YouVersion Logo
Search Icon

გამ. 23

23
სხვადასხვა აკრძალვები
1„ნუ დაყრი ცრუ ხმებს; ხელს ნუ მისცემ უკეთურს, რათა ბოროტების მოწმე არ გახდე.
2ნუ აჰყვები უმრავლესობას ბოროტებაში და ნუ გამოეხმაურები დავას, რათა უმრავლესობისკენ არ გადაიხარო და არ გაამრუდო სამართალი.
3და გლახაკს ნუ ესარჩლები მის დავაში.
4თუ შეეყარო შენი მტრის ხარს ან სახედარს, გზადაბნეულს, დაბრუნებით დაუბრუნე მას.
5თუ დაინახო შენი მოძულის სახედარი დავრდომილი თავის ტვირთქვეშ, ნუ მიატოვებ მას: ტვირთი ჩამოხსენი მასთან ერთად.
6ნუ გაამრუდებ სამართალს შენი ღარიბის დავაში.
7სიცრუეს განშორდი და უდანაშაულო და მართალ კაცს ნუ მოკლავ, რადგან არ გავამართლებ დამნაშავეს.
8და ქრთამს ნუ აიღებ, რადგან ქრთამი აბრმავებს თვალხილულებს და აუკუღმართებს მართალთა სიტყვებს.
9და ხიზანს ნუ შეავიწროებ. თქვენ იცით ხიზნის სული, რადგან ხიზნები იყავით თქვენ ეგვიპტის ქვეყანაში.
10ექვსი წელი თესე შენი მიწა და აიღე ნაყოფი მისი,
11ხოლო მეშვიდე წელს მიატოვეთ, ნუ შეეხებით მას, რათა შენი ხალხის ღარიბ-ღატაკებმა ჭამონ და ნარჩენით გამოიკვებნენ ველური ცხოველები. ასევე მოექეცი შენს ვენახსა და ზეთისხილს.
12ექვსი დღე აკეთე შენი საქმე, და მეშვიდე დღეს დაისვენე, რათა დაისვენოს შენმა ხარმა და შენმა სახედარმა, და სული მოითქვას შენი მხევლის ძემ და ხიზანმა.
13ყველაფერი, რაც მე გითხარით, დაიცავით, და სხვა ღმერთების სახელი არ ახსენოთ, ბაგეებზე არ გაიკაროთ.
სამი დღესასწაული
14სამგზის იდღესასწაულე ჩემთვის წელიწადში.
15დღესასწაული უფუარობისა დაიცავი: შვიდი დღე ჭამე ხმიადი, როგორც გიბრძანე, აბიბის თვის დაწესებულ ჟამს, რადგან ამ დროს გამოხვედი შენ ეგვიპტიდან. და ნუ გამოჩნდებიან ჩემს წინაშე ხელცარიელნი.
16და დაიცავი დღესასწაული შენი შრომის პირველნაყოფთა მკისა, რაც ყანაში დაგითესავს; აგრეთვე დღესასწაული კრეფისა წელიწადის დამლევს, როცა აკრეფ შენს ნაშრომს ყანიდან.
17წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყოველი შენი მამაკაცი უფალი ღმერთის წინაშე.
18საფუარიანთან ერთად ნუ შესწირავ ჩემი შესაწირავის სისხლს, ნურც ჩემი სადღესასწაულო ქონი დარჩება დილამდე.
19შენი მიწის პირველნაყოფი მიიტანე უფლის, შენი ღმერთის სახლში. ნუ მოხარშავ თიკანს თავისი დედის რძეში.
მტრებისადმი დამოკიდებულებაზე
20აჰა, მე წაგიმძღვარებ ანგელოზს შენს დასაცავად გზაზე და შენს მისაყვანად იმ ადგილზე, რომელიც მე გავამზადე.
21იფრთხილე მის წინაშე და ისმინე მისი ხმა, ნუ აუჯანყდები მას, რადგან ის არ მოგიტევებთ თქვენს ცოდვას, რადგან მასშია ჩემი სახელი.
22თუ სმენით მოუსმენ მის ხმას და ყველაფერს გააკეთებ, რასაც გეუბნები, მაშინ ვუმტრობ შენს მტერს და შევავიწროვებ შენს შემავიწროვებელს.
23რადგან წაგიძღვება ჩემი ანგელოზი და მიგიყვანს ამორეველებთან, ხეთელებთან, ფერიზელებთან, ქანაანელებთან, ხიველებთან და იებუსეველებთან, და შევმუსრავ მათ.
24თაყვანი არ სცე მათ ღმერთებს და არ ემსახურო მათ, და არ მოიქცე მათი საქმისამებრ, არამედ ნგრევით დაანგრიე ისინი და შემუსვრით შემუსრე მათი ძეგლები.
25და ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს, და ის აკურთხებს შენს პურს და შენს წყალს, და განვაშორებ ავადმყოფობას შენგან.
26არ იქნება მუცელმოწყვეტილი ან ბერწი დედაკაცი შენს მიწაზე. შენს დღეთა რიცხვს აღვავსებ.
27წინ წაგიმძღვარებ ჩემს შიშისზარს. და ძრწოლას მოვგვრი ყოველ ხალხს, რომელთანაც შენ მიხვალ. და მოვაქცევ ყოველი შენი მტრის ზურგს შენსკენ;
28და წინ წაგიმძღვარებ კრაზანებს და გარეკავენ ხიველებს, ქანაანელებს და ხეთელებს შენგან.
29არ გავრეკავ მათ შენგან ერთი წლის განმავლობაში, რომ არ მოოხრდეს ქვეყანა და არ მოგეძალნენ ველური მხეცები.
30თანდათანობით გავრეკავ მათ შენგან, ვიდრე მოშენდებოდე და დაიმკვიდრებდე ამ ქვეყანას.
31და გავავლებ შენს საზღვარს მეწამული ზღვიდან ფილისტიმელთა ზღვამდე, და უდაბნოდან მდინარემდე, რადგან მოგცემთ ხელში ამ ქვეყნის მცხოვრებთ, და შენ გარეკავ მათ შენგან.
32ნუ შეკრავ კავშირს ნურც მათთან, ნურც მათ ღმერთებთან.
33არ იცხოვრონ მათ შენს ქვეყანაში, რომ არ შეგაცდინონ ჩემს წინაშე. თუ მოემსახურები მათ ღმერთებს, ეს მახე იქნება შენთვის.“

Currently Selected:

გამ. 23: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in