Chapa ya Youversion
Ikoni ya Utafutaji

გამ. 15

15
მოსესა და მირიამის გალობა
1მაშინ უგალობეს მოსემ და ისრაელის ძეთ ეს საგალობელი უფალს: „ვუგალობ უფალს, რადგან იგი ძლიერ განდიდდა. ცხენი და მხედარი ზღვაში ჩაყარა.
2ჩემი ძალა და გალობაა უფალი. ის მყავდა მხსნელად, იგია ჩემი ღმერთი, და განვადიდებ მას; ჩემი მამის ღმერთია და ავამაღლებ მას.
3უფალი მეომარია, უფალია სახელი მისი.
4ეტლები ფარაონისა და მისი ჯარი ზღვაში ჩაყარა და მისი რჩეული მხედართმთავარნი ჩაიძირნენ მეწამულ ზღვაში.
5დაფარა ისინი სიღრმემ, ჩაიძირენ ისინი სიღრმეში ლოდივით.
6მარჯვენა შენი, უფალო, განთქმულია ძალით, მარჯვენა შენი, უფალო, მტერს მუსრავს.
7და შენი დიდებულების სიდიადით ამხობ შენს წინააღმდეგ ამხედრებულებს. გზავნი შენს მძვინვარებას და ნამჯასავით გადაბუგავს მათ.
8და შენი ნესტოების სუნთქვაზე დაგროვდნენ წყლები, კედლად აღიმართნენ ღვარები, მორევები გამყარდა ზღვის გულში.
9თქვა მტერმა: ‘დავედევნები, დავეწევი, გავიყოფ ნადავლს. ამით აივსება ჩემი სული, ვიშიშვლებ მახვილს, მოსრავს მათ ჩემი ხელი.’
10შენ შეუბერე შენი სულით და ისინი ზღვამ დაფარა: ტყვიასავით ჩაიძირნენ ადიდებულ წყალში.
11ვინაა შენი სადარი ღმერთთა შორის, უფალო? ვინაა, შენი სადარი, სიწმინდით დიდებულო. საკვირველო ხოტბებით, მოქმედო სასწაულებისა?
12შენ გაიწოდე მარჯვენა შენი: პირი უყო მათ მიწამ.
13შენ წარმართავ შენი წყალობით ამ ხალხს, შენ რომ იხსენი. წინ გაუძეხი შენი ძალით შენი წმიდა სამყოფელისკენ.
14ისმინეს ხალხებმა და თრთიან, ძრწოლამ მოიცვა ფილისტიმის მცხოვრებნი.
15მაშინ შეძრწუნდნენ მთავრები ედომისა, მოაბის მთავრები აიტანა კანკალმა. შეკრთა ყველა მცხოვრები ქანაანისა.
16დაეცათ მათ შიში და ძრწოლა. შენი მკლავის სიდიადემ დაადუმა ისინი, როგორც ლოდი, სანამ გაივლიდეს შენი ხალხი, უფალო, სანამ გაივლიდეს ეს ხალხი, რომელიც შენ გამოისყიდე.
17მიიყვანე ის და დანერგე იგი შენს სამკვიდრებელ მთაზე, იმ ადგილზე, რომელიც შექმენ შენს დასავანებლად, უფალო, საწმიდარში, მეუფეო, რომელიც განამზადეს შენმა ხელებმა.
18უფალი იმეფებს უკუნითი უკუნისამდე.“
19როცა შევიდა ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებითურთ ზღვაში, მოაქცია უფალმა მათზე ზღვის წყალნი, ხოლო ისრაელის ძეთ გაიარეს მშრალზე შუაგულ ზღვაში.
20და აიღო მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, დაფდაფი ხელში და მიჰყვა ყველა ქალი უკან დაფდაფებითა და ფერხულით.
21და მიუგო მირიამმა: „უგალობეთ უფალს, რადგან ძალზე განდიდდა იგი. ცხენი და მხედარი ზღვაში ჩაყარა.“
22აჰყარა მოსემ ისრაელი მეწამული ზღვიდან, და გავიდნენ ისინი შურის უდაბნოსაკენ. და იარეს სამი დღე უდაბნოში და ვერ იპოვეს წყალი.
მოსე მწარე წყალს გაამტკნარებს
23და მივიდნენ მარას, და ვერ დალიეს წყალი მარაში, რადგან მწარე იყო ის. ამიტომ ეწოდა მას სახელად მარა.
24და დრტვინავდა ხალხი მოსეზე ასე: „რა დავლიოთ?“
25და შეღაღადა მოსემ უფალს, და უჩვენა მას უფალმა ძელი. და მან ჩააგდო იგი წყალში, და გაამტკნარა წყალი. იქ დაუდგინა ღმერთმა მას წესი და სამართალი, და იქ გამოსცადა იგი.
26და თქვა: „თუ გაგონებით გაიგონებ უფლის, შენი ღვთის ხმას და სწორად მოიქცევი მის თვალში და ყურად იღებ მის მცნებებს, დაიცავ მის ყოველ წესს, არ მოვავლენ შენზე არც ერთ სენს, რომელიც მე მოვავლინე ეგვიპტეზე, რადგან მე ვარ უფალი, შენი მკურნალი.
27და მივიდნენ ელიმში, და იქ იყო თორმეტი წყაროსთვალი და სამოცდაათი პალმის ხე, და დაიბანაკეს იქ, წყლის პირას.

Iliyochaguliwa sasa

გამ. 15: GEO02

Kuonyesha

Shirikisha

Nakili

None

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia