YouVersion Logo
Search Icon

იობ. 38

38
იობი უფლის წინაშე
1მაშინ მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა:
2„ვინ არის ეს, უგუნური სიტყვებით განგებას რომ აბნელებს, იმ საგნებზე რომ ლაპარაკობს, რაც არ ესმის?
3წელი შემოისარტყლე კაცურად, მე შეგეკითხები და შენ პასუხი გამეცი:
4შენ სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგება,
5ვინ დაადგინა მისი ზომები, თუ იცი? ან ვინ გადაჭიმა მასზე ლარი?
6რაზე დგას მისი საძირკველი? ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი,
7როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები, და ღვთის ძენი ყიჟინებდნენ?
8ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭეები, როცა ამოხეთქა, როგორც საშოდან?
9როცა ღრუბელი მივეცი სამოსლად და წყვდიადი – სახვევებად?
10როცა დავუდგინე მას ჩემი წესი და დავუტანე ურდული და ბჭენი?
11და ვუთხარი: ‘აქამდე მოხვალ და მეტს არა. აქ უნდა შედგნენ შენი ზვიადი ზვირთები?’
12შენს დღეში თუ გიბრძანებია დილისათვის და გიუწყებია ცისკრისთვის მისი ადგილი,
13რომ მოეცვა ქვეყნის კიდეები და უკეთურნი განეფერთხა მისგან?
14იგი იცვლება, როგორც თიხა საბეჭდავის ქვეშ, და ისინი დგანან, როგორც სამოსელი.
15და წაერთმევათ უკეთურთ მათი ნათელი, და შემართული მკლავი შეიმუსრება.
16თუ ჩაგიღწევია ზღვის წყაროებამდე, და თუ გივლია უფსკრულის ფსკერზე?
17თუ გახსნილან შენს წინაშე სიკვდილის ბჭენი, და ბნელეთის ბჭენი თუ გინახავს?
18თუ განგიცდია დედამიწის სიგრძე-სიგანე? მითხარი, თუ იცი ეს ყველაფერი?
19სად არის გზა ნათლის სავანისა? და სად არის წყვდიადის ადგილი?
20რომ დაიჭირო თავის საზღვართან და მიაგნო მისი სახლის ბილიკებს.
21შენ იცი, რადგან მაშინ დაიბადე, და დიდია რიცხვი შენი დღეებისა!
22თუ შესულხარ თოვლის საგანძურებში, და სეტყვის საგანძურები თუ გიხილავს,
23ძნელბედობისთვის რომ მოვიმარაგე, ბრძოლისა და ომის დღისათვის?
24რა გზით ნაწილდება ნათელი, და როგორ ვრცელდება აღმოსავლის ქარი მიწაზე?
25ვინ გახსნა სადინარი ნიაღვრისათვის და გზა – ჭექა-ქუხილთათვის,
26რომ აწვიმოს უკაცრიელ მიწაზე და უდაბნოში, სადაც ადამიანის ჭაჭანება არ არის?
27რათა გააძღოს უდაბური და ხრიოკი და აღმოაცენოს მწვანე ჯეჯილი.
28თუ ჰყავს წვიმას მამა? ან ვინ დაბადა ნამის წვეთები?
29და ყინული ვისი საშოდან გამოვიდა? და ციური ჭირხლი ვინ დაბადა?
30წყალი ქვასავით იყინება, და იკვრის უფსკრულის ზედაპირი.
31თუ შეკრავ ხომლის საკვრელებს ან ორიონის საბელებს თუ გახსნი?
32თუ ამოიყვან თანავარსკვლავედს თავის დროზე, და თუ წარუძღვები დათვს თავის ბელებთან ერთად?
33თუ იცი ცათა კანონები? ან თუ დაადგენ მის წესს მიწაზე?
34ღრუბელს თუ მიუწვდენ ხმას, რათა წყლის თქეშმა დაგფაროს?
35ელვებს თუ წარავლენ, რომ წავიდნენ და გითხრან: ‘აქა ვართ?’
36ვინ ჩადო გულში სიბრძნე? და ვინ მისცა გონებას გამჭრიახობა?
37ვინ დათვლის ღრუბლებს სიბრძნით, და ვინ წამოაქცევს ცის რუმბებს,
38როცა მტვერი შენივთდება და გოროხები ერთმანეთს ეწებება?
39ნუთუ შენ უნადირებ ლომს მსხვერპლს, და შიმშილს უკლავ ლომის ბოკვერებს,
40როცა ბუნაგებში გაწოლილან ან წვანან თავიანთ საფარში?
41საზრდოს ვინ უმზადებს ყორანს, როცა მისი ბახალები ღმერთს შესჩხავიან, და უსაზრდოოდ დაძრწიან?“

Currently Selected:

იობ. 38: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in