YouVersion Logo
Search Icon

1კორ. 3

3
მე დავრგე, აპოლოსმა მორწყა,
მაგრამ ღმერთმა გაზარდა
1ხოლო მე, ძმანო, არ შემეძლო თქვენთან ლაპარაკი, როგორც სულიერებთან, არამედ როგორც ხორციელებთან, როგორც ჩვილებთან ქრისტეში.
2რძეს გასმევდით თქვენ და არა საჭმელს, ვინაიდან მაშინ არ შეგეძლოთ და ახლაც არ ძალგიძთ,
3იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ. ვინაიდან თუ შური და დავაა თქვენს შორის, განა ხორციელნი არა ხართ და ადამიანისებურად არ იქცევით?
4რადგან, როცა ერთი ამბობს: მე პავლესი ვარო, ხოლო მეორე: მე აპოლოსისა ვარო, განა ხორციელნი არა ხართ?
5აბა, ვინ არის პავლე? ვინ არის აპოლოსი? მხოლოდ მსახურნი, რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეთ, როგორც თითოეულს მისცა უფალმა.
6მე დავრგე, აპოლოსმა მორწყა, მაგრამ ღმერთმა გაზარდა.
7ამიტომ არც დამრგველია არაფერი, არც მომრწყველი, არამედ გამზრდელი ღმერთი.
8დამრგველი და მომრწყველი ერთი და იგივეა. ხოლო თითოეული მიიღებს თავის საზღაურს თავისი შრომისამებრ.
9ვინაიდან ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ, თქვენ კი – ღვთის ყანა და ღვთის შენობა.
არავის შეუძლია სხვა საძირკვლის ჩაყრა
10მე, ღვთის მიერ ჩემთვის ბოძებული მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავუდე, ხოლო სხვა აშენებს მასზე. მაგრამ თითოეულმა უყუროს, როგორ აშენებს მასზე.
11ვინაიდან არავის ძალუძს დაუდოს სხვა საძირკველი, გარდა იმისა, რაც დადებულია, რომელიც არის იესო ქრისტე.
12და თუ ვინმე აშენებს ამ საძირკველზე – ოქროს, ვერცხლს, პატიოსან ქვებს, ძელს, ნამჯას, –
13თითოეულის საქმე გამომჟღავნდება. ვინაიდან დღე გამოაჩენს, რადგან ის ცეცხლით გამოცხადდება და თითოეულის საქმეს, როგორიც არის, ცეცხლი გამოცდის.
14ვისი დაშენებულიც გაძლებს, ის მიიღებს საზღაურს.
15ვისი საქმეც დაიწვება, ის იზარალებს. თვითონ კი გადარჩება, მაგრამ როგორც ცეცხლიდან.
თქვენ ხართ ღვთის ტაძარი
16ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში?
17თუ ვინმე აზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმიდაა ღვთის ტაძარი და ეს თქვენა ხართ.
ნურავინ დაიკვეხნის ადამიანით
18ნურავინ იცდუნებთ თავს. თუ ვინმეს ამ სოფელში თავისი თავი ბრძნად წარმოუდგენია, გაუგუნურდეს, რათა ბრძენი გახდეს.
19ვინაიდან ამ სოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე, როგორც სწერია: „მათ ცბიერებაში შეიპყრობს ბრძენებს.“
20და კიდევ: „იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ამაოა ისინი.“
21ამიტომ ნურავინ დაიკვეხნის ადამიანებით, ვინაიდან ყოველივე თქვენია.
22გინდ პავლე, გინდ აპოლოსი, გინდ კეფა, გინდ სოფელი, გინდ სიცოცხლე, გინდ სიკვდილი, გინდ აწმყო და გინდ მყოფადი – ყოველივე თქვენია.
23თქვენ ხომ ქრისტესი ხართ, ქრისტე კი ღვთისაა.

Currently Selected:

1კორ. 3: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in