YouVersion Logo
Search Icon

ლევ. 23

23
კანონები შაბათის, პასექისა და სხვა დღესასწაულთა შესახებ
1და უთხრა უფალმა მოსეს:
2„ელაპარაკე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ უფლის დღესასწაულებზე: ‘რომლებსაც თქვენ უნდა უწოდოთ წმიდა შეკრებილებანი, ესენია ჩემი დღესასწაულები
3„‘ექვსი დღე აკეთე საქმე და მეშვიდე დღეს შაბათია დასვენებისა, წმიდა შეკრებილობაა. არავითარი საქმე არ აკეთოთ. ეს შაბათია უფლისა ყოველი თქვენგანის სადგომში.
4„‘ესენია უფლის დღესასწაულნი, წმიდა შეკრებილობანი, რომელნიც უნდა მოიწვიოთ მათთვის დანიშნულ დროს:
5პირველ თვეს, თვის მეთოთხმეტე დღეს, დაბინდებისას, პასექია უფლისათვის.
6და ამ თვის მეთხუთმეტე დღეს უფუარობის დღესასწაულია უფლისათვის. შვიდი დღე ჭამდეთ უფუარს.
7პირველ დღეს წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის. არავითარი საქმე არ გააკეთოთ.
8შეწირეთ საცეცხლო შესაწირავი უფალს შვიდ დღეს. მეშვიდე დღეს წმიდა შეკრებილობაა, არავითარი საქმე არ გააკეთოთ.’“
9და უთხრა უფალმა მოსეს;
10„ელაპარაკე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘როცა მიხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ თქვენ, და მომკით მის სამკალს, მიართვით პირველი ძნა თქვენი სამკალისა მღვდელს.
11და შეარხევს იგი ძნას უფლის წინაშე თქვენი წყალობისათვის.
12და შესწირეთ თქვენს მიერ ძნის შერხევის დღეს უმანკო ერთწლიანი კრავი სრულადდასაწველად უფლისათვის,
13და მასთან ძღვენი პურეულისა: ეფის ორი მეათედი ნაწილი წმიდა პურის ფქვილიდან, ზეთში შერეული, საცეცხლო შესაწირავად უფლისათვის, კეთილსურნელებად, და მისი საღვრელი ჰინის მეოთხედი ღვინო.
14არც პური, არც გამომშრალი მარცვლეული და ახალი თავთავი არ ჭამოთ თვით იმ დღემდე, ვიდრე არ შესწირავთ ამ მსხვერპლს თქვენს ღმერთს. ეს არის საუკუნო წესი თქვენს თაობებში, ყოველ თქვენს სადგომში.
15„‘გადაითვალეთ დღესასწაულის მეორე დღიდან, თქვენს მიერ შესარხეველი ძნის შეწირვის დღიდან, შვიდი სრული კვირა.
16მეშვიდე კვირის პირველ დღემდე გადაითვალეთ ორმოცდაათი დღე და შესწირეთ პურეული ძღვენი უფალს.
17თქვენი სადგომებიდან მიიტანეთ ორი პური შესარხევად. წმიდა პურის ფქვილის ორი მეათედი ნაწილი ეფისა უნდა იყოს და ცომოვანი საფუარით გაფუებული გამოცხვეს, როგორც პირველნაყოფი უფლისათვის.
18და შესწირეთ პურის გარდა შვიდი წელგამოვლილი კრავი, უმანკო, და ერთი მოზვერი, და ორი ვერძი. იქნებიან ესენი სრულადდასაწველნი უფლისათვის, და ძღვენი პურეულისა, და მათი საღვრელი საცეცხლო შესაწირავად, კეთილსურნელებად უფლისათვის.
19და მოამზადეთ ერთი თიკანი, ცოდვის მსხვერპლად და ორი ერთწლიანი კრავი სამშვიდობო მსხვერპლად.
20მღვდელმა უნდა შეარხიოს უფლის წინაშე ეს ორი კრავი პირველნაყოფთა პურთან ერთად უფლისათვის ძღვნად. ეს წმიდაა უფლისათვის, მღვდელს ეკუთვნის.
21და მოიწვიეთ ხალხი ამ დღეს. წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის. არავითარი საქმე არ გააკეთოთ. ეს არის საუკუნო წესი თქვენს ყოველ სადგომში თქვენს თაობებში.
22„‘და როცა მომკით სამკალს თქვენი მიწისას, არ მოათაოთ სამკალი თქვენი ყანისა კიდემდე, და ჩაბნეული თქვენი ნამკალისა არ აკრიფოთ: ღარიბს და ხიზანს დაუტოვეთ. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.’“
23და უთხრა უფალმა მოსეს:
24„უთხარი ისრაელის ძეთ: ‘მეშვიდე თვეს, თვის პირველ დღეს, იყოს თქვენთვის დასვენება, გახსენება ბუკის ცემისა, წმიდა შეკრებილობა.
25არავითარი საქმე არ გააკეთოთ და შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს.’“
26და უთხრა უფალმა მოსეს:
27„მეშვიდე თვის მეათე დღეს, შენდობის დღეს, წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის. დაიმდაბლეთ სული მარხვით, და შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს.
28და არავითარი საქმე არ გააკეთოთ თვის ამ დღეს, რადგან შენდობის დღეა თქვენს შესანდობად უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე.
29ხოლო ყოველი სული, რომელიც არ დაიმდაბლებს თავს ამ დღეს, მოისპობა თავისი ხალხიდან.
30და ყოველი სული, რომელიც გააკეთებს რამე საქმეს ამ დღეს, გავანადგურებ ამ სულს მისი ხალხის გარემოდან.
31არავითარი საქმე არ გააკეთოთ. საუკუნო წესია თქვენს თაობებში, თქვენს ყოველ სადგომში.
32ეს არის დასვენების შაბათი თქვენთვის და დაიმდაბლეთ თქვენი სული. თვის მეცხრე დღეს საღამოზე. საღამოდან საღამომდე იშაბათეთ თქვენი შაბათი.“
33და უთხრა უფალმა მოსეს:
34„უთხარი ისრაელის ძეთ: ‘ამავე მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს კარვობის დღესასწაულია, შვიდი დღეა უფლისათვის.
35პირველ დღეს წმიდა შეკრებილობაა. არავითარი საქმე არ გააკეთოთ.
36შვიდი დღე შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს; მერვე დღეს წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის და შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს. დღესასწაულის წარგზავნაა, არავითარი საქმე არ გააკეთოთ ამ დღეს.
37(„‘ესენია უფლის დღესასწაულები, რომლებსაც თქვენ დანიშნავთ წმიდა შეკრებილობისათვის, რათა მსხვერპლად მიართვათ უფალს სრულადდასაწველი, პურეულის ძღვენი, დასაკლავი მსხვერპლები და საღვრელი, – თითოეულის თავის დღეს,
38გარდა უფლის შაბათებისა და გარდა თქვენს შემოწირულობათა, გარდა ყოველი თქვენი აღთქმულისა და გარდა თქვენს ძღვენთა, რომელთაც თქვენ მისცემთ უფალს.)
39„‘მაგრამ მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს, როცა თქვენ შეკრებთ ქვეყნის მოსავალს, იდღესასწაულეთ უფლის დღესასწაული შვიდ დღეს. პირველ დღეს დასვენებაა და მერვე დღესაც დასვენებაა.
40და აიღეთ თქვენთვის პირველ დღეს ნაყოფი მშვენიერი ხისა, რტოები პალმისა და შტო ბრტყელფოთოლა ხისა და ძეწნისა, და იხარეთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე შვიდი დღე.
41და იდღესასწაულეთ ეს დღესასწაული უფლისათვის შვიდ დღეს წელიწადში. ეს საუკუნო წესია თქვენს თაობებში. მეშვიდე თვეში იდღესასწაულეთ იგი.
42კარვებში იცხოვრეთ შვიდი დღე. ყოველმა მკვიდრმა ისრაელში იცხოვროს კარავში,
43რათა იცოდნენ თქვენმა თაობებმა, რომ კარვებში დავამკვიდრე ისრაელის ძენი, როცა გამოვიყვანე ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.’“
44და ელაპარაკა მოსე უფლის დღესასწაულებზე ისრაელის ძეთ.

Currently Selected:

ლევ. 23: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in