ლევ. 4
4
ცოდვის გამოსასყიდი შესაწირავის შესახებ
1და უთხრა უფალმა მოსეს:
2„უთხარი ისრაელის ძეთ: ‘თუ შესცოდოს ვინმემ უნებლიეთ უფლის რომელიმე მცნებათა წინააღმდეგ და ქმნას რაიმე, რაც აკრძალულია –
3„‘თუ ცხებულმა მღვდელმა შესცოდა ხალხის გარევით დანაშაულში, დაე, შესწიროს უფალს თავისი ცოდვისათვის, რომლითაც შესცოდა, მოზვერი მსხვილფეხიდან, უბიწო, ცოდვის მსხვერპლად.
4და მიიყვანოს მოზვერი საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე, და დაადოს თავისი ხელი მოზვერს თავზე, და დაკლას მოზვერი უფლის წინაშე.
5და აიღოს ცხებულმა მღვდელმა მოზვრის სისხლიდან და მიიტანოს იგი საკრებულო კარავში.
6და ამოაწო მღვდელმა თითი სისხლში და შვიდგზის მოასხუროს სისხლიდან უფლის წინაშე წმიდა ფარდის წინ.
7და სცხოს მღვდელმა სისხლიდან უფლის წინაშე საკმევლის სამსხვერპლოს რქებს, რომელიც საკრებულო კარავშია, და მთელი ნარჩენი სისხლი მოზვრისა მოაპკუროს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს საძირკველს, რომელიც საკრებულო კარვის შესასვლელთანაა.
8და მთელი ქონი ცოდვის შესაწირავის მოზვრისა, ამოაცალოს მას, ქონი, რომელიც ფარავს შიგნეულს, და მთელი ქონი, რომელიც შიგნეულზეა,
9და ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათზეა, რომელიც ბარძაყის კუნთებზეა, და აპკი ღვიძლზე, თირკმელებითურთ მოკვეთოს იგი,
10როგორც მოიკვეთება სამშვიდობო შესაწირავის მოზვრიდან; და დააკმიოს ისინი მღვდელმა, სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე.
11ხოლო ტყავი მოზვრისა და მთელი მისი ხორცი თავითა და კანჭებითურთ, და მისი შიგნეული სკორეთურთ,
12მთელი მოზვერი გაიტანოს ბანაკის გარეთ, წმიდა ადგილზე, სადაც იყრება ნაცარი, და დაწვას იგი შეშებზე ცეცხლით. ნაცრის გადაყრის ადგილზე დაიწვას იგი.
13„‘და თუ მთელი თემი ისრაელისა შეცდება და დაიფარება საქმე კრებულის თვალთაგან, და ჩაიდენს რაიმეს უფლის რომელიმე მცნების წინააღმდეგ, რომელიც არ უნდა ჩადენილიყო, და დადანაშაულდნენ,
14როდესაც შეიტყობენ ცოდვას, რომლითაც შესცოდეს მათ, შესწიროს კრებულმა მოზვერი მსხვილფეხიდან ცოდვის მსხვერპლად და მიიტანოს იგი საკრებულო კარვის წინ.
15და დაასხან თემის უხუცესებმა ხელები მოზვრის თავს უფლის წინაშე, და დაკლან მოზვერი უფლის წინაშე
16და შეიტანოს ცხებულმა მღვდელმა მოზვრის სისხლიდან საკრებულო კარავში.
17და ამოაწოს მღვდელმა თითი სისხლში და მოასხუროს შვიდგზის უფლის წინაშე, ფარდის წინ.
18და სისხლიდან მოსცხოს სამსხვერპლოს რქებს, რომელიც უფლის წინაშეა საკრებულო კარავში, და მთელი დანარჩენი სისხლი მოაპკუროს სრულადდასაწველი სამსხვერპლოს საძირკველს, რომელიც საკრებულო კარვის შესასვლელთანაა.
19და მთელი მისი ქონი ამოიღოს მისგან და დააკმიოს სამსხვერპლოზე.
20და გაუკეთოს ამ მოზვერს იგივე, რაც გაუკეთა ცოდვის შესაწირავის მოზვერს, და შეუნდობს მათ მღვდელი და მიეტევებათ მათ.
21და გაიტანოს მოზვერი ბანაკის გარეთ და დაწვას იგი, როგორც დაწვა პირველი მოზვერი. ეს კრებულის ცოდვის შესაწირავია.
22„‘თუ მთავარმა შესცოდოს და გააკეთოს შეცდომით რამე უფლის, თავისი ღმერთის, მცნებათა წინააღმდეგ, რომელიც არ უნდა გაკეთებულიყო, და ჩაიდინა დანაშაული,
23ან ცნობილი გახდება მისთვის მისი ცოდვა, რომლითაც მან სცოდა, მიიტანოს თავისი შესაწირავი, უმანკო თხა,
24და დაადოს ხელი თხას თავზე, და დაკლას იგი ადგილზე, სადაც კლავენ სრულადდასაწველს უფლის წინაშე. ცოდვის მსხვერპლია იგი.
25და აიღოს მღვდელმა ცოდვის შესაწირავის სისხლიდან თითით და მოსცხოს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს რქებს, დანარჩენი მისი სისხლი მოაპკუროს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს საძირკველს.
26და მთელი მისი ქონი დააკმიოს სამსხვერპლოზე, როგორც ქონი სამშვიდობო მსხვერპლისა, და შეუნდობს მღვდელი მის ცოდვას და ეპატიება მას.
27„‘და თუ ჩაიდენს ვინმე ხალხიდან შეცდომით რაიმეს უფლის რომელიმე მცნების წინააღმდეგ, რაც არ უნდა ჩადენილიყო, და დადანაშაულდება,
28ან, როდესაც ცნობილი გახდება მისთვის მისი ცოდვა, რომლითაც მან შესცოდა, მიიტანოს მსხვერპლად დედალი თხა, უნაკლო, თავისი ცოდვისათვის, რომლითაც შესცოდა.
29და დაადოს თავისი ხელი ცოდვის მსხვერპლს თავზე, და დაკლას ეს ცოდვის მსხვერპლი სრულადდასაწველის ადგილზე.
30და აიღოს მღვდელმა მისი სისხლიდან თითით და მოასხუროს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს რქებს; და მთელი მისი დანარჩენი სისხლი მოაპკუროს სამსხვერპლოს საძირკველს.
31და მთელი მისი ქონი მოჰკვეთოს, როგორც მოიკვეთა ქონი სამშვიდობო მსხვერპლიდან, და დააკმიოს მღვდელმა სამსხვერპლოზე კეთილსურნელებად უფლისათვის, და შეუნდობს მას მღვდელი, და მიეტევება მას.
32„‘და თუ ცხვრის ფარიდან მიიტანს ცოდვის მსხვერპლად, უმანკო იყოს, დედალი.
33და დაადოს თავისი ხელი ცოდვის მსხვერპლს თავზე და დაკლას იგი ცოდვის მსხვერპლად იმ ადგილზე, სადაც კლავენ სრულადდასაწველს.
34და აიღოს მღვდელმა ცოდვის მსხვერპლის სისხლისაგან თითით და მოასხუროს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს რქებს, ხოლო მთელი დანარჩენი სისხლი მოაპკუროს სამსხვერპლოს საძირკველს.
35და მთელი მისი ქონი მოკვეთოს, როგორც მოიკვეთა ცხვრის ქონი სამშვიდობო მსხვერპლიდან, და დააკმიოს მღვდელმა ისინი უფლის სამსხვერპლოზე საცეცხლო შესაწირავად; და შეუნდობს მას მღვდელი მის ცოდვას, რომლითაც შესცოდა, და მიეტევება მას.
Currently Selected:
ლევ. 4: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002