YouVersion Logo
Search Icon

რიცხ. 16

16
ლევიანი კორახის ამბოხება მოსესა და აარონის წინააღმდეგ.
სასჯელი მიწისძვრითა და ცეცხლით
1და ადგნენ კორახი, ძე იცჰარისა, კეჰათის ძისა, ლევიანი, და დათანი და აბირამი, ძენი ელიაბისა, და ონი, ძე ფელეთისა, რეუბენიანები.
2და წარდგნენ მოსეს წინაშე და მათთან ერთად ორას ორმოცდაათი კაცი ისრაელის ძეთაგან, მთავარნი თემისა, მიწვეულნი საკრებულოში, კაცნი სახელოვანნი.
3და შეიკრიბნენ მოსეს და აარონის წინააღმდეგ, და უთხრეს მათ: „გეკმაროთ! რადგან მთელი თემი წმიდაა და მათ შორისაა უფალი! და რად აღზევდით თქვენ უფლის კრებულზე?“
4და ისმინა მოსემ, და პირქვე დაეცა.
5და უთხრა კორახს და მთელ მის დასს ასე: „დილით უფალი აუწყებს, ვინაა მისი და ვინაა წმიდა, რათა დაიახლოვოს თავისთან, და ვისაც გამოარჩევს, მას დაიახლოვებს.
6ეს გააკეთეთ: აიღეთ თქვენთვის საცეცხლურები კორახმაც და მთელმა მისმა დასმა,
7და ჩადეთ მასში ცეცხლი, და დაადეთ მათ საკმეველი უფლის წინაშე ხვალ. და ვისაც ამოირჩევს უფალი, ის იქნება წმიდა. გეკმაროთ, ლევიანებო!“
8და უთხრა მოსემ კორახს: „აბა, ისმინეთ, ლევიანებო!
9ნუთუ ეს ცოტაა თქვენთვის, რომ გამოგყოთ თქვენ ისრაელის ღმერთმა ისრაელის თემიდან, დაგიახლოვათ თქვენ, რათა შეასრულოთ მსახურება უფლის სავანისა და იდგეთ თემის წინაშე მათ მსახურებად?
10და დაგიახლოვა შენ და ყოველი შენი ძმა, ლევიანები, შენთან ერთად. და ახლა მღვდლობასაც ეძებთ?
11ამიტომ შენ და მთელი შენი დასი შეკრებილხართ უფლის წინააღმდეგ. ვინ არის აარონი, რომ დრტვინავთ მასზე?“
12და გააგზავნა მოსემ დათანისა და აბირამის, ელიაბის ძეთა დასაძახებლად, მაგრამ მათ თქვეს: „არ მოვალთ!
13ნუთუ ცოტაა, რომ გამოგვიყვანე ქვეყნიდან, სადაც მოედინება რძე და თაფლი, უდაბნოში დასახოცად? და გინდა გაგვიბატონდე კიდეც!
14არც იმ ქვეყანაში მიგიყვანივართ, სადაც რძე და თაფლი მოედინება, არც მდელო და ვენახი მოგიცია სამფლობელოდ, ნუთუ ამ ადამიანებს დათხრი თვალებს? არ მოვალთ!“
15და ძალიან ეწყინა მოსეს, და უთხრა უფალს: „ნუ მიხედავ მათ ძღვენს. არც ერთი მათგანისათვის არ წამირთმევია სახედარი, და არც ერთი მათგანისათვის არ გამიკეთებია ბოროტი.“
16და უთხრა მოსემ კორახს: „შენ და მთელი შენი დასი იყავით უფლის წინაშე ხვალ, შენ და ისინი, და აარონი.
17და აიღეთ თითოეულმა თქვენი საცეცხლურები და დაადეთ მას საკმეველი, და მიიტანოს თითოეულმა თავისი საცეცხლური უფლის წინაშე, ორას ორმოცდაათი საცეცხლური. და შენ და აარონმაც – თითოეულმა თავისი საცეცხლური.“
18და აიღო თითოეულმა თავისი საცეცხლური და ჩადო მასში ცეცხლი, და დაადო ზედ საკმეველი, და დადგნენ საკრებულო კარვის შესავალთან, აგრეთვე მოსე და აარონიც.
19და შეკრიბა კორახმა მათ წინააღმდეგ მთელი თემი საკრებულო კარვის შესასვლელთან, და გამოეცხადა დიდება უფლისა მთელ თემს.
20და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს:
21„გამოეყავით იმ თემს, და მე მოვსპობ მათ წამში.“
22და პირქვე დაემხნენ ისინი, და თქვეს: „ღმერთო, ყოველი ხორციელის სულების ღმერთო! ერთმა კაცმა შესცოდა და მთელ თემზე რად მრისხანებ?“
23და უთხრა უფალმა მოსეს:
24„უთხარი ამ თემს: განერიდონ კორახის დათანისა და აბირამის სადგომს.“
25და ადგა მოსე, და წავიდა დათანთან და აბირამთან, და გაჰყვნენ ისრაელის უხუცესები.
26და უთხრა თემს: „აბა, განშორდით ამ უღვთო ადამიანთა კარვებს, და ნუ შეეხებით ნურაფერს, რაც მათ ეკუთვნის, რათა არ დაიღუპოთ მთელი მათი ცოდვებით.“
27და განერიდნენ კორახის, დათანისა და აბირამის სადგომებს; ხოლო დათანი და აბირამი გამოვიდნენ და დადგნენ თავიანთი კარვების შესასვლელთან თავიანთი ცოლებით და ძეებით, და მცირეწლოვანი ბავშვებითურთ.
28და თქვა მოსემ: „ამით გაიგებთ, რომ უფალმა მომავლინა მე ყოველი ამ საქმის გასაკეთებლად, და რომ ეს არ მოდის ჩემი გულიდან.
29თუ ესენი ისე დაიხოცებიან, როგორც ყველა ადამიანი კვდება, და ყველა ადამიანის სასჯელი ეწევათ, არ ვყოფილვარ უფლის გამოგზავნილი.
30ხოლო თუ ახალს რასმე ჩაიდენს უფალი და გააღებს მიწა პირს და შთანთქავს მათ და ყველაფერს, რაც მათ ეკუთვნის, და ისინი ცოცხლად ჩავლენ შავეთში, მაშინ გაიგებთ, რომ მოიძულეს ამ ადამიანებმა უფალი.
31და იყო, დაასრულა ყველა იმ სიტყვის თქმა და მიწა გამოეცალა მათ ფეხქვეშ.
32და დააღო მიწამ პირი, და შთანთქა ისინი და მათი სახლები, კორახის მთელი ხალხი, და მთელი მათი ქონება.
33და ჩაცვივდნენ ისინი და ყველაფერი, რაც მათ ეკუთვნოდათ, შავეთში, და დაფარა ისინი მიწამ, და დაიღუპნენ კრებულიდან.
34და მთელი ისრაელი, რომელიც მათ ირგვლივ იყო, გაიქცა მათ ყვირილზე, რადგან თქვეს: „ვაითუ გვშთანთქას ჩვენც მიწამ!“
35და ცეცხლი გამოვიდა უფლისაგან და შთანთქა ეს ორას ორმოცდაათი კაცი, რომელთაც მიიტანეს საკმეველი.
36 და უთხრა უფალმა მოსეს:
37 „უთხარ ელეაზარს, მღვდელს, აარონის ძეს, წამოკრიფოს საცეცხლურები ნახანძრალიდან და ცეცხლი მოაბნიოს გარეთ, რადგან წმიდა გახდნენ ისინი.
38 მათი საცეცხლურებისგან, ვინც ცოდვას შეეწირა, გამოჭედონ ფურცლები სამსხვერპლოს მოსაპირკეთებლად, რადგან მიიტანეს ისინი უფლის წინაშე და წმიდა გახდნენ. და იქნებიან ისინი ნიშნად ისრაელის ძეთათვის.“
39 და აიღო ელეაზარ მღვდელმა სპილენძის საცეცხლურები, რომელიც დამწვრებს ჰქონდათ მოტანილი, და გამოჭედეს ისინი სამსხვერპლოს მოსაპირკეთებლად,
40 სახსოვრად ისრაელის ძეთათვის, რათა უცხო პირი, რომელიც არ არის შთამომავალი აარონისა, არ მივიდეს საკმევლის საკმევად უფლის წინაშე, და არ იყოს, როგორც კორახი და მისი დასი, როგორც უთხრა უფალმა მოსეს.
41 და მეორე დღეს დრტვინავდა ისრაელის ძეთა მთელი თემი მოსესა და აარონზე, და ეუბნებოდა: „თქვენ გაწყვიტეთ უფლის ხალხი.“
42 და როცა შეიკრიბა თემი მოსესა და აარონის წინააღმდეგ, მიბრუნდნენ საკრებულო კარვისკენ და ნახეს, რომ დაფარა ის ღრუბელმა, და გამოცხადდა დიდება უფლისა.
43 და მივიდნენ მოსე და აარონი საკრებულო კარვის წინ.
44 და უთხრა უფალმა მოსეს [და აარონს]:
45 „მოსცილდით ამ თემს და მოვსპობ მათ წამში.“ და პირქვე დაემხნენ ისინი.
46 და უთხრა მოსემ აარონს: „აიღე საცეცხლური, და ჩადე მასში ცეცხლი სამსხვერპლოდან, და დაადე საკმეველი, და წადი სწრაფად თემისაკენ და შეუნდე მათ. რადგან გამოვიდა რისხვა უფლისგან, და დაიწყო მუსვრა.“
47 და აიღო აარონმა საცეცხლური, როგორც უთხრა მოსემ, და კრებულის შუაგულს მიაშურა. და იხილა, რომ დაიწყო მუსვრა ხალხში. და დაადო საკმეველი და შეუნდო ხალხს.
48 და ჩადგა იგი მკვდრებსა და ცოცხლებს შორის, და შეწყდა მუსვრა.
49 და დაიხოცა მუსვრით თოთხმეტი ათას შვიდასი კაცი, კორახის გამო დახოცილთა გარდა.
50 და დაბრუნდა აარონი მოსესთან საკრებულო კარვის შესასვლელთან, მას შემდეგ, რაც შეწყდა მუსვრა.

Currently Selected:

რიცხ. 16: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy