YouVersion Logo
Search Icon

იობ. 39

39
გაგრძელება
1„თუ იცი ჯიხვთა დაბადების ჟამი? თვალს თუ ადევნებ ფურ-ირემთა მშობიარობას?
2ნუთუ აღრიცხავ მათ თვეთა აღვსებას? და თუ იცი ჟამი მათი მოგებისა?
3ისინი ჩაიმუხლებენ, დაყრიან ნაშიერთ, შობის ტკივილისგან თავისუფლდებიან;
4კაჟდებიან მათი ნუკრები, ველად იზრდებიან, გადიან და აღარ უბრუნდებიან.
5ვინ გაუშვა კანჯარი ნებაზე? და ვინ ახსნა კანჯარს საკვრელი?
6რომელსაც მე სახლად ტრამალი მივეცი და სამყოფლად – მლაშობი?
7ის არად აგდებს ქალაქის გნიასს, არ ესმის მენახირის შეძახილები.
8მთებში საძოვრად დაეხეტება და ყოველგვარ სიმწვანეს დაეძებს.
9თუ ინებებს მარტორქა შენს სამსახურს? თუ გაათევს შენს ბაგაზე?
10მარტორქას სახნავში თუ შეაბამ აპეურით? თუ დაგიფარცხავს ველებს შენს უკან?
11თუ დაენდობი მას, თუ მიანდობ სამუშაოს?
12თუ გწამს მისი, რომ თესლს დაგიბრუნებს და შენს კალოზე მოგიგროვებს?
13სირაქლემას ფრთა მხიარულად ფრიალებს თუ ყანჩას ნაკრტენი და ბუმბული?
14რადგან თავის კვერცხებს მიწაზე ტოვებს და მათ მტვერში ათბობს,
15და ავიწყდება, რომ ფეხით ჩაილეწება და ველის მხეცი გათელავს.
16ულმობლად ექცევა ის თავის ბარტყებს, თითქოს მისები არ ყოფილიყვნენ, თავისი ამაოდ გარჯა არად ენაღვლება.
17რადგან ღმერთმა დაავიწყა მას სიბრძნე და წილად არ არგუნა გონება.
18რაჟამს შეიმართება გასაფრენად, დასცინის ცხენსა და მის მხედარს.
19შენ მიეცი ცხენს ძლიერება? შენ შემოსე ფაფრით მისი კისერი?
20შენ ახტუნებ მას კალიასავით? მისი მჭახე ჭიხვინი ზარდამცემია!
21მიწას თხრის ის ველზე და ხარობს ძლიერებით, გადის იარაღის შესაგებებლად.
22შიშს დასცინის ის და არ კრთის და მახვილისგან პირს არ იბრუნებს.
23მის თავზე ჩხრიალებს კაპარჭი ელავს შუბი და ჰოროლი.
24შმაგად და მძვინვარედ ყლაპავს მიწას და არ სჯერა საყვირის ხმისა.
25ბუკის ცემაზე ამბობს: ‘აჰა!’ და შორიდან იყნოსავს ბრძოლას, სარდალთა შეძახილსა და ყიჟინს.
26შენი სიბრძნით არის, რომ ქორი ნავარდობს და სამხრეთისკენ შლის ფრთებს?
27შენი ბრძანებით აღმა ფრენს არწივი და მაღლა იკეთებს თავის ბუდეს?
28ის კლდეზე ბუდობს და ღამეს ათევს კლდის ქიმსა და სიმაგრეზე.
29იქიდან ეძებს თავისთვის საზრდოს; მისი თვალები შორიდან ჭვრეტენ,
30მისი მართვენი სისხლს სვამენ, და სადაც ლეშია, ისიც იქ გაჩნდება.“

Currently Selected:

იობ. 39: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in