YouVersion Logo
Search Icon

მარკ. 9

9
ფერისცვალება
1უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთნი აქ მდგომთაგან, რომელნიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ ღვთის სასუფეველს, ძლიერებით მოსულს.“
2ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, აიყვანა მაღალ მთაზე განმარტოებით და ფერი იცვალა მათ წინაშე.
3და გაბრწყინდა მისი სამოსელი და ძალზე სპეტაკი გახდა, ისეთი, რომ გამთეთრებელს ამ ქვეყანაზე არ ძალუძს ისე გათეთრება.
4და ეჩვენა მათ ელია მოსესთან ერთად და ესაუბრებოდნენ იესოს.
5მიუგო პეტრემ და უთხრა იესოს: „რაბი, კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. გავაკეთებთ სამ კარავს. ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას.“
6ვინაიდან არ იცოდა რა ეთქვა, რადგან ყველა შეშინებული იყო.
7და გაჩნდა ღრუბელი, რომელმაც მოუჩრდილა მათ და იყო ხმა ღრუბლიდან: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, ისმინეთ მისი!“
8უეცრად მიმოიხედეს, მაგრამ ირგვლივ ვერავინ დაინახეს, გარდა იესოსი.
9როცა მთიდან ჩამოდიოდნენ, უბრძანა, არავისთვის ეთქვათ, რაც იხილეს, კაცის ძის მკვდრეთით აღდგომამდე.
10ეს სიტყვა გულში ჩაიდეს და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რას ნიშნავსო მკვდრეთით აღდგომა.
11და ჰკითხეს მას: რატომ ამბობენ მწიგნობრები, რომ პირველად ელია უნდა მოვიდესო?
12უთხრა მათ: „მართალია, პირველად ელია უნდა მოვიდეს და ყოველივე მოაწესრიგოს. კაცის ძეზე კი როგორღაა დაწერილი, რომ მას მართებს ბევრი იტანჯოს და დამცირდეს?
13მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია მოვიდა და მას ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ, როგორც დაწერილია მასზე.“
განკურნება უტყვი სულით შეპყრობილისა
14როცა მოწაფეებთან მივიდა, დაინახა მათ ირგვლივ დიდძალი ხალხი და მათთან მოდავე მწიგნობრები.
15და მყისვე დაინახა მთელმა ხალხმა და გაუკვირდათ. და მირბოდნენ მასთან და ესალმებოდნენ.
16ჰკითხა მათ: „რას ედავებით ამათ?“
17ხალხიდან ერთ-ერთმა მიუგო: „მოძღვარო, შენთან მოვიყვანე ჩემი ვაჟი, რომელსაც უტყვობის სული სჭირს.
18სადაც კი შეიპყრობს, ძირს ანარცხებს, და გადმოსდის დუჟი, კბილებს აღრჭენს და შეშდება. ვთხოვე შენს მოწაფეებს, რომ განედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს.“
19და მან მიუგო მათ და უთხრა: „ჰოი, ურწმუნო მოდგმავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე უნდა გითმინოთ თქვენ? მომიყვანეთ იგი.“
20და მოუყვანეს მას. როგორც კი სულმა დაინახა იგი, დაანარცხა. დაეცა მიწაზე, და გორავდა დუჟმორეული.
21და ჰკითხა მის მამას: „რამდენი ხანია, რაც ეს დაემართა?“ უთხრა: „პატარაობიდან.
22ბევრჯერ ჩაუგდია ცეცხლსა და წყალში, რომ დაეღუპა. თუკი რამე შეგიძლია, გვიშველე ჩვენ, შეგვიბრალე“.
23იესომ უთხრა მას: „თუ კი რამე შეგიძლიაო? მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია.“
24ბავშვის მამამ მყისვე შესძახა ცრემლით და თქვა: „მწამს! უშველე ჩემს ურწმუნოებას.“
25როცა დაინახა იესომ, რომ ხალხი მორბის, შერისხა უწმიდური სული და უთხრა: „უტყვო და ყრუ სულო! გიბრძანებ, გადი მაგისგან და აღარ შეხვიდე მასში!“
26შესძახა და მაგრად შეანჯღრია იგი და გავიდა. ის კი მკვდარივით გახდა, ისე რომ, ბევრი ამბობდა კიდეც, რომ ის მოკვდა.
27იესომ დაუჭირა ხელი, წამოაყენა; და ისიც ფეხზე დადგა.
28შინ რომ შევიდა, მისმა მოწაფეებმა განმარტოებით ჰკითხეს მას: „ჩვენ რატომ ვერ გავდევნეთ იგი?“
29უთხრა მათ: „ეს მოდგმა ვერაფრით გამოვა, თუ არა ლოცვითა და მარხვით.“
იესო კვლავ ლაპარაკობს
თავის სიკვდილსა და აღდგომაზე
30იქიდან წასულები გალილეაზე გადიოდნენ. არ უნდოდა, ვინმეს ეცნო.
31ასწავლიდა თავის მოწაფეებს და ეუბნებოდა: „კაცის ძე გადაცემულ იქნება კაცთა ხელში, მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება.“
32მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვები და ეშინოდათ, რომ შეკითხოდნენ მას.
33და მივიდნენ კაპერნაუმში. სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: „რაზე მსჯელობდით გზაში?“
34ისინი დუმდნენ, ვინაიდან გზაში ერთმანეთში მსჯელობდნენ: ვინ უფრო დიდიაო.
35და დაჯდა და დაუძახა თორმეტს და უთხრა: „თუ ვინმეს უნდა პირველი იყოს, ის იქნება ყველაზე უკანასკნელი და ყველას მსახური.“
36მოიყვანა ბავშვი, ჩააყენა მათ შუა, მოეხვია და უთხრა მათ:
37„ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, ის მე მიმიღებს. ხოლო ვინც მე მიმიღებს, ის მე კი არ მიღებს, არამედ ჩემს მომავლინებელს.“
38უთხრა მას იოანემ: „მოძღვარო, ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელიც შენი სახელით ეშმაკებს დევნის, ჩვენ კი არ მოგვყვება. და ავუკრძალეთ მას, რადგან ჩვენ არ მოგვყვება.“
39იესომ თქვა: „ნუ უკრძალავთ, ვინაიდან არავის, ვინც ჩემი სახელით სასწაულს ახდენს, არ ძალუძს ჩემი ასე იოლად გმობა,
40ვინაიდან, ვინც ჩვენი წინააღმდეგი არ არის, ის ჩვენთან არის.
41ვინც წყალს შეგასმევთ სასმისით ჩემი სახელით, რაკი ქრისტესნი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაეკარგება თავისი საზღაური.
42ხოლო ვინც ერთ ამ მცირეთაგანს, ჩემი მორწმუნეებიდან, აცდუნებს, მისთვის აჯობებდა, წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ.
მიზეზი ცდუნებისა და ცეცხლის გეენა
43„თუ გაცდუნებს შენი ხელი, მოიკვეთე იგი. გიჯობს, დასახიჩრებული შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელის მქონე შეხვიდე ჯოჯოხეთში, უშრეტელ ცეცხლში,
44სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება.
45თუ გაცდუნებს შენი ფეხი, მოიკვეთე იგი. გიჯობს, კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ფეხი გქონდეს და ჯოჯოხეთში ჩაგაგდონ,
46სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება.
47თუ გაცდუნებს შენი თვალი, ამოითხარე იგი. გიჯობს, ცალი თვალით შეხვიდე ღვთის სასუფეველში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაგაგდონ ჯოჯოხეთში,
48სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება.
49ვინაიდან ყველა ცეცხლით დამარილდება და ყოველი მსხვერპლი მარილით დამარილდება.
50მარილი კარგია, მაგრამ თუ მარილი უმარილო გახდება, რიღათი შეანელებთ მას? იქონიეთ თქვენში მარილი და მშვიდობიანად იყავით ერთმანეთში.“

Currently Selected:

მარკ. 9: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy