YouVersion Logo
Search Icon

გამ. 16

16
შიმშილი
1და აიყარა ელიმიდან და მივიდა ისრაელის ძეთა მთელი თემი სინის უდაბნოში, რომელიც ელიმსა და სინაის შორისაა, ეგვიპტის ქვეყნიდან მათი გამოსვლის მეორე თვის მეთხუთმეტე დღეს.
2და ებუზღუნებოდა ისრაელის ძეთა მთელი თემი მოსესა და აარონს უდაბნოში.
3და უთხრეს მათ ისრაელის ძეთ: „ნეტა უფლის ხელით გავმწყდარიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ვუსხედით ჩვენს ხორცის ქვაბებს, და ძღომაზე ვჭამდით პურს. აჰა, გამოგვიყვანეთ ამ უდაბნოში, რომ მთელი ეს კრებული შიმშილით გაწყვიტოთ.“
4და უთხრა უფალმა მოსეს: „აჰა, მე ვაწვიმებ თქვენთვის პურს ზეციდან. და გავიდეს ხალხი და აკრიფოს დღის ულუფა ყოველდღე, რათა გამოვცადო, ივლიან თუ არა ჩემი რჯულით.
5მეექვსე დღეს, როცა მოამზადებენ მოტანილს, იმაზე მეტი გამოუვათ, რასაც ყოველდღიურად ამზადებენ.
6და უთხრეს მოსემ და აარონმა ყველა ისრაელის ძეს: „საღამოს გაიგებთ თქვენ, რომ უფალმა გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან.
7და დილით იხილავთ უფლის დიდებას, რადგან ისმინა თქვენი დრტვინვა უფალმა. ჩვენ ვინ ვართ, რომ დრტვინავდით ჩვენზე?“
8და თქვა მოსემ: „ახლა მოგცემთ თქვენ უფალი ხორცს საღამოთი საკვებად, დილას კი ძღომაზე – პურს, რადგან ისმინა უფალმა თქვენი დრტვინვა, მასზე რომ დრტვინავდით. ხოლო ჩვენ ვინ ვართ? ჩვენზე კი არ დრტვინავთ, არამედ უფალზე.“
9და უთხრა მოსემ აარონს: „უთხარი ისრაელის ძეთა მთელ თემს: წარდექით უფლის წინაშე, რადგან მან ისმინა თქვენი დრტვინვა.“
10და იყო, როცა ელაპარაკებოდა აარონი ისრაელის ძეთა მთელ თემს, ისინი შებრუნდნენ უდაბნოსაკენ, და აჰა, უფლის დიდება გამოჩნდა ღრუბელში.
11და უთხრა უფალმა მოსეს:
12„ვისმინე მე ისრაელის ძეთა დრტვინვა. ელაპარაკე მათ ასე: მწუხრის ჟამს ჭამთ ხორცს, ხოლო დილაზე გაძღებით პურით. და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი“
13და იყო საღამოხანს, მოფრინდა მწყერი და დაფარა ბანაკი, განთიადზე კი ცვარი ეფინა ბანაკის ირგვლივ.
14და როცა ცვარი აორთქლდა, აჰა, უდაბნოს ზედაპირზე რაღაც ყრია წვრილი, ხაოიანი, ჭირხლის მსგავსი.
15და როცა დაინახეს ისრაელის ძეთ, უთხრეს ერთმანეთს: „რა არის ეს?“ რადგან არ იცოდნენ, რა იყო იგი. და უთხრა მათ მოსემ: „ეს მანანაა, რომელიც მოგცათ უფალმა საკვებად.
16ეს არის სიტყვა, რომელიც ბრძანა უფალმა: „აკრიფეთ თითოეულმა იმდენი, ვინც რამდენს შეჭამთ, ღომერი თითო სულზე, თქვენს კარავში მყოფთა სულადობისამებრ.“
17და გააკეთეს ასე ისრაელის ძეთ და აკრიფეს, ზოგმა ბევრი და ზოგმა ცოტა.
18და აწყეს ღომერით, ბევრის ამკრეფს ზედმეტი არ აღმოჩენია, და ცოტას ამკრეფს არ დაჰკლებია. თითოეულმა იმდენი აკრიფა, რამდენიც საჭმელად სჭირდებოდა.
19და უთხრა მათ მოსემ: „ნურავინ ნუ მოირჩენს იქიდან დილამდე.“
20მაგრამ არ ისმინეს მოსესი და მოირჩინეს ზოგიერთებმა ცოტაოდენი დილამდე. და დაეხვია მას მატლი და აყროლდა. და განრისხდა მათზე მოსე.
21და აგროვებდნენ მას დილდილობით, ვისაც რამდენი სჭირდებოდა საჭმელად. როგორც კი მზე დააცხუნებდა, დნებოდა იგი.
22და იყო, მეექვსე დღეს აგროვებდნენ ორმაგ პურს, ორ-ორ ომერს თითოეულზე. და მივიდნენ მთელი თემის მთავრები და აუწყეს მოსეს.
23და უთხრა მათ: „აჰა, რა თქვა უფალმა: ხვალ უქმეა, უფლის წმიდა შაბათია. რასაც გამოაცხობთ, გამოაცხვეთ, და რასაც მოხარშავთ, მოხარშეთ. და ყოველი ნამეტი გადადეთ თქვენთვის დილამდე შესანახად.
24და გადადეს იგი დილამდე, როგორც მოსემ ბრძანა, და არ აყროლდა და მატლიც არ იყო მასში.
25და თქვა მოსემ: „ჭამეთ იგი დღეს, რადგან უფლის შაბათია დღეს. დღეს ვერ იპოვით მას ველზე.
26ექვს დღეს კრიფეთ იგი, მეშვიდე დღეს კი შაბათია; არ იქნება ველზე.“
27და აჰა, მეშვიდე დღეს გავიდნენ ზოგიერთნი ხალხიდან ასაკრეფად, მაგრამ ვერ იპოვეს.
28და უთხრა უფალმა მოსეს: „როდემდე უნდა უარობდეთ ჩემი მცნებებისა და ჩემი რჯულდებების დაცვას?
29იცოდეთ, რადგან უფალმა მოგცათ თქვენ შაბათი, ამიტომ გაძლევთ მეექვსე დღეს პურს ორი დღისთვის. იჯდეს თითოეული თავისთან, ნუღარავინ გამოვა თავისი ადგილიდან მეშვიდე დღეს.
30და უქმობდა ხალხი მეშვიდე დღეს.
31და უწოდა ისრაელის სახლმა მას სახელად მანანა: იგი ქინძის თესლივით თეთრი იყო და თაფლის კვერის გემო ჰქონდა.
32და თქვა მოსემ: „ასე ბრძანა უფალმა: აავსე ღომერი მანანით შესანახად თქვენ თაობებში, რათა იხილონ პური, რომლითაც გკვებავდით თქვენ უდაბნოში, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ.“
33და უთხრა მოსემ აარონს: „აიღე ერთი ქილა და ჩადგი შიგ სავსე ღომერი მანანა, და დადგი იგი უფლის წინაშე შესანახად თქვენს თაობებში.“
34და როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე ჩადგა იგი აარონმა მოწმობის კიდობნის წინაშე შესანახად.
35და ჭამდნენ ისრაელის ძენი მანანას ორმოცი წელი, დასახლებულ ქვეყანაში მათ მისვლამდე. მანანას ჭამდნენ ისინი, ვიდრე მივიდოდნენ ქანაანის ქვეყნის საზღვრამდე.
36ღომერი კი ეფის მეათედი იყო.

Currently Selected:

გამ. 16: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy