YouVersion Logo
Search Icon

გალ. 3

3
მითითება გალატელებს
1ჰოი, უგუნურო გალატელებო! ვინ მოგაჯადოვათ თქვენ, რომ არ დამორჩილებოდით ჭეშმარიტებას, თქვენ, რომელთა თვალწინ აღიწერა ცხადად იესო ქრისტეს ჯვარცმა.
2მხოლოდ ეს მსურს ვიცოდე თქვენგან: რჯულის საქმეებით მიიღეთ სული თუ რწმენის შესმენით?
3ნუთუ იმდენად უგუნურნი ხართ, რომ სულით დაიწყეთ და ახლა ხორცით ამთავრებთ?
4ამაოდ იტანჯეთ ამდენი? ნეტა, მართლა ამაოდ!
5ვინც სული მოგცათ თქვენ და თქვენს შორის სასწაულებს ახდენდა, რჯულის საქმეებით აკეთებდა ამას თუ რწმენის შესმენით?
აღთქმა აბრაამის მსგავსად
მიღებული აქვთ რწმენით
6როცა ღმერთი ირწმუნა აბრაამმა, ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას.
7ამიტომ, გაიგეთ, რომ ვინც რწმენისაგან არიან, აბრაამის შვილები არიან.
8წერილმა, როცა წინასწარ განჭვრიტა, რომ ღმერთი რწმენით გაამართლებს წარმართებს, წინასწარ ახარა აბრაამს: „და იკურთხება შენში ყველა ერი.“
9ამიტომ ისინი, ვინც რწმენისაგან არიან, მორწმუნე აბრაამთან ერთად იკურთხებიან.
10ვინაიდან ყველანი, ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ იმყოფებიან, ვინაიდან დაწერილია: „წყეულია ყოველი, ვინც არ შეასრულებს ყოველივეს, რაც რჯულის წიგნშია დაწერილი, რათა ყველაფერი შეასრულოს.“
11ცხადია, რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღვთის წინაშე, ვინაიდან მართალი რწმენით იცოცხლებს.
12ხოლო რჯული რწმენით არ არის, მაგრამ, ვინც მას შეასრულებს, მისით იცოცხლებს.
13ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და გახდა წყეული ჩვენს ნაცვლად, ვინაიდან დაწერილია: „წყეულია ყოველი დაკიდებული ძელზე,“
14რათა აბრაამის კურთხევა ქრისტე იესოს მიერ იყოს წარმართებზე, რომ სულის აღთქმა მივიღოთ რწმენით.
რჯულის გვიან მიცემა
არ ცვლის ღვთის აღთქმას
15ძმებო! ადამიანურად ვამბობ: ადამიანის მიერ დამტკიცებულ ანდერძსაც კი ვერავინ უკუაგდებს და ვერც ვერაფერს დაუმატებს.
16ხოლო აბრაამს ეთქვა ეს აღთქმანი და მის თესლს. არ თქმულა: „შენს თესლთ“ – როგორც მრავალზე, არამედ როგორც ერთზე: „შენს თესლს“, რომელიც არის ქრისტე.
17ამას კი ვამბობ, რომ ღვთის მიერ წინათ დამტკიცებულ აღთქმას ოთხას ოცდაათი წლის შემდეგ მოსული რჯული ვერ დაარღვევს ისე, რომ აღთქმული გაუქმდეს.
18ვინაიდან, თუკი რჯულითაა მემკვიდრეობა, მაშინ აღარაა აღთქმით. აბრაამს ღმერთმა აღთქმით მიჰმადლა.
19აბა, რჯული რაღაა? დანაშაულთა გამო მიეცა რჯული, ვიდრე მოვიდოდა თესლი, რომლისადმიცაა აღთქმა, და გადაეცა იგი ანგელოზთა მიერ, შუამავლის ხელით.
20ერთის შუამავალი არ არსებობს, ხოლო ღმერთი ერთია.
21აბა, რჯული ეწინააღმდეგება ღვთის აღთქმებს? არამც და არამც! ვინაიდან, თუ მოცემული იყო რჯული, რომელსაც ძალუძს ცხოველმყოფელობა, მაშინ ნამდვილად იქნებოდა სიმართლე რჯულის მიერ.
22მაგრამ წერილმა ყველა მოამწყვდია ცოდვის ქვეშ, რათა მორწმუნეებს იესო ქრისტეს რწმენით მისცემოდათ აღთქმული.
თუ თქვენ ქრისტეს ეკუთვნით,
მაშინ აღთქმით მემკვიდრენი ხართ
23რწმენის მოსვლამდე კი მომწყვდეულები ვიყავით რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ, ვიდრე რწმენა გამოჩნდებოდა.
24ამრიგად, რჯული იყო ჩვენი წარმმართველი ქრისტესაკენ, რათა გავმართლებულიყავით რწმენით.
25მაგრამ როცა რწმენა უკვე მოვიდა, წარმმართველის ხელქვეით აღარ ვიმყოფებით.
26ვინაიდან თქვენ ყველანი ღვთის შვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით.
27ვინაიდან, რაკი ყველა მოინათლეთ ქრისტეში, ქრისტეში შეიმოსენით.
28უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.
29და თუ ქრისტესნი ხართ, მაშ, აბრაამის თესლი ხართ და აღთქმით მემკვიდრენი.

Currently Selected:

გალ. 3: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy