Chapa ya Youversion
Ikoni ya Utafutaji

გამ. 14

14
ფარაონის მდევარი
1და უთხრა უფალმა მოსეს:
2„ელაპარაკე ისრაელის ძეთ, რათა დაბრუნდნენ ისინი და დაიბანაკონ ფი-ჰახიროთის წინ, მიგდოლსა და ზღვას შორის, ბაყალ-ცეფონის წინ. მის გასწვრივ დაიბანაკეთ ზღვასთან.
3და იტყვის ფარაონი ისრაელის ძეებზე: ‘გზა აებნათ ამ ქვეყანაში, მოიმწყვდია ისინი უდაბნომ.’
4და გავამძვინვარებ ფარაონის გულს და უკან დაედევნება მათ, და გამოჩნდება ჩემი დიდება ფარაონზე და მთელ მის ჯარზე. და გაიგებენ ეგვიპტელნი, რომ მე ვარ უფალი. ასე გააკეთე.“
5და ეუწყა ეგვიპტის მეფეს, რომ გაიქცა ხალხი, და შეეცვალათ გული ფარაონსა და მის მსახურებს ხალხის მიმართ, და თქვეს: „ეს რა ვქენით? რატომ გავუშვით ისრაელი ჩვენი მონობიდან?“
6და შეაბა ფარაონმა ცხენი თავის ეტლში და თან გაიყოლა თავისი ხალხი.
7წაიყვანა ექვსასი რჩეული ეტლი და ეგვიპტის ყველა ეტლი, და მათი მეთაურები ყველა მათგანზე.
8და გაამძვინვარა უფალმა გული ფარაონისა, ეგვიპტის მეფისა, და დაედევნა იგი ისრაელის ძეთ; და გამოდიოდნენ ისრაელის ძენი მაღალი ხელით.
9და დაედევნენ ეგვიპტელნი მათ უკან, და წამოეწივნენ დაბანაკებულთ ზღვასთან ფარაონის ყველა ცხენი და ეტლი, მისი მხედრები და მისი ჯარი, ფი-ჰახიროთთან, ბაყალ-ცეფონის წინ.
10ფარაონი მიუახლოვდა, გაიხედეს ისრაელის ძეთ და დაინახეს, ეგვიპტელნი მოსდევენ უკან, და შეეშინდათ ძალზე და შეღაღადეს ისრაელის ძეებმა უფალს.
11და უთხრეს მოსეს: „ნუთუ არ იყო სამარხები ეგვიპტეში, დასახოცად უდაბნოში რომ წამოგვიყვანე? ეს რა გვიყავი ჩვენი გამოყვანით ეგვიპტიდან!
12განა ამას არ გეუბნებოდით ეგვიპტეში: ‘დაგვეხსენი ჩვენ, რომ ვემსახუროთ ეგვიპტელებს?’ რადგან გვირჩევნია ეგვიპტელებს ვემსახუროთ, ვიდრე უდაბნოში დავიხოცოთ.“
ზღვის გაპობა
13და უთხრა მოსემ ხალხს: „ნუ გეშინიათ, დადექით და იხილავთ უფლის ხსნას, რომელსაც ის მოიმოქმედებს დღეს თქვენთვის. რადგან ეგვიპტელებს, რომლებსაც თქვენ ხედავთ დღეს, კვლავ აღარ იხილავთ უკუნისამდე.
14უფალი იბრძოლებს თქვენთვის, თქვენ კი დადუმდით.“
15და უთხრა უფალმა მოსეს: „რას შემღაღადებ? უთხარი ისრაელის ძეთ, რომ აიყარონ.
16აღმართე შენი კვერთხი და გაიწოდე ხელი ზღვაზე, და გააპე იგი, და გავლენ ისრაელის ძენი ზღვაში მშრალით
17და მე გავამძვინვარებ ეგვიპტელთა გულს, და ისინი გაჰყვებიან მათ უკან, და გამოჩნდება ჩემი დიდება ფარაონზე და მთელ მის ჯარზე, მის ეტლებზე და მის მხედრებზე.
18და გაიგებენ ეგვიპტელნი, რომ უფალი ვარ, როცა გამოვუჩენ მათ ჩემს დიდებას ფარაონზე, მის ეტლებზე და მის მხედრებზე.“
19და დაიძრა ღვთის ანგელოზი, წინამძღოლი ისრაელის ბანაკისა, და გაჰყვა უკან. და დაიძრა ღრუბლის სვეტი წინიდან, და შეუდგა მათ უკან.
20და ჩადგა ეგვიპტელთა და ისრაელის ბანაკთა შორის – და იყო ღრუბელი და სიბნელე – და გაანათა ღამე, და არ მიახლოვებიან ერთმანეთს მთელ იმ ღამეს.
21და გაიწოდა მოსემ ხელი ზღვაზე და ხვეტავდა უფალი ზღვას აღმოსავლეთის ძლიერი ქარით მთელ იმ ღამეს, და აქცია ზღვა ხმელეთად. და განიპნენ წყალნი.
22და შევიდნენ ისრაელის ძენი შუაგულ ზღვაში ხმელზე. და წყალი კედლად აღემართათ მათ მარჯვნივ და მარცხნივ.
23და დაედევნენ ეგვიპტელნი და მიჰყვნენ უკან – ფარაონის ყველა ცხენი, მისი ეტლები და მისი მხედრები შუაგულ ზღვაში.
24და იყო, დილის სახმილავზე მოხედა უფალმა ეგვიპტელთა ბანაკს ცეცხლის და ღრუბლის სვეტიდან, და შეაძრწუნა ეგვიპტელთა ბანაკი.
25და მოაცილა თვლები მათ ეტლებს და მართავდნენ ისინი გაჭირვებით. და თქვეს ეგვიპტელებმა: „გავერიდოთ ისრაელს, რადგან უფალი მათი გულისათვის იბრძვის ეგვიპტელების წინააღმდეგ.“
26და უთხრა უფალმა მოსეს: „გაიწოდე ხელი ზღვაზე და მოიქცევიან წყლები ეგვიპტელებზე, მათ ეტლებზე და მათ მხედრებზე“
27და გაიწოდა მოსემ ხელი ზღვაზე, და მოიქცა ზღვა გამთენიისას თავის ადგილზე და გარბოდნენ ეგვიპტელნი მისკენ. და ჩაყარა უფალმა ეგვიპტელნი შუაგულ ზღვაში.
28და მოიქცა წყალი, და დაფარა ეტლები და მხედრები, და ფარაონი და მთელი ჯარი, რომლებიც კვალდაკვალ მიჰყვნენ ზღვაში. არ გადარჩენილა მათგან არც ერთი.
29ისრაელის ძენი მიდიოდნენ ხმელზე შუაგულ ზღვაში და წყალი კედლად ედგა მათ მარჯვნივ და მარცხნივ.
30და იხსნა უფალმა იმ დღეს ისრაელი ეგვიპტელთა ხელიდან და იხილა ისრაელმა დახოცილი ეგვიპტელები ზღვის პირას.
31და იხილა ისრაელმა ძლიერი ხელი, რომელიც მოავლინა უფალმა ეგვიპტელებზე, და შეეშინდა ხალხს უფლისა და ერწმუნნენ უფალსა და მოსეს, მის მსახურს.

Iliyochaguliwa sasa

გამ. 14: GEO02

Kuonyesha

Shirikisha

Nakili

None

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia