YouVersion Logo
Search Icon

გამ. 19

19
უფლის გამოცხადება სინაის მთაზე
1ეგვიპტის ქვეყნით ისრაელის გამოსვლიდან ზუსტად სამი თვის თავზე მივიდნენ ისინი სინაის უდაბნოში.
2აიყარნენ რეფიდიმიდან და მივიდნენ სინაის უდაბნოში, და დაბანაკდა იქ ისრაელი მთის პირდაპირ.
3და ავიდა მოსე ღმერთთან, და მოუხმო მას უფალმა მთიდან: „ასე უთხარი იაკობის სახლს და აუწყე ისრაელის ძეთ:
4თქვენ დაინახეთ, რა დავმართე ეგვიპტელებს, როცა აგწიეთ არწივების ფრთებზე და მოგიყვანეთ ჩემთან.
5და ახლა, თუ მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ამოგარჩევთ ჩემს საკუთრებად ყველა ხალხიდან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა.
6და თქვენ იქნებით ჩემთვის მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად. აჰა, სიტყვანი, რომელთაც ეტყვი ისრაელის ძეთ!“
7და მივიდა მოსე და მოიწვია ხალხის უხუცესნი, და წინ დაუდო მათ ყველა ეს სიტყვა, რომელიც აღუთქვა მას უფალმა.
8და მიუგო მთელმა ხალხმა ერთად, და თქვა: „რაც თქვა უფალმა, ყველაფერს აღვასრულებთ“. და მოახსენა მოსემ ხალხის სიტყვები უფალს.
9და უთხრა უფალმა მოსეს: „მე მოვალ შენთან ზრქელ ღრუბელში, რათა ისმინოს ხალხმა ჩემი ლაპარაკი შენთან და შენც გერწმუნონ საუკუნოდ.“ და აუწყა მოსემ ხალხის სიტყვები უფალს.
10და უთხრა უფალმა მოსეს: „წადი ხალხთან და განწმიდე ისინი დღეს და ხვალ, და გაირეცხონ თავიანთი სამოსელი.
11და მზად იყვნენ მესამე დღისთვის, რადგან მესამე დღეს ჩამოვა უფალი მთელი ხალხის თვალწინ სინაის მთაზე.
12და ხალხს გარშემო საზღვარი შემოუწერე და უთხარი: მოერიდეთ მთაზე ასვლას და მისი კალთის მიკარებას. ყველა, ვინც მთას შეეხება, სიკვდილით მოკვდება.
13არ შეეხოს მას ხელი, არამედ ჩაქოლვით ჩაიქოლოს ან ისრით განიგმიროს. ვერც პირუტყვი, ვერც კაცი ცოცხალი ვერ გადარჩება. საყვირის გაბმულ ხმაზე შეეძლებათ მათ მთაზე ასვლა.
14და ჩამოვიდა მოსე მთიდან ხალხთან, და განწმიდა ხალხი და გაირეცხეს თავიანთი სამოსელი.
15და უთხრა ხალხს: „იყავით მზად მესამე დღისთვის და ნუ მიეკარებით ცოლებს.“
16და მესამე დღეს, გამთენიისას, იყო გრგვინვა და ელვა და ქუფრი ღრუბელი მთაზე, და საყვირის ხმა მეტად ძლიერი. და შეძრწუნდა ბანაკში მყოფი ხალხი.
17და გამოიყვანა მოსემ ხალხი ღვთის შესახვედრად ბანაკიდან და დადგნენ მთის ძირას.
18ხოლო სინაის მთა ბოლავდა მთლიანად, რადგან უფალი ჩამოვიდა მასზე ცეცხლში, და მისგან ღუმლის კვამლივით ადიოდა კვამლი და ძლიერ ირყეოდა მთელი მთა.
19და საყვირის ხმა ძლიერდებოდა მეტად. მოსე ლაპარაკობდა და ღმერთი პასუხობდა ხმით.
20და ჩამოვიდა უფალი სინაის მთაზე, მთის წვერზე, და მოუხმო უფალმა მოსეს მთის წვერისკენ და ავიდა მოსე.
21და უთხრა უფალმა მოსეს: „ჩადი, გააფრთხილე ხალხი, არ ამოიჭრას უფლის სახილველად, თორემ დაეცემა მათგან მრავალი.
22და თვით მღვდლებიც, უფალთან მიახლებისას, განიწმიდონ, რომ არ შემუსროს ისინი უფალმა.“
23და უთხრა მოსემ უფალს: „ვერ ამოვა ხალხი სინაის მთაზე, რადგან შენ გაგვაფრთხილე და გვითხარი: ‘საზღვარი შემოწერე მთას და განწმიდე იგი.’“
24და უთხრა მას უფალმა: „წადი, ჩადი და აარონთან ერთად ამოდი, ხოლო მღვდლები და ხალხი ნუ ამოიჭრებიან უფალთან ამოსასვლელად, თორემ შემუსრავს მათ.“
25და ჩამოვიდა მოსე ხალხთან და მოუთხრო მათ.

Currently Selected:

გამ. 19: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy