YouVersion Logo
Search Icon

ლევ. 27

27
დადგენილებანი მღვდლებისათვის აღთქმათა შესახებ; მეათედი სიწმიდეა უფლისა
1და უთხრა უფალმა მოსეს:
2„ელაპარაკე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘თუ ვინმე დადებს ძნელ აღთქმას შენი შეფასებისამებრ შეაფასე უფლისათვის აღთქმული სული.
3შენი შეფასება იყოს: ოცი წლიდან სამოც წლამდე მამაკაცისთვის ორმოცდაათი შეკელი ვერცხლისა, საწმიდრის შეკელით.
4და თუ ქალია, შენი შეფასება იყოს ოცდაათი შეკელი.
5თუ ხუთი წლიდან ოც წლამდეა, შენი შეფასება მამაკაცისთვის იყოს ოცი შეკელი, ხოლო ქალისთვის ათი შეკელი.
6და თუ ერთი თვიდან ხუთ წლამდეა, შენი შეფასება ვაჟისათვის იყოს ვერცხლის ხუთი შეკელი, ხოლო ქალისთვის ვერცხლის სამი შეკელი.
7და თუ სამოცი წლისაა, ან უფრო მეტის, თუ მამაკაცია, შენი შეფასება იყოს თხუთმეტი შეკელი, ქალისთვის – ათი შეკელი.
8თუ ღარიბია და არ ძალუძს გაცემა შენი შეფასების მიხედვით, წარუდგინონ მღვდელს და შეაფასებს. აღთქმის დამდების ქონების შესაბამისად შეაფასოს მღვდელმა.
9„‘თუ ეს პირუტყვია, რომელთაგან სწირავენ მსხვერპლად უფალს, ყოველი, რასაც მისცემს მისგან უფალს, წმიდა იყოს.
10არ შეიძლება გაიცვალოს და არც შეიცვალოს კარგი ცუდით, ან ცუდი კარგით; და თუ შეცვლის, შეიცვალოს პირუტყვი პირუტყვით, მაშინ იგი და მისი სანაცვლო წმიდა იყოს.
11თუ ეს რომელიმე უწმიდური პირუტყვია, რომელსაც არ სწირავენ მსხვერპლად უფალს, წარუდგინოს პირუტყვი მღვდელს,
12და შეაფასოს მან, კარგია თუ ცუდი, და როგორც შეაფასებს, ისე იყოს.
13თუ გამომსყიდველი გამოისყიდის მას, დაუმატოს მეხუთედი ნაწილი შენს შეფასებას.
14„‘თუ ვინმე შესწირავს თავის სახლს სიწმიდედ უფალს, მღვდელმა შეაფასოს, კარგია თუ ცუდი; როგორც შეაფასებს მას მღვდელი, ისე იყოს.
15თუ შემწირველი თავის სახლს გამოისყიდის, დაუმატოს მეხუთედი ნაწილი ვერცხლისა შენს შეფასებას, და მისი იქნება.
16„‘თუ ვინმე თავისი საკუთარი სამფლობელოდან ყანას მიუძღვნის უფალს, შენი შეფასება მისი ნათესის ზომის მიხედვით იყოს: ერთი ღომორი ქერის ნათესისთვის ვერცხლის ორმოცდაათი შეკელი.
17თუ ვერძობის წლის წინ შესწირავს ვინმე თავის ყანას, მოხდეს შენი შეფასებისამებრ.
18თუ ვერძობის შემდეგ შესწირავს ვინმე თავის ყანას, მღვდელმა ვერცხლი გაიანგარიშოს ვერძობის წლამდე დარჩენილი წლების მიხედვით და გამოიქვითება მისი შეფასებიდან.
19და თუ მისი შემწირველი ყანას გამოსყიდვით გამოისყიდის, დაუმატოს ვერცხლის მეხუთედი ნაწილი შენს შეფასებას და მას დარჩება.
20თუ არ გამოისყიდა ყანა, ან თუ მიჰყიდა ყანა სხვა კაცს, მერე ვეღარ გამოისყიდის
21ეს ყანა იქნება, ვერძობის წელში მისი გასვლის ჟამს, უფლის სიწმიდედ, როგორც მიძღვნილი ყანა; მღვდელს ექნება ის სამფლობელოდ.
22„‘თუ ნაყიდ ყანას, რომელიც არაა მისი მფლობელობის ყანათაგან, ვინმე მიუძღვნის უფალს,
23მაშინ მღვდელმა გამოუანგარიშოს მას შეფასების ოდენობა ვერძობის წლამდე, და მისცეს ვერცხლი ამ შეფასების მიხედვით იმავე დღეს, როგორც სიწმიდე უფლისა.
24ვერძობის წელს კი უბრუნდება ყანა იმას, ვისგანაც იყიდა, ვისაც ეკუთვნის იმ მიწის მფლობელობა.
25ყოველი შენი შეფასება იყოს წმიდის შეკელით, ოცი გერა იყოს შეკელში.
26„‘ხოლო პირველმოგებული საქონლისაგან, რომელიც პირმშოობით უფალს ეკუთვნის, მისი მიძღვნა არავის არ შეუძლია: ხარი ან კრავი უფლისაა.
27თუ ეს უწმიდური პირუტყვიდანაა, მაშინ გამოსყიდული იქნება შენი შეფასებისამებრ და დაემატოს მას მისი მეხუთედი ნაწილი. და თუ არ გამოისყიდება, მაშინ გაიყიდოს შენი შეფასებით.
28„‘ხოლო ყოველი აღკვეთილი, რასაც აღკვეთს კაცი უფლისათვის თავისი საკუთრებიდან: ადამიანიდან, საქონლიდან, თუ თავისი სამფლობელო ყანიდან, არ გაიყიდება და არც გამოისყიდება. ყოველი აღკვეთილი ყოვლად წმიდაა უფლისათვის.
29„‘ყოველი აღკვეთილი, რაც აღიკვეთება ადამიანისაგან, არ გამოისყიდება; სიკვდილით უნდა მოკვდეს.
30„‘და ყოველი მეათედი მიწიდან: მიწის თესლისაგან, ხის ნაყოფისაგან, უფლისაა ის. ეს სიწმიდეა უფლისა.
31თუ ვინმე თავისი მეათედიდან გამოსყიდვით გამოისყიდის, მაშინ მიუმატოს მას მეხუთედი ნაწილი.
32ყოველი მეათედი მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლისა, ყოველი მეათე კვერთხქვეშ რომ გადის, უფლის სიწმიდეა,
33არ გაირჩეს კარგი და ცუდი, და არ შეიცვალოს იგი. თუ ვინმე შეცვლით შეცვლის მას, ისიც და მისი სანაცვლოც წმიდა იქნება და არ გამოისყიდება’“.
34ესენია მცნებანი, რომელნიც ამცნო უფალმა მოსეს ისრაელის ძეთათვის სინაის მთაზე.

Currently Selected:

ლევ. 27: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Video for ლევ. 27