერდით.
5და უთხრა უფალმა მოსეს:
6„მიიყვანე ტომი ლევისა და დააყენე ის აარონ მღვდლის წინაშე, რომ ემსახურონ მას.
7და შეასრულონ მოვალეობა მისდამი და მოვალეობა მთელი ერისადმი საკრებულო კარვის წინ, რათა შეასრულონ კარვის სამსახური.
8და დაიცვან საკრებულო კარვის ყოველი ნივთი და ისრაელის ძეთა დამცველად იდგნენ, რათა აღასრულონ აღთქმის კარვის სამსახური.
9და ჩააბარე ლევიანები აარონსა და მის ძეებს, და სრულად ჩაბარებულნი არიან ისინი მისთვის ისრაელის ძეთაგან.
10აარონსა და მის ძეებს დაავალე, რომ მათ დაიცვან თავიანთი მღვდლობა, და უცხო, ვინც კი მიეკარება, მოიკლას“.
11და უთხრა უფალმა მოსეს:
12„და აჰა, ავიყვან ლევიანებს ისრაელის ძეთაგან ყოველი პირმშოს ნაცვლად, რომელიც გახსნის საშოს. და ჩემები იქნებიან ლევიანები.
13რადგან ჩემია ყოველი პირმშო; იმ დღეს, როცა განვგმირე ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ჩემთვის განვიკუთნე ყოველი პირმშო ისრაელში; ადამიანიდან პირუტყვამდე ჩემები არიან, მე ვარ უფალი.“
14და უთხრა უფალმა მოსეს სინაის უდაბნოში:
15„აღრიცხე ლევიანები მათი მამისსახლებისა და მათ საგვარეულოთა მიხედვით. ყოველი მამროვანი, ერთი თვის ასაკიდან მოყოლებული და უფროსი, აღრიცხე ისინი.“
16და აღრიცხა ისინი მოსემ უფლის სიტყვისამებრ, როგორც ებრძანა.
17და იყვნენ ესენი ლევიანები თავიანთი სახელების მიხედვით: გერშონი, კეჰათი და მერარი.
18და ესენია გერშონიანთა სახელები მათი საგვარეულოების მიხედვით: ლიბნი და შიმყი.
19და კეჰათიანები თავიანთი საგვარეულოების მიხედვით: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი.
20და ძენი მერარისა თავიანთი საგვარეულოებით: მახლი და მუში. ესაა ლევიანთა საგვარეულო მათი მამისსახლებითურთ.
21გერშონისაგან: ლიბნის საგვარეულო და საგვარეულო შიმყისა. ესაა საგვარეულო გერშონისა.
22ყოველი მამროვანი, აღრიცხული ერთი თვის ასაკიდან და უფროსი, შეადგენდა შვიდი ათას ხუთასს.
23გერშონის საგვარეულოს უნდა დაებანაკა კარვის უკან, დასავლეთით.
24და გერშონის მამისსახლის მთავარი იყო ელიასაფი, ძე ლაელისა.
25და გერშონის ძეთ ებარათ საკრებულო კარავი, კარავი და საფარველი მისი, და საკრებულო კარვის შესასვლელის ფარდა.
26და ეზოს ფარდები, და ფარდა ეზოს შესასვლელისა, რომელიც კარვისა და სამსხვერპლოს გარშემოა, და მისი საბელები ყოველი მათი აღჭურვილობით.
27და კეჰათისაგან ყამრამის საგვარეულო და საგვარეულო იცჰარისა, და საგვარეულო ხებრონისა, და საგვარეულო ყუზიელისა. ეს იყო საგვარეულოები კეჰათისა.
28ყოველი მამროვანი აღრიცხული, ერთი თვის ასაკიდან და უფროსი, შეადგენდა რვა ათას ექვსასს, საწმიდრის მოვალეობის შემსრულებელს.
29კეჰათიანთა საგვარეულოებს უნდა დაებანაკათ კარვის გვერდით, სამხრეთისაკენ.
30და კეჰათის საგვარეულოების მამისსახლის მთავარი იყო ელიცაფანი, ძე ყუზიელისა.
31და მათ ებარათ კიდობანი და ტაბლა, და ლამპარი და სამსხვერპლონი და წმიდა ჭურჭლეული მსახურებისათვის, და ფარდა და მთელი მისი მოწყობილობა.
32და ლევიანთა მთავართა მთავარი იყო ელეაზარი, ძე აარონ მღვდლისა. მას ჰქონდა ზედამხედველობა მათზე, ვინც საწმიდრის სამსახურს ასრულებდა.
33მერარისაგან იყო საგვარეულო მახლისა და საგვარეულო მუშისა. ეს იყო საგვარეულოები მერარისა.
34ყოველი მამროვანი აღრიცხული, ერთი თვის ასაკიდან და უფროსი, იყო ექვსი ათას ორასი.
35და მერარის საგვარეულოს მამისსახლის მთავარი იყო ცურიელი, ძე აბიხაილისა. კარვის გვერდით უნდა დაებანაკათ, ჩრდილოეთით.
36და მერარის ძეთ ებარათ კარვის ძელები, მისი ურდულები, მისი სვეტები, მისი კვარცხლბეკები, მისი ჭურჭლეულობა და მათი ყოველი მოწყობილობა,
37და სვეტები ეზოს გარშემო, და მათი კვარცხლბეკები, და მათი პალოები და მათი საბელები.
38და კარვის წინ, საკრებულო კარვის წინ, აღმოსავლეთით, უნდა დაებანაკათ მოსეს, აარონს და მის ძეებს, რომელთაც ევალებოდათ საწმიდრის დაცვა ისრაელის ძეთა შორის. და უცხო, ვინც კი მიუახლოვდებოდა, უნდა მომკვდარიყო.
39ყოველი ლევიანი, რომელიც უფლის ბრძანებით აღრიცხეს მოსემ და აარონმა მათი საგვარეულოებითურთ, ყოველი მამროვანი, ერთი თვის ასაკიდან და უფროსი, იყო ოცდაორი ათასი.
40და უთხრა უფალმა მოსეს: „აღრიცხე ყოველი პირმშო მამროვანი ისრაელის ძეთაგან, ერთი თვის ასაკიდან და უფროსი, გადათვალე ისინი სახელებით.
41და აიყვანე ლევიანები ჩემთვის, მე ვარ უფალი, ყოველი პირმშოს ნაცვლად ისრაელის ძეთაგან, ხოლო ლევიანთა საქონელი ისრაელის ძეთა ყოველი პირველმოგებული საქონლის ნაცვლად.“
42და აღრიცხა მოსემ, როგორც უბრძანა უფალმა მას, ყოველი პირმშო ისრაელის ძეთაგან.
43და იყო ყოველი პირმშო მამროვანი სახელთა რიცხვის მიხედვით, ერთი თვის ასაკიდან და უფროსი, მათი აღწერით ოცდაორი ათას ორას სამოცდაცამეტი.
44და უთხრა უფალმა მოსეს:
45„აიყვანე ლევიანები ისრაელის ძეთა ყოველი პირმშოს ნაცვლად, და საქონელი ლევიანებისა მათი საქონლის ნაცვლად, და იქნებიან ლევიანები ჩემთვის. მე ვარ უფალი.
46და რაც შეეხება ორას სამოცდაცამეტის გამოსყიდვას, რაც ზედმეტია ლევიანთა რიცხვზე, ისრაელის ძეთა პირმშოთაგან,
47აიღე ხუთ-ხუთი შეკელი ყოველ სულზე საწმიდრის შეკელის მიხედვით, რომელიც იწონის ოც გერას,
48და მიეცი ეს ვერცხლი აარონს და მის ძეთ მათგან ზედმეტის გამოსასყიდად.“
49და აიღო მოსემ გამოსასყიდი ვერცხლი ლევიანთა მიერ შენაცვლებული რიცხვის ნამეტისაგან.
50ისრაელის ძეთა პირმშოთაგან აიღო ეს ვერცხლი, ათას სამას სამოცდახუთი შეკელი საწმიდრის შეკელით.
51და მისცა მოსემ ეს გამოსასყიდი ვერცხლი აარონსა და მის ძეებს უფლის სიტყვისამებრ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.

Currently Selected:

რიცხ. 3: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in