გამ. 13
13
პირმშოთა შეწირვა ისრაელში
1და უთხრა უფალმა მოსეს:
2„შემომწირე ყოველი პირმშო, ყოველი საშოს გამღები ისრაელის ძეთაგან, ადამიანთაგან ვიდრე პირუტყვამდე ჩემია იგი.“
3და უთხრა მოსემ ხალხს: „გახსოვდეთ ის დღე, როცა გამოხვედით ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან, რადგან ძლიერი ხელით გამოგიყვანათ თქვენ უფალმა იქედან. და არ ჭამოთ საფუარიანი.
4დღეს გამოდიხართ თქვენ, აბიბის თვეში.
5და იქნება, როცა შეგიყვანს შენ უფალი ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ხიველთა და იებუსეველთა ქვეყანაში, რომელთა გამოც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს, რომ მოგცემდა ქვეყანას, სადაც მოედინება რძე და თაფლი, შეასრულე ეს სამსახური ამ თვეში.
6შვიდი დღე ჭამე ხმიადი და მეშვიდე დღეს უფლის დღესასწაულია.
7ხმიადი ჭამეთ შვიდი დღე და ნუ გამოჩნდება შენთან საფუარიანი, და ნუ გამოჩნდება შენთან საფუარი მთელ შენს მიწა-წყალზე.
8და იმ დღეს ასე უთხარი შენს შვილს: ეს იმისთვის, რაც გამიკეთა უფალმა ეგვიპტიდან ჩემი გამოსვლისას.
9და გქონდეს ნიშნად ხელზე და თვალებს შორის სამახსოვროდ, რათა უფლის რჯული იყოს შენს ბაგეზე, რადგან ძლიერი ხელით გამოგიყვანა უფალმა ეგვიპტიდან.
10და დაიცავი ეს წესი თავის დროზე, წლიდან წლამდე.
11და იქნება, როცა შეგიყვანს უფალი ქანაანის ქვეყანაში, როგორც შემოგფიცათ შენ და შენს მამებს, და მოგცემს მას შენ, –
12გამოყავი ყოველი საშოს გამღები უფლისათვის და ყოველი პირუტყვის პირველმონაგებიდან, რომელიც შენ გეყოლება, მამალი, უფლისაა.
13და ყოველი პირველმოგებული სახედარი გამოისყიდე კრავით. და თუ არ გამოისყიდი, ქედი გადაუმტვრიე. და ყოველი პირმშო ადამიანისა, შენს ძეთაგან, გამოისყიდე.
14და როცა შეგეკითხება მერე შენი შვილი და გეტყვის: ‘რა არის ეს?’, მაშინ უთხარი მას: ‘ძლიერი ხელით გამოგვიყვანა ჩვენ უფალმა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან.
15და იყო, როცა ფარაონი გვაბრკოლებდა გამოსვლისგან, მოკლა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ადამიანის პირმშოდან პირუტყვის პირმშომდე. ამიტომ ვწირავ უფალს ყოველ პირველმოგებულ მამალს, ხოლო ყოველ ჩემს პირმშოს გამოვისყიდი.’
16და გქონდეს ნიშნად ხელზე და მონახაზად შენს თვალთა შორის, რადგან ძლიერი ხელით გამოგვიყვანა ჩვენ უფალმა ეგვიპტიდან.“
მოსე მიუძღვის ისრაელს
17და როცა გაუშვა ფარაონმა ხალხი, ღმერთმა არ წაიყვანა ისინი ფილისტიმელების ქვეყნის გზით, რადგან ახლოს იყო იგი, რადგან თქვა ღმერთმა: „რათა არ გადაიფიქროს ხალხმა ბრძოლის დანახვაზე და არ დაბრუნდეს ეგვიპტეში.“
18და შემოატარა ღმერთმა ხალხი უდაბნოს გზით მეწამული ზღვისაკენ. შეიარაღებულნი გამოვიდნენ ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან.
19და თან წამოიღო მოსემ იოსების ძვლები, რადგან იოსებს ფიცით დაფიცებული ჰყავდა ისრაელის ძენი: „როცა მოხედვით მოგხედავთ ღმერთი, თან წაიღეთ ჩემი ძვლები აქედან.“
20და აიყარნენ სუქოთიდან და დაიბანაკეს ყეთამში, უდაბნოს პირას.
21და უფალი უძღოდა მათ წინ დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად, ღამით კი ცეცხლის სვეტში გზის გასანათებლად, რათა ევლოთ დღითა და ღამით.
22არ მოშორებია ხალხს ღრუბლის სვეტი დღისით და ცეცხლის სვეტი ღამით.
Iliyochaguliwa sasa
გამ. 13: GEO02
Kuonyesha
Shirikisha
Nakili
Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002