YouVersion Logo
Search Icon

ეზეკ. 36

36
ისრაელის მთანი დაილოცებიან
1„და შენ, ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე ისრაელის მთებზე და თქვი: ‘მთანო ისრაელისა, ისმინეთ უფლის სიტყვა.
2ასე თქვა უფალმა ღმერთმა: იმის გამო, რომ მტერმა თქვა თქვენს წინააღმდეგ: „აჰა“, და ‘მარადიული მაღლობები ჩვენი გახდნენ,’“
3ამიტომ იწინასწარმეტყველე და თქვი: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: იმიტომ აგაოხრეს და ისწრაფვიან თქვენს გადაყლაპვას ყოველი მხრიდან, რათა გახდეთ მემკვიდრეობა ხალხის ნატამალისა და მიეცეთ სალაპარაკოდ და საჭორაოდ.’
4ამიტომ, ისრაელის მთებო, ისმინეთ სიტყვა უფალი ღმერთისა: ‘ასე უთხრა უფალმა ღმერთმა მთებსა და ბორცვებს, კალაპოტებსა და ხეობებს, აოხრებულ ნანგრევებსა და მიტოვებულ ქალაქებს, რომელნიც იყვნენ ნადავლად და დასაცინად იმ ხალხთა ნატამალისა, რომელნიც ირგვლივ არიან.’
5ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘ხომ ჩემი რისხვის ცეცხლში ვამბობდი ამ ხალხების ნატამალზე და მთელ ედომზე, რომელთაც მიითვისეს ჩემი ქვეყანა მემკვიდრეობად მთელი გულის სიხარულით, სულის ზიზღით, რათა მისი სანახები გაძარცულიყო.’
6ამიტომ იწინასწარმეტყველე ისრაელის მიწაზე და უთხარი მთებსა და ბორცვებს, კალაპოტებსა და ხეობებს: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, ჩემი შურით და რისხვით ვამბობდი, რადგან ხალხთაგან შეურაცხყოფას ითმენდით!’
7ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘მე ავწიე ჩემი ხელი, რომ ხალხები, რომელნიც თქვენს ირგვლივ არიან, ითმენენ თავიანთ შეურაცხყოფას.
8თქვენ კი, მთანო ისრაელისა, გაშლით თქვენს ტოტებს და თქვენს ნაყოფს მოუტანთ ჩემს ერს, ისრაელს, რადგან მალე მოვლენ.
9რადგან, აჰა, მე თქვენსკენ ვარ და მოგმართავთ თქვენ, და დამუშავდებით და დაითესებით.
10და გავამრავლებ თქვენზე ადამიანს, მთელ ისრაელის სახლს, მთლიანად, და დასახლდება ქალაქები და ნანგრევები აშენდება.
11და გავამრავლებ თქვენზე ადამიანსა და საქონელს და გამრავლდებიან და ინაყოფიერებენ. და დაგასახლებთ წინანდებურად და უკეთესად მოგექცევით, ვიდრე თქვენს დასაბამში, და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.
12და გავატარებ თქვენზე ადამიანს, ჩემს ერს, ისრაელს და დაგიმკვიდრებენ და იქნები მათი წილი და მეტად აღარ იქნები უშვილო.’
13და თქვა უფალმა ღმერთმა: ‘რადგან გეუბნებიან თქვენ: „ადამიანის მჭამელი ხარ შენ და შენი ერი უშვილო ჰყავი!“
14ამიტომ ადამიანებს აღარ შეჭამ მეტად და შენს ერს აღარ დასტოვებ უშვილოდ!’ სიტყვა უფალი ღმერთისა.
15‘და აღარ მოვასმენინებ შენზე ხალხთაგან ლანძღვას, და ხალხთაგან შეურაცხყოფას აღარ მოითმენ და შენს ერს აღარ დააბრკოლებ!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა.
ისრაელის წინანდელ ცოდვებზე
და მის მომავალ აღდგენაზე
16და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
17„ძეო კაცისავ! ისრაელის სახლმა, მცხოვრებმა თავის მიწაზე, შებილწა იგი თავისი მოქმედებით. როგორც უწმიდურება წიდოვანისა, ისეთი იყო მათი გზა ჩემს წინაშე.
18და გადმოვაღვარე ჩემი რისხვა მათ იმ სისხლის გამო, რომელიც დაღვარეს ქვეყანაზე და თავიანთი კერპებით შებილწეს იგი.
19და გავფანტე ისინი ხალხებში და განვაბნიე ქვეყნებში. მათი გზისამებრ და მათი მოქმედებისამებრ განვსაჯე ისინი.
20და მივიდნენ ისინი ხალხებთან, სადაც მოვიდნენ, და შებღალეს ჩემი წმიდა სახელი, რადგან ეუბნებოდნენ მათ: უფლის ერია ესენი და მისი ქვეყნიდან გამოვიდნენ.
21და შევიბრალე სახელი ჩემი წმიდასი, რომელიც შებღალა ისრაელის სახლმა ხალხებში, რომლებთანაც მივიდნენ.
22ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: თქვენი გულისთვის არ ვაკეთებ ამას, სახლო ისრაელისა, არამედ ჩემი წმიდა სახელისათვის, რომელიც შებღალეთ ხალხებში, რომლებთანაც მიხვედით.
23და მე გავწმედ ჩემს დიდებულ სახელს, შებღალულს ხალხებში, რომელიც შებღალეთ თქვენ მათ შორის. და მიხვდებიან ხალხები, რომ მე ვარ უფალი!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘როდესაც წმიდად გამოვცხადდები თქვენში მათ თვალწინ.
24და აგიყვანთ ხალხებიდან და შეგაგროვებთ ყველა ქვეყნიდან და მოგიყვანთ თქვენს მიწაზე.
25და გასხურებს წმიდა წყალს, და განიწმიდებით მთელი თქვენი სიბილწისაგან და ყველა თქვენი კერპისაგან განგწმედთ თქვენ.
26და მოგცემთ თქვენ ახალ გულს და ახალ სულს ჩავდებ თქვენში, ამოგარიდებთ ქვის გულს თქვენი ხორციდან და მოგცემთ ხორცის გულს.
27ჩემს სულს ჩავდებ თქვენში და გავაკეთებ ისე, რომ ჩემი წესებით ივლით და ჩემს სამართალს დაიცავთ და შეასრულებთ.
28და დასახლდებით ქვეყანაში, რომელიც თქვენს მამებს მივეცი და იქნებით ჩემს ერად და მე ვიქნები თქვენს ღმერთად.
29მე გიხსნით თქვენ ყველა თქვენი სიბილწისაგან. მოვუხმობ ხორბალს და გავამრავლებ მას და არ მოვავლენ თქვენზე შიმშილს.
30გავამრავლებ ხის ნაყოფს და მინდვრის მოსავალს, რათა აღარ ითმინოთ შიმშილის სირცხვილი ხალხებში.
31და გაიხსენებთ თქვენს ბოროტ გზებს და თქვენს მოქმედებას, რომელიც უკეთურია, და შეგძაგდებათ თქვენი თავი თქვენი ურჯულოებისა და თქვენს სისაძაგლეთა გამო.
32თქვენი გულისთვის არ ვაკეთებ ამას,’ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘იცოდეთ თქვენ! შერცხვით და გაწბილდით თქვენი გზების გამო, ისრაელის სახლო.’
33ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘იმ დღეს, როდესაც მე განგწმედთ თქვენი ყველა ურჯულოებისაგან და დავასახლებ თქვენს ქალაქებს და აშენდება ნანგრევები
34და ეს გაუდაბურებული მიწა დამუშავდება იმის ნაცვლად, რომ უდაბნო იყო ყოველი გამვლელის თვალში,
35და იტყვიან: ‘ეს გაუდაბურებული ქვეყანა ედემის ბაღად იქცა, და აოხრებული, გაუდაბურებული და დანგრეული ქალაქები გამაგრდა და აშენდა.
36და მიხვდებიან ხალხები, რომლებიც თქვენს ირგვლივ დარჩებიან, რომ მე, უფალმა, აღვადგინე დანგრეული, გავაშენე გაუდაბურებული! მე, უფალმა, ვთქვი და გავაკეთე!’
37ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘კიდევ ამ სათხოვარს ავუსრულებ ისრაელის სახლს, რომ ცხვრის ფარასავით ვუმრავლებ მათ ადამიანებს.
38როგორც საღვთო ცხვარი, როგორც იერუსალიმის ცხვარი მის დღესასწაულებში, ისე იქნებიან გაუდაბურებული ქალაქები სავსე ადამიანთა სამწყსოთი, და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.’“

Currently Selected:

ეზეკ. 36: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy