YouVersion Logo
Search Icon

ლუკ. 6:27-49

ლუკ. 6:27-49 GEO02

ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს. აკურთხებდეთ თქვენს მაწყევრებს და ლოცულობდეთ თქვენსავე შეურაცხმყოფელთათვის. ვინც ლოყაში გაგარტყას, მეორეც მიუშვირე. ვინც სამოსელი წაგართვას, მოსასხამსაც ნუ დაუჭერ. ყველას, ვინც გთხოვოს, მიეცი და ვინც გამოგართმევს, უკან ნუღარ მოსთხოვ. როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ. თუ თქვენი მოყვარულნი გეყვარებათ, თქვენთვის რა მადლია? ვინაიდან ცოდვილთაც უყვართ თავიანთი მოყვარულნი. თუ სიკეთეს უზამთ თქვენს კეთილისმყოფელთ, თქვენთვის რა მადლია? ცოდვილნიც ასევე აკეთებენ. თუ სესხს აძლევთ იმას, ვისი იმედიც გაქვთ, რომ უკან დაგიბრუნებთ, ეს რაღა მადლია? ცოდვილნიც ასესხებენ ცოდვილთ, რომ დაიბრუნონ იმდენივე. ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით და ასესხეთ და ნურაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური: მაღლის ძენი იქნებით, ვინაიდან იგი კეთილია უმადურთა და ბოროტთა მიმართაც. იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე. ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით; მსჯავრს ნუ დასდებთ და არ დაგედებათ მსჯავრი; მიუტევეთ და მოგეტევებათ. მიეცით და თქვენც მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე, მოგეცემათ თქვენსავე კალთაში. რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.“ იგავიც უთხრა მათ: „განა შეუძლია ბრმას ბრმის მეგზურობა? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივდებიან? მოწაფე მასწავლებელზე მეტი არ არის, ხოლო ყველა სწავლაგასრულებული, ისეთივე იქნება, როგორც მისი მასწავლებელი. რად უყურებ წველს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ამჩნევ? ანდა როგორ შეგიძლია უთხრა შენს ძმას: ძმაო, მიმიშვი, ამოგიღო თვალიდან წველი, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, თუ როგორ უნდა ამოუღო შენს ძმას თვალიდან წველი. არ არსებობს კარგი ხე, რომელმაც ცუდი ნაყოფი გამოიღოს; არც ცუდი ხე, რომელმაც კარგი ნაყოფი გამოიღოს. ვინაიდან ყოველი ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა: ეკალზე ხომ ვერ მოკრეფენ ლეღვს და არც მაყვლის ბუჩქებზე იკრიფება ყურძენი. კეთილი კაცი თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთეს გამოიღებს, ბოროტი კაცი კი ბოროტისგან ბოროტს გამოიღებს. ვინაიდან გულის სავსებისაგან მეტყველებს მისი პირი. რატომ მიწოდებთ: ‘უფალო, უფალო!’ და იმას კი არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით? ყველა, ვინც ჩემთან მოდის, ჩემს სიტყვებს ისმენს და მათ ასრულებს, გიჩვენებთ ვისაცა ჰგავს. იგი ჰგავს სახლის მშენებელ კაცს, რომელმაც მოთხარა, ჩააღრმავა და კლდეზე დადო საძირკველი. წყალდიდობისას მდინარე ეკვეთა იმ სახლს და ძვრა ვერ უყო, ვინაიდან კარგად იყო ნაშენი. ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს, იგი ჰგავს კაცს, რომელმაც სახლი ააშენა მიწაზე უსაძირკვლოდ და, როცა მდინარე ეკვეთა, უმალ დაინგრა და ძალზე დიდი იყო იმ სახლის ჩამოქცევა.“

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy