YouVersion Logo
Search Icon

ეზეკ. 37

37
მკვდარი ძვლებით სავსე ხეობის ხილვა
1იყო ჩემზე უფლის ხელი და გამომიყვანა მე უფლის სულით და დამსვა მე შუაგულ ველზე, და სავსე იყო იგი ძვლებით.
2და მომატარა მათ შორის ირგვლივ და ძალზე ბევრი იყო ისინი ველის პირზე და აჰა, ძალზე გამხმრები იყო.
3და მკითხა მან: „ძეო კაცისავ! გაცოცხლდებიან ეს ძვლები თუ არა?“ და ვუთხარი მე: ‘უფალო ღმერთო, მხოლოდ შენ უწყი!“
4და მითხრა მან: ‘იწინასწარმეტყველე ამ ძვლებზე და უთხარი მათ: ‘გამხმარო ძვლებო, ისმინეთ სიტყვა უფლისა.’
5ასე უთხრა უფალმა ღმერთმა ამ ძვლებს: ‘შემოვიყვან თქვენში სულს და გაცოცხლდებით თქვენ.
6მოგცემთ თქვენ ძარღვებს და ამოვიყვან თქვენზე ხორცს, დაგფარავთ კანით და მოგცემთ სულს, და გაცოცხლდებით და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.’“
7და ვიწინასწარმეტყველე მე, როგორც მქონდა ნაბრძანები. და მესმა ხმა, როდესაც ვწინასწარმეტყველებდი, და ხმაური, და მიუახლოვდნენ ძვლები ერთმანეთს, ძვალი თავის ძვალს.
8და დავინახე, აჰა, ამოვიდა მათზე ძარღვები და ხორცი და ტყავი გადაეფარა ზედ. სული კი არ იყო მათში.
9და მითხრა მე: ‘უწინასწარმეტყველე სულს, იწინასწარმეტყველე, ძეო კაცისავ, და უთხარი სულს: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ოთხი ქარიდან მოდი, სულო, და შთაბერე ამ მკვდრებს და გაცოცხლდებიან.’“
ახსნა ამ ხილვისა
10და მე ვიწინასწარმეტყველე, როგორც მქონდა ნაბრძანები, და შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ და დადგნენ ფეხზე – ძალზე, ძალზე დიდი ლაშქარი.
11და მითხრა მან: „ძეო კაცისავ! ეს ძვლები მთელი ისრაელის სახლია. აჰა, ამბობენ: ‘გაშრა ჩვენი ძვლები და დაიკარგა ჩვენი იმედი!’
12ამიტომ იწინასწარმეტყველე და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: მე გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ იქიდან, ჩემო ხალხო, და მიგიყვანთ ისრაელის მიწაზე.
13და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, როდესაც გავხსნი თქვენს საფლავებს და როდესაც ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ხალხო!
14და ჩავდებ ჩემს სულს თქვენში და გაცოცხლდებით და დაგსვამთ თქვენს მიწაზე და მიხვდებით, რომ მე, უფალმა ვთქვი და გავაკეთე’, – სიტყვა უფლისა.
ხილვა ორი ჯოხისა
15და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
16‘და შენ, ძეო კაცისავ! აიღე შენთვის ერთი ჯოხი და დაწერე მასზე: ‘იუდას და ისრაელის ძეთ, გაერთიანებულთ მასთან,’ და აიღე მეორე ჯოხი და დაწერე მასზე: ‘ეფრემის ჯოხი, იოსებს და მთელ ისრაელის სახლს, გაერთიანებულს მასთან.’
17და მიუსადაგე ისინი ერთიმეორეს ერთ ჯოხად და გახდებიან ერთნი შენს ხელში.
18და როდესაც გკითხავენ შენ ძენი შენი ერისა: ‘არ გაგვაგებინებ, რა გაქვს ეს?’
19უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, მე ვიღებ იოსების ჯოხს, რომელიც ეფრემისა და მასთან გაერთიანებულ ისრაელის ტომთა ხელშია, და შევუერთებ მას იუდას ჯოხს და ვაქცევ მათ ერთ ჯოხად და გახდებიან ერთნი ჩემს ხელში.’
20და ჯოხები, რომლებზეც შენ დაწერე, შენს ხელში იქნებიან მათ თვალწინ,
21და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: მე ავიყვან ისრაელის ძეთ ხალხებს შორის, რომლებთანაც წავიდნენ, და შევაგროვებ მათ ყოველი მხრიდან და მოვიყვან მათ თავიანთ მიწაზე.
22და ვაქცევ მათ ერთ ხალხად ქვეყანაში, ისრაელის მთებში, და ერთი მეფე იქნება ყველასთვის მეფედ და აღარ იქნებიან ორ ხალხად და აღარ გაიყოფიან ორ სამეფოდ აღარასოდეს.
23და აღარ შეიბილწებიან კერპებით, თავიანთი სისაძაგლით და დანაშაულით და ვიხსნი მათ მათი ყველა საცხოვრებლიდან, სადაც შესცოდეს მათ, და განვწმედ მათ და იქნებიან ჩემს ერად და მე ვიქნები მათ ღმერთად.
24და ჩემი მსახური დავითი იქნება მათზე მეფედ და ერთი მწყემსი ეყოლება ყველას, და ჩემი სამართლით ივლიან და ჩემს წესებს დაიცავენ და შეასრულებენ.
25და იცხოვრებენ მიწაზე, რომელიც მე მივეცი ჩემს მსახურს, იაკობს, სადაც ცხოვრობდნენ თქვენი მამები, და დასახლდებიან მასზე ისინი და მათი შვილები და მათი შვილთაშვილები უკუნისამდე. და დავითი, ჩემი მსახური იქნება მათი მთავარი საუკუნოდ.
26და დავდებ მათთან მშვიდობის აღთქმას, საუკუნო აღთქმა იქნება მათთან, და დავამკვიდრებ მათ და გავამრავლებ, და დავდებ ჩემს საწმიდარს მათ შორის საუკუნოდ.
27და იქნება ჩემი სავანე მათზე, და ვიქნები მათთვის ღმერთად და ისინი ერად იქნებიან ჩემთვის.
28და მიხვდებიან ხალხები, რომ მე, უფალი, ვარ განმწმედელი ისრაელისა, როდესაც იქნება ჩემი საწმიდარი მათ შორის საუკუნოდ.’“

Currently Selected:

ეზეკ. 37: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy