YouVersion Logo
Search Icon

იუდ. 1

1
მისალმება
1იუდა, იესო ქრისტეს მონა და იაკობის ძმა – მოწოდებულთ, რომელნიც შეიყვარა მამა ღმერთმა და დაცულნი არიან იესო ქრისტესათვის.
2გაგიმრავლდეთ წყალობა, მშვიდობა და სიყვარული.
გაფრთხილება უწმიდური მოძღვრების წინააღმდეგ
3საყვარელნო! ძალიან მოწადინებული ვიყავი მომეწერა თქვენთვის ჩვენს საერთო ხსნაზე. საჭიროდ ჩავთვალე მომეწერა თქვენთვის შეგონება, რომ იღწვოდეთ რწმენისათვის, რომელიც ერთხელ წმიდებს გადაეცა.
4ვინაიდან შემოიპარნენ ზოგიერთი ადამიანები, რომელთაც ადრიდანვე ეწერათ ეს მსჯავრდება, უღვთონი, რომელთაც ჩვენი ღვთის მადლი გარყვნილებად აქციეს და უარყოფენ ერთადერთ მბრძანებელსა და ჩვენს უფალ იესო ქრისტეს.
5მინდა შეგახსენოთ, უკვე ყველაფრის მცოდნეთ, რომ უფალმა იხსნა ხალხი ეგვიპტის ქვეყნიდან და შემდეგ დაღუპა ურწმუნონი.
6ხოლო ანგელოზნი, რომელთაც არ დაიცვეს თავიანთი ღირსება, არამედ მიატოვეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებისა და წყვდიადის ქვეშ შემოინახა, რათა დიად დღეს იქნან განკითხულნი.
7როგორც სოდომი და გომორა და მოსაზღვრე ქალაქები, მათ მსგავსად რომ მეძაობდნენ და აედევნენ უცხო ხორცს, საუკუნო ცეცხლით დასჯის მაგალითებად არიან დადგენილი,
8ასევე დაემართებათ ამ მეოცნებეთაც, რომელნიც ბილწავენ ხორცს, უარყოფენ უფლებათ და გმობენ დიდებათ.
9მიქაელ მთავარანგელოზმა ეშმაკთან პაექრობისას, როცა ედავებოდა მას მოსეს სხეულისთვის, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა, არამედ თქვა: „შეგრისხოს უფალმა!“
10ესენი კი გმობენ იმას, რაც არ იციან, ხოლო რაც ბუნებრივად იციან, როგორც უგუნურმა პირუტყვებმა, იმით იხრწნიან თავს.
11ვაი მათ, რადგან კაენის გზით მიდიან. საზღაურისათვის აჰყვნენ ბილყამის ცდომილებას და ჯიუტობით იღუპებიან, როგორც კორახი.
12ისინი ლაქებად არიან თქვენს სიყვარულის სერობებზე. უშიშრად ნადიმობენ თქვენთან და მასპინძლობენ თავიანთ თავს. ქარისგან მიმოფანტული უწყლო ღრუბლები არიან, შემოდგომის უნაყოფო ხენი – ორგზის მომკვდარნი და ძირფესვიანად აღმოფხვრილნი,
13მძვინვარე ტალღები ზღვისა, თავისივე სირცხვილით აქაფებულნი, ცთომილი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც სიბნელის წყვდიადია შენახული საუკუნოდ.
14ხანოქმაც, ადამის შემდეგ მეშვიდემ, იწინასწარმეტყველა მათზე და თქვა: „აჰა, მოდის უფალი თავის ათეულ ათასობით წმიდასთან ერთად.“
15რათა ყველა განიკითხოს და ამხილოს უღვთოთა ყოველგვარი საქმე, რაც მათ უღვთობით ჩაუდენიათ, და ყველა სასტიკი სიტყვა, მის მიმართ რომ უთქვამთ იმ უღვთო ცოდვილთ.
16ისინი მდრტვინავნი არიან, უკმაყოფილონი, თავიანთი გულისთქმებით მავალნი, რომელთა ბაგენი მაღალფარდოვან სიტყვებს წარმოთქვამენ, ანგარების გამო პირფერობენ.
უშველეთ განსაცდელში მყოფთ
17თქვენ კი, საყვარელნო, გახსოვდეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოციქულთა მიერ წინასწართქმული.
18ისინი გეუბნებოდნენ თქვენ, რომ უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკიცხავნი, თავიანთი უღვთო გულისთქმებით მავალნი.
19ესენი არიან განმყოფელნი, მიწიერნი, სულის უქონელნი.
20ხოლო თქვენ, საყვარელნო, აღაშენეთ თქვენი თავი უწმიდეს რწმენაზე, ილოცეთ სულიწმიდით,
21დაიცავით თქვენი თავი ღვთის სიყვარულში და დაელოდეთ ჩვენი უფლისაგან, იესო ქრისტესაგან, წყალობას საუკუნო სიცოცხლისათვის.
22ერთნი – დაეჭვებულნი შეიწყალეთ.
23სხვანი ცეცხლიდან გამოტაცებით იხსენით, სხვანი შიშით ამხილეთ და ხორცისგან გაბინძურებული პერანგი შეიზიზღეთ.
24ხოლო ვისაც ძალუძს დაგიცვათ დაცემისაგან და უბიწონი დაგაყენოთ სიხარულში თავისი დიდების წინაშე,
25ერთადერთ ბრძენს – ღმერთს, ჩვენს მაცხოვარს ჩვენი უფლის იესო ქრისტეთი დიდება, სიდიადე, ძალა და ხელმწიფება ყოველთა საუკუნეთა უწინარეს აწ და ყოველთა საუკუნეთა მიმართ. ამინ.

Currently Selected:

იუდ. 1: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in