YouVersion Logo
Search Icon

მათ. 18

18
როგორც ბავშვები
1იმ დროს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს: „ვინ უფრო დიდია ცათა სასუფეველში?“
2იესომ დაუძახა ბავშვს და ჩააყენა მათ შუა,
3და უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.
4ამრიგად, ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათა სასუფეველში.
5და ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე მიმიღებს.
6ხოლო ვინც ერთს ამ მცირეთაგანს, რომელსაც ჩემი სწამს, აცდუნებს, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ.
7ვაი სოფელს ცთუნებებისაგან, ვინაიდან ცდუნებები უნდა მოვიდეს, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის ცდუნება.
8თუ გაცდუნებს შენი ხელი ან შენი ფეხი, მოიკვეთე და გადააგდე. გიჯობს დასახიჩრებული ან კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით ან ორი ფეხით იქნე ჩაგდებული საუკუნო ცეცხლში.
9თუ გაცდუნებს შენი თვალი, ამოითხარე და გადააგდე. გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაგდებულ იქნე ცეცხლის გეენაში.
10იცოდეთ, არ უგულებელყოთ არც ერთი ამ მცირეთაგანი. გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ზეცაში სულმუდამ ხედავენ ჩემი ზეციერი მამის სახეს.
11ვინაიდან კაცის ძე დაღუპულის სახსნელად მოვიდა.
გზააბნეული ცხვარი
12„რა გგონიათ თქვენ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნეს, განა მთებში არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა გზააბნეულის მოსაძებნად?
13თუ მოხდება და იპოვის მას, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უფრო მეტად გაიხარებს იმაზე, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტზე, რომლებსაც გზა არ აბნევიათ.
14ასევე არ სურს თქვენს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანი.
შემცოდე ძმა
15„ხოლო თუ შენი ძმა შესცოდავს შენს წინააღმდეგ, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით. თუ გაგიგონებს, შეგიძენია შენი ძმა.
16ხოლო თუ არ გაგიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა.
17თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი; თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი და მებაჟე.
18ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც მიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება. და რასაც გახსნით მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც.
სადაც ორი ან სამი შეიკრიბება
ჩემი სახელით
19„ასევე ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორნი თქვენგან შეთანხმდებიან დედამიწაზე, ითხოვონ ნებისმიერი რამ, მიეცემათ მათ ჩემი მამისაგან, რომელიც ზეცაშია.
20ვინაიდან, სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქა ვარ მათ შორის.“
მოწყალე მეფე და უმოწყალო მონა
21მაშინ მივიდა მასთან პეტრე და უთხრა: „უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ თუ შესცოდა? შვიდჯერ?“
22უთხრა მას იესომ: „მე არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ.
23ამიტომ ჰგავს ცათა სასუფეველი კაცსა მეფესა, რომელმაც მოისურვა თავისი მონებისათვის ანგარიშის გასწორება.
24როცა დაიწყო ანგარიში, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც ათი ათასი ტალანტი ემართა მისი.
25და რაკი არაფერი გააჩნდა, რომ გადაეხადა, ბატონმა ბრძანა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც კი ებადა, და გადაეხადა.
26მონა დაემხო პირქვე, თაყვანი სცა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო.
27ბატონს შეებრალა ის მონა, გაუშვა და ვალიც აპატია.
28ამ მონას გამოსვლისთანავე შეხვდა ერთი თავისი თანამონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა, დაიჭირა, ყელში სწვდა და უთხრა: გადამიხადე, რაც გმართებსო.
29პირქვე დაემხო თანამონა, შეევედრა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო.
30მაგრამ მან არ ინდომა, არამედ წავიდა და ჩააგდო იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს არ გადაუხდიდა.
31მისმა თანამონებმა რომ ნახეს, რაც მოხდა, შეწუხდნენ, მივიდნენ თავიანთ ბატონთან და აუწყეს ყოველივე მომხდარი.
32მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა: ‘ბოროტო მონავ! რაკი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე.
33განა არ გმართებდა, შეგეწყალებინა შენი თანამონა, როგორც მე შენ შეგიწყალე?’
34განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ თავის ვალს არ გადაუხდიდა.
35ასევე მოგექცევათ თქვენ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს.“

Currently Selected:

მათ. 18: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy