გამ. 24
24
მოსე და უხუცესები მსხვერპლს სწირავენ
1და მოსეს უთხრა: „ამოდით უფალთან შენ და აარონი, ნადაბი და აბიჰუ, და ისრაელის სამოცდაათი უხუცესი, და თაყვანი მეცით შორიდან.
2და მარტო მოსე მიეახლოს უფალს და ისინი არ მიეახლონ, და ხალხი არ ამოყვეს მას.“
3და მივიდა მოსე და მოუთხრო ხალხს ყოველი სიტყვა უფლისა და ყოველი მისი რჯულდება. და მიუგო მთელმა ხალხმა ერთხმად: „ყოველ სიტყვას, რომელიც წარმოთქვა უფალმა, შევასრულებთ.“
4და დაწერა მოსემ ყოველი სიტყვა უფლისა, და ადგა დილაადრიანად, და ააშენა სამსხვერპლო მთის ძირას და თორმეტი სვეტი ისრაელის თორმეტი ტომის რიცხვისამებრ.
5და წარავლინა მოსემ ჭაბუკი ისრაელის ძენი და აღუვლინეს სრულადდასაწველნი, და დაკლეს მოზვრები სამშვიდობო მსხვერპლად უფლისათვის.
6აიღო მოსემ ნახევარი სისხლი და ჩაასხა თასებში, და ნახევრით აპკურა სამსხვერპლოს.
7და აიღო აღთქმის წიგნი, და წაიკითხა ხალხის გასაგონად, და მათ თქვეს: „ყოველივეს, რაც უფალმა თქვა, გავაკეთებთ და ვიქნებით მორჩილნი.“
8და აიღო მოსემ სისხლი და აპკურა ხალხს და თქვა: „აჰა, სისხლი აღთქმისა, რომელიც დაგიდოთ უფალმა თქვენ, ყველა ამ სიტყვისამებრ.“
9და ავიდნენ მოსე და აარონი, ნადაბი და, აბიჰუ, და ისრაელის სამოცდაათი უხუცესი.
10და მათ იხილეს ღმერთი ისრაელისა; და იყო მის ფეხთა ქვეშ რაღაც მსგავსი საფირონის ქვაფენილისა და ზეცასავით სუფთა.
11ისრაელის ძეთაგან რჩეულებზე არ გაუწვდია ხელი: მათ იხილეს ღმერთი და ჭამეს და სვეს.
მოსე ადის მთაზე
12და უთხრა უფალმა მოსეს: „ამოდი ჩემთან მთაზე და იყავი იქ. და მოგცემ შენ ქვის დაფებს, და რჯულსა და მცნებას, მათ დასამოძღვრად რომ დავწერე.“
13და ადგნენ მოსე და იესო, მსახური მისი, და წავიდა მოსე ღვთის მთაზე.
14და უთხრა უხუცესებს: დაგველოდეთ ჩვენ აქ, ვიდრე დავბრუნდებით თქვენთან. და აჰა, აარონი და ხური თქვენთან არიან. ვისაც საქმე ექნება, მივიდეს მათთან.“
15და ავიდა მოსე მთაზე და დაფარა მთა ღრუბელმა.
16და დაივანა უფლის დიდებამ სინაის მთაზე და ფარავდა ღრუბელი მას ექვს დღეს. და მოუხმო მან მოსეს მეშვიდე დღეს შუაგულ ღრუბლიდან.
17და სახე უფლის დიდებისა ისრაელიანთა თვალში იყო, როგორც ცეცხლი მოგიზგიზე მთის მწვერვალზე.
18და შევიდა მოსე შუაგულ ღრუბელში, და ავიდა მთაზე. და იყო მოსე მთაზე ორმოცი დღე და ორმოცი ღამე.
Currently Selected:
გამ. 24: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002