YouVersion Logo
Search Icon

ლევ. 25

25
შაბათობის წელი
1და უთხრა უფალმა მოსეს სინაის მთაზე:
2„ელაპარაკე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘როცა მიხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ თქვენ, დაისვენოს მიწამ უფლის შაბათს;
3ექვსი წელი თესე შენი ყანა და ექვსი წელი გასხალი შენი ვენახი, და შეკრიბე მათი მოსავალი.
4მეშვიდე წელი კი დასვენების შაბათი იყოს მიწისათვის, შაბათი უფლისა: ყანა შენი არ თესო და შენი ვენახი არ გასხლა.
5ნაგერალი შენი სამკალისა არ მომკა და ყურძენი შენს გაუსხლავ ვაზთაგან არ დაკრიფო; ეს წელიწადი დასვენებისა იყოს მიწისათვის.
6და იყოს შაბათი მიწისა საჭმელად თქვენთვის, შენთვის და შენი მონისათვის, და შენი მხევლისათვის, და შენი მოჯამაგირისათვის, და შენი ხიზნისათვის, რომელნიც შემოხიზნულნი არიან შენთან.
7მთელი მისი მოსავალი იყოს საჭმელად შენი საქონლისა და მხეცისათვის, რომელნიც შენს ქვეყანაშია.
8„‘გადაითვალე შვიდი შაბათობის წელი, შვიდჯერ შვიდი წელი, და იყოს შენთვის დრო ამ შვიდი შაბათობის წლებისა ორმოცდაცხრა წელი.
9და აუწყე საყვირით მეშვიდე თვეს, თვის მეათე დღეს. შენდობის დღეს აუწყეთ საყვირით მთელ თქვენს ქვეყანაში.
10და განწმიდეთ ორმოცდამეათე წელი და გამოაცხადეთ თავისუფლება ქვეყანაში მისი ყოველი მცხოვრებისათვის. ვერძობის წელი იყოს იგი თქვენთვის. და დაუბრუნდით თითოეული თავის სამფლობელოს, და თითოეული თავის საგვარეულოს დაუბრუნდით.
11ვერძობისა იყოს თქვენთვის ეს ორმოცდამეათე წელი: არ თესოთ და არც მომკათ ნაგერალები, და არ დაკრიფოთ ყურძენი გაუსხლავი ვაზიდან.
12რადგან ეს ვერძობაა. წმიდა იყოს ის თქვენთვის. ველიდან ჭამდეთ მის მოსავალს.
13„‘ამ ვერძობის წელს თითოეული დაუბრუნდით თავის სამფლობელოს.
14„‘და თუ მიჰყიდი რამეს შენს მოყვასს ან იყიდი რამეს შენი მოყვასისაგან, არ დაჩაგროთ ერთმანეთი.
15ვერძობის შემდგომი წლების ანგარიშით იყიდე შენი მახლობლისგან, მოსავლის აღების წლების ანგარიშით.
16რაც უფრო მეტი იქნება ეს წლები, მით უფრო გაზრდი მის ფასს, და რაც უფრო ნაკლები იქნება ეს წლები, მით უფრო შეამცირებ მის ფასს, რადგან მოსავალის ანგარიშით მოგყიდის.
17ნუ დაჩაგრავთ ერთმანეთს; გეშინოდეს შენი ღმერთისა, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.
18„‘აღასრულეთ ჩემი წესები, და ჩემი სამართალნი დაიცავით და აღასრულეთ ისინი, და იცხოვრებთ ქვეყანაზე მშვიდად.
19და გამოსცემს მიწა თავის ნაყოფს და ჭამთ მაძღრად და იცხოვრებთ მშვიდად მასზე.
20და თუ იტყვით, რა ვჭამოთ მეშვიდე წელს, როდესაც არ დავთესავთ და არ მოვკრეფთ ჩვენს მოსავალსო,
21მოვავლენ ჩემს კურთხევას თქვენთვის მეექვსე წელს და იგი გამოსცემს სამი წლის მოსავალს.
22და დათესავთ მერვე წელს, მაგრამ ჭამთ ძველი მოსავლიდან მეცხრე წლამდე. ვიდრე მოიწევა მისი მოსავალი, ჭამეთ ძველი.
23„‘მიწა არ გაიყიდება სამუდამოდ, რადგან ჩემია მიწა. თქვენ ხომ ხიზნები ხართ ჩემთან.
24თქვენი სამფლობელოს ყოველ მიწაზე ნება დართეთ მიწის გამოსყიდვისა.
25„‘თუ გაღარიბდეს შენი ძმა და გაყიდოს თავისი სამფლობელო, მაშინ მივიდეს მისი ახლო ნათესავი მასთან და გამოისყიდოს მისი ძმის მიერ გაყიდული.
26და თუ მას არა ჰყავს გამომსყიდველი, მაგრამ მას აქვს შესაძლებლობა და ჰპოვებს, რაც მას სჭირდება მისი გამოსყიდვისათვის,
27გამოითვალოს წლები თავისი გასაყიდისა და დაუბრუნოს ნამეტი იმას, ვისაც მიჰყიდა, და დაუბრუნდება თავის სამფლობელოს.
28თუ ვერ ჰპოვა მისმა ხელმა, რაც უნდა დაუბრუნოს მას, მის მიერ გაყიდული დარჩება მყიდველის ხელში ვერძობის წლამდე, ხოლო ვერძობის წელს გაეცლება იგი და დაუბრუნდება თავის სამფლობელოს.
29„‘თუ ვინმემ გაყიდოს საცხოვრებელი სახლი გალავნიან ქალაქში, მისი გამოსყიდვა ნებადართულია წლის დასასრულამდე მისი გაყიდვიდან. წლის განმავლობაში შეიძლება მისი გამოსყიდვა.
30თუ არ იქნა გამოსყიდული მთელი წლის დასასრულამდე, სახლი, რომელიც ქალაქშია, რომელსაც აქვს გალავანი, დარჩება მუდმივად მის მყიდველს მისი თაობებისათვის, არ ჩამოერთმევა მას ვერძობის წელს.
31მაგრამ სოფლის სახლები, რომლებსაც არა აქვთ გალავანი გარშემო, მიჩნეულ უნდა იქნენ ამ ქვეყნის მინდვრის თანაბრად: მათთვის დასაშვებია გამოსყიდვა და ვერძობის წელს ისინი ჩამოერთმევა.
32„‘ხოლო სახლები, რომლებიც ლევიანთა კუთვნილ ქალაქებშია, ყოველ დროს შეიძლება გამოსყიდულ იქნან ლევიანთა მიერ.
33და თუ ლევიანთაგან რომელიმე არ გამოისყიდის, გაყიდული სახლი მათ სამფლობელო ქალაქში გავა ვერძობის წელს, რადგან სახლები ლევიანთა ქალაქებისა მათ მფლობელობაშია ისრაელის ძეთა შორის.
34მათი ქალაქების ირგვლივ მინდვრები არ გაიყიდება, რადგან ეს მათი საუკუნო სამფლობელოა.
35„‘თუ შენი ძმა გაღარიბდეს და დავრდომილი მოვიდეს შენთან, დაეხმარე მას, ხიზანია იგი თუ ახალმოსახლე, და იცხოვროს შენთან.
36არ აიღო მისგან ვახში და სარგებელი და გეშინოდეს შენი ღმერთისა და იცოცხლოს შენმა ძმამ შენთან.
37შენი ვერცხლი არ მისცე ვახშით და სარგებლით არ მისცე შენი პური.
38მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა მოგცეთ თქვენ ქვეყანა ქანაანისა და ვიყო თქვენს ღმერთად.
39„‘თუ გაღარიბდეს შენი ძმა შენთან და მოგეყიდოს შენ, არ დაიმონო იგი მონური შრომით.
40როგორც დაქირავებული, როგორც ხიზანი იყოს იგი შენთან. ვერძობის წლამდე იმუშაოს შენთან,
41და განვიდეს შენგან თვითონ და ძენი მისნი მასთან ერთად. და დაუბრუნდეს თავის საგვარეულოს, და თავის მამათა სამფლობელოს კვლავ დაეუფლოს.
42რადგან ისინი ჩემი მონები არიან, რომელნიც გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან. არ უნდა გაიყიდონ ისინი, როგორც მონები იყიდებიან.
43არ გაბატონდე მასზე სისასტიკით და გეშინოდეს შენი ღმერთისა.
44„‘შენი მონა და შენი მხევალი, რომლებიც გყავს, თქვენს გარშემო მყოფ ხალხთაგან იყვნენ. მათგან იყიდეთ მონა და მხევალი.
45და აგრეთვე ხიზანთა შვილებისგან, რომელნიც ხიზნობენ თქვენთან, მათგან იყიდეთ და მათი საგვარეულოსგან, რომლებიც თქვენთანაა, რომელნიც დაიბადნენ თქვენს ქვეყანაში, და ისინი იქნებიან თქვენს საკუთრებად.
46და დაიმკვიდრებთ თქვენი შვილებისათვის თქვენს შემდეგ საკუთარ სამკვიდროდ, საუკუნოდ დაიმონებთ მათ. ხოლო თქვენს ძმებში, ისრაელის ძეებში, არავინ არ მბრძანებლობდეს სასტიკად ერთმანეთზე.
47„‘და თუ მწირი ან ხიზანი ჰპოვებს ქონებას შენთან, და ძმა შენი გაღარიბდეს მის წინაშე და მიეყიდოს მწირს, შენს ხიზანს, ან მწირის საგვარეულოს შთამომავალს,
48გაყიდვის შემდეგ იქნება მისი გამოსყიდვა, ერთ-ერთი მისი ძმათაგანი გამოისყიდის მას,
49ან ბიძამისი, ან მისი ბიძაშვილი გამოისყიდის მას; ან ვინმემ მისი სანათესაოდან უნდა გამოისყიდოს იგი; ან თუ შესაძლებლობა ექნება, თავად გამოისყიდის თავს.
50და უანგარიშოს თავის მყიდველს იმ წლიდან, როდესაც მიეყიდა, ვერძობის წლამდე. და ვერცხლი მისი ნასყიდობისა განაწილდეს წლების რიცხვზე. როგორც დროებით დაქირავებული, ისე იყოს მასთან.
51თუ კიდევ რჩება მრავალი წელი, მაშინ მათი რაოდენობის მიხედვით დააბრუნოს თავისი ნასყიდობის ვერცხლი.
52და თუ მცირე ხანი დარჩა ვერძობის წლამდე, მაშინ დაითვალოს და წელთა რაოდენობის მიხედვით დააბრუნებს თავის გამოსასყიდს.
53როგორც დაქირავებული, ისე იყოს იგი მასთან წლიდან წლამდე, და არ მბრძანებლობდეს მასზე სისასტიკით შენს თვალში.
54„‘და თუ არ იქნა გამოსყიდული ამგვარად, მაშინ ვერძობის წელს გავიდეს თვითონ და მისი შვილები მასთან ერთად.
55რადგან ჩემთვის მონები არიან ისრაელის ძენი. ისინი ჩემი მონები არიან, რომელნიც მე გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.“

Currently Selected:

ლევ. 25: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in