YouVersion Logo
Search Icon

იობ. 34

34
ელიჰუს სიტყვის გაგრძელება
1და მიუგო ელიჰუმ და თქვა:
2„ისმინეთ, ბრძენნო, ჩემი სიტყვები, მცოდნენო, ყური დამიგდეთ!
3რადგან ყური გამოცდის სიტყვებს და სასა გემოს უგებს საჭმელს.
4ავირჩიოთ, რაც სამართლიანია. ჩვენს შორის ვიცოდეთ, რა არის კეთილი.
5რადგან იობმა თქვა: ‘მართალი ვარ და ღმერთმა წამართვა ჩემი სამართალი.
6ტყუილი ვთქვა ჩემს სამართალზე? მოუშუშებელია ჩემი იარა, თუმცა მე უდანაშაულო ვარ’
7ვინ არის იობის მსგავსი კაცი, დაცინვას წყალივით რომ სვამდეს?
8ავისმოქმედთა თაბუნს რომ ასდევდეს? რომ უკეთურ ხალხთან იაროს?
9რადგან მას ნათქვამი აქვს: ‘არაფრად არგია კაცს, რომ ღმერთს აამოს.’
10ამიტომ ისმინეთ ჩემი, კაცნო გულისხმიერნო! შორს იყოს ღმერთი ბოროტებისაგან და ყოვლადძლიერი უსამართლობისაგან!
11რადგან საქმისამებრ მიუზღავს ადამიანს, და კაცს მისი გზისამებრ მიაგებს.
12ჭეშმარიტად, ღმერთი არ ბოროტობს და ყოვლადძლიერი არ ამრუდებს სამართალს!
13ვინ ჩააბარა მას მიწა? და ვინ მიანდო მას მთელი სამყარო?
14თუ თავისკენ მიაპყრობს თავის გულისყურს, უკანვე წაიღებს თავის სულსა და სუნთქვას,
15ერთიანად გაწყდება ყოველი ხორციელი და ადამიანი მტვრად მიიქცევა.
16და თუ გაგება გაქვს, მოისმინე ეს, ყური უგდე ჩემი სიტყვების ჩქამს!
17ნუთუ სამართლის მოძულე იგანმგებლებს? და ნუთუ ბრალს დასდებ ძალმოსილ მართალს?
18ვინც ეუბნება მეფეს: ‘არამზადავ!’ და დიდგვაროვანს: ‘უკეთურო!’;
19რომელიც მთავრებს არ მიჰკერძავს და მდიდარს ღარიბზე მეტად არ თვლის, რადგან ყველანი მის ხელთა ქმნილებანი არიან.
20ისინი წამში იხოცებიან; შუაღამისას ტორტმანებს ხალხი და იღუპება, და წაიყვანენ და მოაშორებენ ძლიერს კაცის ხელის გარეშე,
21რადგან მისი თვალები კაცის გზებს დასცქერის და ხედავს მის ყოველ ნაბიჯს.
22არ არის არც ბნელი და არც წყვდიადი, რომ იქ დაიმალოს ავისმოქმედი;
23რადგან იგი კაცს არ უწესებს ვადას, რომ ღმერთთან სამსჯავროზე წავიდეს.
24ის მუსრავს ძლიერთ განუკითხავად და სხვებს აყენებს მათ ნაცვლად,
25რადგან ცნობს მათ ნამოქმედარს. ღამით დაამხობს მათ და შეიმუსრებიან;
26როგორც უკეთურთ დალახვრავს, სხვათა თვალთაწინ.
27ამიტომ განუდგნენ მას და არ შეიმეცნეს მისი გზები.
28მასთან მიიტანეს ღატაკთა ღაღადი, და დაჩაგრულთა ღაღადი ესმის მას.
29როცა ის დუმს, ვინ არის მისი ბრალმდებელი? როცა სახეს იფარავს, ვინ არის მისი მხილველი? ხალხისთვის იქნება ეს, თუ ერთი კაცისთვის?
30რომ არ იმეფოს უღვთო ადამიანმა, ამ ხალხის მახეში გამბმელმა.
31ვინმეს თუ უთქვამს ღვთისათვის: ‘მე მოვიხადე სასჯელი, აღარ შევცოდავ,
32შენ მასწავლე, რასაც ვერ ვხედავ. თუ უკეთურება ჩამიდენია, მეტს აღარ ვიზამ.
33განა შენი განსჯით უნდა მიუზღავდეს იგი? როგორც შენ დაგიგმია, როგორც შენ აგირჩევია და არა მე. რაც იცი, ილაპარაკე.’
34მეტყვიან გულისხმიერი კაცები და ბრძენი კაცები, მე რომ მისმენენ:
35‘იობი უაზროდ ლაპარაკობს და მის სიტყვებს გონიერება აკლია.
36ერთი ბოლომდე გამოიცდებოდეს იობი, ავკაცთა მსგავსად რომ პასუხობს!
37რადგან თავის ცოდვას უმატებს ამბოხს, ხელს ხელზე ურტყამს ჩვენს შორის და სიტყვას ამრავლებს ღვთის წინააღმდეგ!“

Currently Selected:

იობ. 34: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in