YouVersion Logo
Search Icon

მარკ. 10

10
დარიგება გაყრაზე
1და ადგა იქიდან და მივიდა იუდეის მხარეში და იორდანეს გაღმა. კვლავ მოგროვდა მასთან ხალხი და, თავის ჩვეულებისამებრ, კვლავ ასწავლიდა მათ.
2მოვიდნენ ფარისეველნი და ეკითხებოდნენ: „თუ შეუძლია კაცს ცოლის გაშვება?“ და სცდიდნენ მას.
3მან მიუგო და უთხრა მათ: „რა დაგიწესათ მოსემ?“
4მათ თქვეს: „გაყრის წიგნის დაწერა და გაშვება.“
5იესომ უთხრა მათ: „თქვენი გულქვაობის გამო დაგიწერათ მან ეს მცნება.
6მაგრამ შექმნის დასაბამიდან ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
7ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას და მიეკრობა თავის ცოლს.
8და ორნი იქნებიან ერთ ხორცად. ამრიგად, ისინი ორნი კი არ არიან, ერთი ხორცი არიან.
9ამრიგად, რაც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ გაყრის მათ.“
10სახლში მოწაფეებმა კვლავ ჰკითხეს ამაზე.
11და ეუბნება მათ: „ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, იგი მრუშობს მის მიმართ.
12თუ ცოლი გაეყრება ქმარს და სხვას მისთხოვდება, მრუშობს.“
იესო ბავშვებს აკურთხებს
13და მოჰყავდათ მასთან ბავშვები, რათა შეხებოდა მათ, მოწაფეები კი საყვედურობდნენ მომყვანებს.
14დაინახა იესომ, გაწყრა და უთხრა მათ: „გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგათნაირებისაა ღვთის სასუფეველი.
15ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღვთის სასუფეველს, ვერ შევა შიგ.“
16მოეხვია მათ, ხელები დაასხა და აკურთხა ისინი.
შეკითხვა საუკუნო სიცოცხლეზე
17გზაზე რომ გამოდიოდა, ვიღაც კაცმა მიირბინა მასთან, მუხლი მოიყარა მის წინაშე და შეევედრა: „კეთილო მოძღვარო, რა ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“
18იესომ უთხრა მას: „რატომ მიწოდებ მე კეთილს? არავინ არის კეთილი, გარდა ერთი ღმერთისა.
19იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ კლა, არ იპარო, არ იყო ცრუმოწმე, არ მოატყუო, პატივი ეცი შენს მამას და დედას.“
20მან უთხრა: „მოძღვარო, ყოველივე ამას ჩემი სიჭაბუკიდან ვიცავდი.“
21იესო დააკვირდა მას და შეუყვარდა, და უთხრა: „ერთი რამ გაკლია: წადი, რაც გაქვს, გაყიდე და ღარიბებს დაურიგე და ზეცაში გექნება საუნჯე. მერე მოდი და გამომყევი.“
22ის შეწუხდა ამ სიტყვებზე და დანაღვლიანებული წავიდა, ვინაიდან დიდძალი ქონება ჰქონდა.
23იესომ მიმოიხედა და უთხრა თავის მოწაფეებს: „რა ძნელი იქნება სიმდიდრის მქონეთა შესვლა ღვთის სასუფეველში.“
24მოწაფეები განცვიფრდნენ მის სიტყვებზე. იესომ კვლავ მიუგო და უთხრა მათ: „შვილებო, რა ძნელია ღვთის სასუფეველში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა დანდობილი!
25უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში.“
26იმათ კი უფრო მეტად გაიოცეს და ერთმანეთში ამბობდნენ: „ვისღა შეუძლია გადარჩენა?“
27შეხედა მათ იესომ და თქვა: „ეს კაცთათვის არის შეუძლებელი და არა ღვთისათვის, რადგან ღვთისათვის ყოველივე შესაძლებელია.“
28დაუწყო პეტრემ მას ლაპარაკი: „აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით.“
29თქვა იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, რომ ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიეტოვებინოს სახლი ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები, ან მიწები,
30და ასწილად არ მიეღოს ახლა, ამჟამად, სახლები, ძმები და დები, დედები და შვილები, და მიწები ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში – საუკუნო სიცოცხლე.
31მაგრამ ბევრნი პირველნი უკანასკნელნი იქნებიან, ხოლო უკანასკნელნი – პირველნი.“
იესო მესამედ იუწყება თავის სიკვდილზე
32იერუსალიმს მიმავალ გზას რომ ადგნენ, წინ იესო მიუძღოდათ და კრთოდნენ ისინი. თანმხლებთაც ეშინოდათ. კვლავ დაუძახა თორმეტს და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, თუ რა შეემთხვეოდა მას:
33„აჰა, ჩვენ ავდივართ იერუსალიმს და კაცის ძე გადაეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს; სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ და წარმართებს გადასცემენ;
34შეურაცყოფენ მას, გაშოლტავენ, შეაფურთხებენ და მოკლავენ, მესამე დღეს კი აღდგება.“
ზებედეს ძენი
35და მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი იაკობი და იოანე და უთხრეს: „მოძღვარო, გვინდა შეგვისრულო, რასაც გთხოვთ.“
36მან უთხრა მათ: „რა გინდათ, რომ შეგისრულოთ?“
37მათ უთხრეს მას: „ნება მოგვეცი, ერთი ჩვენგანი შენს მარჯვნივ დაჯდეს და მეორე – მარცხნივ, შენს დიდებაში.“
38იესომ უთხრა მათ: „არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ ის სასმისი შესვათ, რომელსაც მე ვსვამ და ის ნათლობა მიიღოთ, რომლითაც მე ვინათლები?“
39მათ უთხრეს: „შეგვიძლია.“ იესომ უთხრა მათ: „სასმისს, რომელსაც მე ვსვამ, შესვამთ და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით;
40მაგრამ ჩემს მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემზე არ არის, არამედ მათზე, ვისთვისაც გამზადებულია.“
41და მოისმინა იმ ათმა და დაიწყეს დრტვინვა იაკობზე და იოანეზე.
42იესომ უხმო მათ და უთხრა: „თქვენ იცით, რომ ისინი, ვინც ხალხების მთავრებად არიან მიჩნეულნი, ბატონობენ მათზე და მათი დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე.
43მაგრამ თქვენს შორის ასე ნუ იქნება, არამედ, ვისაც თქვენს შორის დიდობა სურს, ის თქვენი მსახური იყოს;
44ვისაც თქვენს შორის პირველობა სურს, ის იყოს ყველას მონა.
45რადგან ძე კაცისა არ მოსულა იმისათვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად ემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად.“
ბრმა ბარტიმეოსის განკურნება
46და მივიდნენ იერიხოს. იერიხოდან რომ გადიოდა, თავის მოწაფეებთან და დიდძალ ხალხთან ერთად, გზის პირას იჯდა ბრმა მათხოვარი, ტიმეს ძე, ბარტიმაიოსი.
47როცა გაიგო, იესო ნაზარეველიაო, მორთო ყვირილი და ამბობდა: „იესო, დავითის ძეო, შემიწყალე!“
48ბევრი უწყრებოდა მას, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ უფრო მეტად ყვიროდა: „დავითის ძეო, შემიწყალე!“
49და შედგა იესო და თქვა: „დაუძახეთ მას.“ და დაუძახეს ბრმას და უთხრეს: „ნუ გეშინია, ადექი, გეძახის.“
50მან გადაიგდო მოსასხამი, ადგა და მივიდა იესოსთან.
51მიუგო მას იესომ და თქვა: „რა გინდა, რომ გაგიკეთო?“ ბრმამ უთხრა: „რაბუნი, რომ თვალი ამეხილოს.“
52იესომ უთხრა მას: „წადი, შენმა რწმენამ გიხსნა.“ და მყისვე აეხილა თვალი და გაედევნა მას გზაზე.

Currently Selected:

მარკ. 10: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy